Pages

Monday, January 30, 2017

„პედაგოგი ჩამოტარებით არ არის, ჩადგმით არის – ვინც კოლეგებთან არ თანამშრომლობს, სკოლიდან წავა“

ახალგაზრდა დაუსაქმებელი პედაგოგები, ჭაღარა მასწავლებლები და დაწინაურებულები იყვნენ სამიზნე ობიექტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მხრიდან პედაგოგებთან შეხვედრაზე.

ალექსანდრე ჯეჯელავამ უკმაყოფილება არ დამალა იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს და ახლა პრაქტიკოს კოლეგებს ზემოდან უყურებენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი პედაგოგები, რომლებიც კოლეგებთან ვერ თანამშრომლობენ, სკოლიდან წავლენ.

„მე პირობას ვდებ, რომ მასწავლებელი წავა სკოლიდან. ოღონდ 25 წლისაც წავა, 45-საც, 65-საც და 85-საც, ვინც ვერ ჩაატარებს კარგ გაკვეთილს. დარჩება ყველა, ვინც ჩაატარებს კარგ გაკვეთილს. ასაკთან ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს. სკოლიდან აუცილებლად წავა ის, ვინც წასასვლელია, ვინც კოლექტივთან ვერ თანამშრომლობს.

ადამიანმა, რომელმაც თავისი დაწინაურება გამოიყენა იმისთვის, რომ კოლექტივში “კუდი ყავარზე გაიდოს”, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, ის უნდა წავიდეს! არ შეიძლება. ეს არის კოლექტივის მიმართ უპატივცემულობა! ეს არის სირცხვილი. მან ბავშვებს რა უნდა ასწავლოს? ეს საქციელი?

სქემის შემოტანისას თავიდანვე უნდა ეთქვათ: „ჭკუით იყავით, ნერვები არ მოუშალოთ კოლექტივს, თორემ უკან დაგრჩებაც სქემაც, ჩინ–მენდლებიც და ჯინჯილებიც“.

მეორეს მხრივ, ეს რომ ვთქვი, ყველა პრაქტიკოსმა თქვა: აგაშენა ღმერთმა. ესენი გავყაროთ ყველანი და დავრჩებით ჩვენ ბედნიერად. ასეც არ უნდა გავაკეთოთ. მთავარი პედაგოგიური კოლექტივია. შეუძლებელია ფეხბურთის გუნდი შეაფასო სათითაო ფეხბურთელით. შეუძლებელია, რომ ოჯახი შეაფასო ერთი წევრით. ის ურთიერთობა, რაც არის ოჯახში, კოლექტივში, არის გადამწყვეტი“, – უთხრა მინისტრმა პედაგოგებს.

ალექსანდრე ჯეჯელავამ თავისი საუბრის დიდი ნაწილი იმ ახალგაზრდა მასწავლებლებს დაუთმო, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს, მაგრამ სკოლებში ვერ საქმდებიან. მინისტრი მათ მიმართ ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი.

„მე როცა მოვედი ამ თანამდებობაზე, მეუბნებოდნენ, რომ ათასობით ახალგაზდა პედაგოგს უნდა სკოლაში შესვლა, მაგრამ ვერ შედის, იმიტომ რომ აი, აქ თქვენ ვინც ხართ, იკავებთ მათ ადგილებს.

„მე ვთხოვე, ჩემს კოლეგებს, 10 ასეთი ახალგაზრდა სერტიფიცირებული პედაგოგის ნომერი ეშოვათ, ამ ათასობით პედაგოგიდან. მიშოვეს და დავურეკე. პედაგოგობის 10 მსურველს ველაპარაკე. 8-მ იცით, რა მითხრა? სანამ სხვა სამსახურს ვიშოვი, მანამ ვიმუშავებ სკოლაშიო. პედაგოგი ჩამოტარებით არ არის! ჩადგმით არის! ანუ ასე არ შეიძლება. სანამ უკეთეს სამსახურს იშოვი, მანამდე რომ გინდა სკოლაში მუშაობა. ჯერ სანამ აზრზე მოხვალ, სად მოხვდი, ერთი 2 წელი გავა. სანამ მიხვდები, რა „შარში“ გაეხვიე. სანამ მიხვდები, შენია ეს საქმე, თუ არა.

მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის ძალიან ბევრი ალტერნატივაა საკმაოდ კარგი სამსახურისთვის. თან ჩვენ არ გვჭირდება ადამიანი, რომელიც  დროებით არის აქ. რომელიც გაკვეთილების მერე ცდილობს, რომ სხვა სამსახური მოძებნოს და გაიქცეს. ის გულს ვერ ჩადებს ბავშვების მომზადებაში. ისინი ვერ გახდებიან მისი შვილები და შესაბამისად, ეს პროცესი არ წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს.

ის ათასობით ახალგაზრდა და ენერგიული პედაგოგი, რომელსაც უნდა სკოლაში მუშაობა, მითია. ეს არარეალურია. ჩვენ გვჭირდება ათასობით ახალგაზრდა პედაგოგი, განა არ გვჭირდება?! – უბრალოდ, დღეს არ გვყავს.

გამოდის, ახალგაზრდამ ჩააბარა რაღაც გამოცდა, რომელმაც რაღაცნაირად დართო ნება, რომ ვითომ პედაგოგია. რატომ არის პედაგოგი, გაუგებარია, ამ გამოცდის ჩაბარების შედეგად! საწყალი ახალგაზრდები. დგანან სიცივეში ქუჩაში, სულ ნარჩევი პედაგოგები თანაც! საიდან მოვიდნენ, არ ვიცით. ესენი კიდევ მათ ადგილს არ უთმობენ. ესეც ძალიან დიდი სირცხვილია!

წელს პირველად გავეცით გრანტები პედაგოგიური მიმართულებით. სულ 1000 კაცისთვის. ამ ათასიდან 4 წელიწადში ჩვენ 200-300  პედაგოგი გვეყოლება. ათასი სტუდენტიდან ათასივე პედაგოგი არ გამოვა და ის 200- 300 სტუდენტი ნამდვილად იქნება პედაგოგი. უნდა მოვიფიქროთ, რომ მათ ნამდვილად იპოვონ სამსახური.

იმის თქმა არ მინდა, რომ იმ გამოცდაჩაბარებულ ახალგაზრდებში არც ერთი არ ვარგა. იმ 10 კაცს რომ ველაპარაკე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ 2-ს ძალიან უნდოდა პედაგოგობა. დღესაც არის ხალხი, ვინც შემოსაშვებია სკოლაში და ნამდვილად უნდა პედაგოგობა და ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვიფიქროთ მეთოდი, როგორ დაგიმოწაფოთ გამოცდილ პედაგოგებს ახალგაზრდები. ჩემი  სურვილია, საუკეთესო სტუდენტებს მივცეთ საშუალება, მოსინჯონ. მოქმედ პედაგოგთან ერთად პარალელურ რეჟიმში. როგორ იმუშავებს, ამას დავინახავთ. ყოველ შემთხვევაში, ახლა ახალგაზრდა პედაგოგების შემოდინება არ გვაქვს“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება ასაკოვანი პედაგოგების მიმართ გამოხატა.

„ჩვენი სკოლის ფასადი მინდა, რომ იყოს ჭაღარა და ძალიან საყვარელი. ფასადში სინამდვილეში ვგულისხმობ ავანგარდს. ვისაც 40 წლის პედაგოგის გამოცდა მოაფიქრდა, სირცხვილია, იმიტომ რომ ჩვეულებრივი შეურაცხყოფაა. ჩვენ ვამბობთ, რომ გამოცდა არ უნდა ერქვას და ბარიერი არ უნდა იყოს. ჩაჭრის რისკი როცა ჰქონდა გამოცდას, ბევრმა პედაგოგმა არ გადაწყვიტა გასვლა. ახალი სქემით ყველაზე ცუდ შემთხვევაში გამოცდაზე გასული გამოხვალ ცოტა ქულით. ჩაჭრილი არც ერთ შემთხვევაში არ გამოხვალ. სამსახურის დაკარგვის საფრთხე არც ერთ შემთხვევაში არ გექნება. ახალი სქემით პრაქტიკოს მასწავლებელს აღარ აქვს სამსახურის დაკარგვის საფრთხე.

სად გართულდება ცხოვრება? შენარჩუნება ისეთივე რთული იქნება, როგორც მოპოვება. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება იქნება არჩევანი. რახან არავის ვუშვებთ სკოლიდან. მე ვეუბნები, შენ თუ გადაწყვიტე, რომ არ გინდა იწვალო და დარჩე პრაქტიკოს პედაგოგად, დარჩები პრაქტიკოს პრაქტიკოსად, 1 და 2-3 წლითაც. არ მოგემატება ხელფასი, თუ საერთო სახალხო მატება არ იქნება. დანამატები უფრო სწრაფად წავლენ, ვიდრე საბაზო ხელფასი. ვისაც სტატუსის ამაღლება არ უღირს, არ უღირს. მოკლედ დაძალება არ შეიძლება”, – თქვა ჯეჯელავამ.
edu,aris.ge

Thursday, January 26, 2017

შტორმი და ძლიერი თოვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

სპეციალისტები შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 5 ბალამდე შტორმს ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. შტორმი რამდენიმე დღე გაგრძელდება. ელიან ასევე ტემპერატურის მნიშვნელოვან დავარდნას. აჭარის მაღალმთიან ადგილებში კი თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
timesnews.ge

Tuesday, January 24, 2017

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

განათლების სახლი გთავაზობთ ზაზა ცოტნიაშვილის საავტორო კურსიდან "იყავი წარმატებული" ერთ საჯარო ლექციას უფროსკლასელებისთვის!

მსურველი სკოლები გამოგვეხმაურეთ:
ტელ.: 2 14 80 24, 599 201096
ელფოსტა: hedu.ge@gmail.com
ან მოგვწერეთ განათლების სახლის ფეისბუქის "ინბოქსში"


კურსი განიხილავს ცხოვრებაში მოტივაციის გაღვივებით წარმატებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებას ადამიანში!


ამ საიდუმლოს ცოდნა აუცილებელია სწორი და წარმატებული ცხოვრებისთვის, მაგრამ არ ისწავლება სკოლაში!


#იყავიწარმატებული #BeSuccessful
#განათლებისსახლი #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili


https://www.facebook.com/ZTsotniashvili/videos/vb.1216776646/10211554673721907/?type=3&theater

მასწავლებელთა განახლებული სქემა მთავრობამ დაამტკიცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა საქართველოს მთვარობის სხდომაზე 24 იანვარს დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, ძველი სქემა ძალადაკარგულად გამოცხადდა და მასწავლებლებს ახალი სქემის მიხედვით მოუწევთ სარგებლობა.
დღევანდელი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით 37 საკითხი განიხილეს, სადაც 25-ე განსახილველ საკითხად იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები ” მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის #68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”.
როგორც EDU.ARIS.GE –ს განათლების სამინისტროს იურისტმა დავით ლომინაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღეს მთავრობის სხდომაზე გატანილ განახლებულ დოკუმენტს დღის ბოლომდე ხელს პრემიერ–მინისტრი მოაწერს, შემდეგ კი ის ოფიციალურად გამოქვეყნდება და ამის შემდეგ შევა ძალაში.
ცისანა არის© შერგილაშვილი
edu.aris.ge

ვინ იქნება ახალი სქემით მასწავლებლის გარე დაკვირვების ჯგუფში და ვისი პასუხისმგებლობით გათავისუფლდება ის სკოლიდან

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გატანილი მასწავლებლის პროფესიული განვითარების განახლებული სქემა პრემიერ–მინისტრის ხელმოწერის შემდეგ უკვე ოფიციალურად ამოქმედდება. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე მინისტრის მოადგილე ლია გიგაური იყო მომხსენებელი.
სხდომის დასრულების შემდეგ მან მასწავლებელთა სქემის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კითხვებს უპასუხა:
რა შეიცვლება მასწავლებელთა სქემაში და ამის მიხედვით პედაგოგთა ცხოვრებაში?
-მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც ორიენტირებულია, როგორც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ასევე მასწავლებლებისთვის მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებაზე. რომ თითოეულმა მასწავლებელმა შეძლოს, თვითონ აირჩიოს ისეთი აქტივობები, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ სკოლაში, კონკრეტულ კლასთან სამუშაოდ უფრო ეფექტური იქნება და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საუკეთესო შედეგების მიღწევას და რაც მთავარია, მასწავლებელს მისცემს საშუალებას, სრულად მოახდინოს საკუთარი შემოქმედებითი თუ პროფესიული შესაძლებლობების რეალიზება.
გაფართოვდა სპექტრი, რომლის მიხედვითაც მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს აქტივობა, რომელშიც მას კრედიტქულები მიენიჭება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შეიცვალა თვითონ საგნის გამოცდის ცნება და საგნობრივი კომპეტენციების დადასტურება დაერქვა. დაემატა ასევე პროფესიული კომპეტენციის დადასტურება და თვითონ პროფესიული გამოცდის ცნების ნაცვლად, შემოვიდა პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ცნება და ორივე ამ პროცესს განახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა შეთავაზებული დამატებითი აქტივობების სპექტრი. დამატებითი აქტივობების დაგროვება მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა საწრეო, კლასგარეშე მუშაობაში, პროქტებზე. მათ შორის სოციალურმა პროექტებმა წამოიწია წინ.
გარე დაკვირვების კომპონენტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ასევე ჩართული იქნებიან სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თავის კომპეტენციას მანამდე დაადასტურებენ.
–გარე დაკვირება მხოლოდ იმისთვის იქნება საჭირო, რომ უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭოს?
–გარე დაკვირვება უწევს ყველა იმ მასწავლებელს, რომელსაც უნდა სტატუსი აიმაღლოს, ანუ არა – პრაქტიკოსს. გარე დაკვირვების კომპონენტი აქამდე განიხილებოდა როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან ვიდეოგადაღება და შემდეგ ამ მასალის გარჩევა. ალტერნატიული მეთოდები იქნა შეთავაზებული, თავად მეთოდოლოგია გამარტივდა, თუ როგორ მოხდება გარე დაკვირვება და ახლა საშუალება აქვს მასწავლებელს, რომ გარე დაკვირვება აირჩიოს სხვა ფორმით, არა გადაღების ფორმით, მას ესტუმრება შეფასების ჯგუფი და შემდეგ ამ გაკვეთილს შეაფასებს.
სქემის დოკუმენტში დაწვრილებით გაწერილია მეთოდოლოგია, როგორ უნდა მოხდეს გარე დაკვირვება გაკვეთილზე. შეფასების კრიტერიუმებიც ჩამოწერილია. აქ მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ განმახორციელებელი არ იქნება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ჩამონათვალი ვინ შეიძლება იყოს, ასევე მოცემულია სქემაში.
ძალიან კარგი ცვლილებაა, ასევე ის, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჩაებარებინა გამოცდა კონკრეტულ საგანში. ახლა ვადა სქემაში აღარ არის და ის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს მანამდე, ვიდრე არ გახდება უფროსი მასწავლებელი. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუ მასწავლებელი თავის ფუნქციას არ ასრულებს სკოლაში, დირექტორმა არ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში ეკისრება სკოლის დირექტორს.
–თუ არავის გაუშვებს სქემა სკოლიდან, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ვერ ჩაატარებს კარგ გაკვეთილს, ამის შეფასება როგორ უნდა მოხდეს? ან როგორ უნდა დაადასტუროს თავისი კომპეტენციები?
–როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ წინა სქემის მიხედვით გამოცდა აუცილებლად უნდა ჩაებარებინათ, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი – მოგეხსენებათ, რომ მასწავლებელთა კორპუსს გამოცდასთან დაკავშირებით აქვს ნეგატიური განწყობები, რამდენადაც თვლიან, რომ მათ უკვე აღებული აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ჩაბარებული აქვთ ყველა გამოცდა და მათთვის მიუღებელია, რომ გავიდნენ გამოცდაზე. ვინც გავიდა და ერთი ქულა დააკლდა, მათ მიაჩნდათ, რომ ეს ნეგატიურად აისახებოდა მათ პრესტიჟზე. ახლა ეს წნეხი მოხსნილია და ჩვენ კომპეტენციების დადასტურებაზე ვსაუბრობთ, შესაბამისი კრედიტქულა მიენიჭება მასწავლებელს. ამ მხრივ მას მოტივაცია ექნება, რომ იზრუნოს კომპეტენციების დადასტურებაზე. მოითხოვოს ისეთი ტრენინგი, რომლებიც მას სჭირდება კონკრეტულად. საბოლოოდ კი შედეგები უნდა აისახოს სასწავლო პროცესზე.
რაც შეეხება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ვერ ჩატარებას, თუ ასეთი შემთხვევაა, რომ კონკრეტული მასწავლებელი ვერ ატარებს გაკვეთილს, ვინც ამას აფიქსირებს შეიძლება იყოს მშობელი. მან აუცუილებლად უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს. შეიძლება ეს იყოს მოსწავლის, მშობლის სუბიექტური შეფასება. თუ ეს არის ობიექტურ კრიტერტიუმებზე დაყრდნობილი შეფასება, მაშინ ეს უნდა იცოდეს სკოლამაც და სწორედ ამიტომ გაჩნდა გადაწყვეტილება, რომ სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება. ანუ ეს ხდება არა სქემის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფარგლებში, არამედ თავისი თანამშრომლების საქმიანობის ხარისხს აფასებს უკვე სკოლის დირექტორი და მას, როგორც პასუხისმგებელ პირს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ევალება, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონით, მიიღოს შერსაბამისი გადაწყვეტილებები სკოლაში. ეს უნდა მოხდეს თვითონ სკოლის დონეზე და ამას არ უნა სჭირდებოდეს გარე შეფასება.
რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ამხელა მასწავლებელთა კორპუსზე, ყველას არ ექნება თანაბარი კომპეტენცია, მაგრამ თუ მასწავლებელი თავის მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს, ასეთ შემთხვევაში სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
–სქემას ახლდა 9 სხვადასხვა დოკუმენტი, რომელიც ახალი სქემის ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა, რატომ გაუქმდა ეს დოკუმენტები?
–ყველა ეს პროცედურა სქემის დოკუმენტშია, რაც სქემას ადვილად აღქმადს ხდის და ცალკე სხვა დოკუმენტები აღარ იქნება საჭირო.
–როდის წარუდგენთ ახალ სქემას პედაგოგებს?
–პირველ რიგში სქემის ახალი ვარიანტი წარედგინებათ ფასილიტატორებს. სქემით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა სკოლას, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც ჩართული შეიძლება იყოს  ამაში.
–და ბოლოს, როგორია პირადად თქვენი შეფასება განახლებულ სქემასთან დაკავშირებით?
–სქემა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. სქემის პილოტირების წელის მიერ გამოიკვეთა გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლეთა გამარტივება ძალიან ადვილად შეიძლებოდა, ასევე გამოიკვეთა ის, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს ნეგატიური დამოკიდებულება გაუჩნდათ სქემის მიმართ. ამ სამ წელთან დაკავშირებით. (როდესაც პედაგოგი ვალდებული იყო 3 წლის განმავლობაში ჩაებარებინა საგნის გამოცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას უწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება სკოლასთან და მის ადგილზე ცხადდებოდა ვაკანსია ავტ.) ზოგადად, ასეთი საკითხები დემოტივაციას ახდენს, თითქოს ჩაკეტილ რეჟიმში ელოდნენ იმას, რომ სკოლა დაეტოვებინათ. ეს ემოციური წნეხი იყო, რომელმაც რა თქმა უნდა, ცვლილებები გამოიწვია მათ დამოკიდებულებაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. ანუ, ნაკლებად ჰქონდათ განვითარების მოტივაცია და ვფიქრობთ, რომ კონკრეტულად ამ ცვლილებამ მასწავლებლებს მოუხსნა ემოციური დაძაბულობა და მისცა თითოეულ პედაგოგს მოტივაცია, რომ განვითარდეს, რაც აისახება სკოლაში სასწავლო პროცესზე და მოსწავლეების შედეგებზე.
მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებათა პაკეტი გამოქვეყნდა
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ალტერნატიული გზები განახლებულ სქემაში – მინისტრის განმარტება
რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“
ცისანა არის© შერგილაშვილი
edu.aris.ge

Monday, January 16, 2017

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს გარე მობილობას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს გარე მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

“მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა” (ქართულენოვანი) – 50 ადგილი (ბაკალავრიატი)
“მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა” (ქართულენოვანი) – 5 ადგილი (მაგისტრატურა)
“ჟურნალისტიკა” (რუსულენოვანი) – 10 ადგილი  (ბაკალავრიატი)
“ეკონომიკა”  - 100 ადგილი  (ბაკალავრიატი)
„ეკონომიკა “  - 20 ადგილი   (მაგისტრატურა)
„ევროპისმცოდნეობა“ – 20 ადგილი  (ბაკალავრიატი)
„ევროპისმცოდნეობა“ – 10 ადგილი  (მაგისტრატურა)
„საზოგადოებრივი ურთიერთობები“ – 50 ადგილი  (ბაკალავრიატი)
„საზოგადოებრივი ურთიერთობები“ -  10 (მაგისტრატურა)
„არქეოლოგია“ – 25 ადგილი (ბაკალავრიატი)
„არქეოლოგია“ – 5 ადგილი (მაგისტრატურა)
„თეოლოგია“ 5 ადგილი (დოქტორანტურა)


მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 იანვრიდან 02 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

 მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 07 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
ფაკულტეტის ხელმძღვანელს,

ასოც. პროფესორს, ეკატერინე შაკიაშვილს: 599 406 917

www.GTU.Ge

http://eqe.gov.ge/geo/news/show/53/1354

Sunday, January 15, 2017

თბილისში, ნასარიძეების ოჯახში ლადო ასათიანის უცნობი ლექსი და ფაქსიმილე აღმოჩნდა

ლადო ასათიანის უცნობი ლექსის ფაქსიმილე კომაროვის სკოლის მოსწავლემ ნიკუშა ნასარიძემ მისი აწ განსვენებული  ბაბუის, გურამ ნასარიძის არქივში აღმოაჩინა.
ლექსი “გალაკტიონს” 1939 წლით არის დათარიღებული . როგორც “ფოსტალიონს” ნიკუშა ნასარიძის ბებიამ. ლედი სვანიძემ განუცხადა, ლექსის შესახებ მხოლოდ ის ახსოვს, რომ ბ-ნ გურამს ის მისმა ებრაელმა მეგობარმა დაუტოვა ისრაელში საცხოვრებლად გადასვლის წინ.

გალაკტიონს

საქართველოში შენს გარდა მგოსანს 
დღეს ქების შაირს არ ვეტყვი არა!
შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა
და რომ არ გითხრა, ივარგებს განა?
ხან ამაყი ხარ, გულანათრთოლი
ხან კი ბავშვივით ხარ დარცხვენილი
ხან მოცახცახე ვერხვის ფოთოლი
შემოდგომისას ძირს დაცვენილი
რით გაგაკვირვო? რით გაქო? ბოლოს
ერთს გეტყვი მარტო შეგირდი შენი
ჩვენში მგოსანი შენა ხარ მხოლოდ 
რომ სიცოცხლე და ლექსები შვენის!


1939. ლადო ასათიანი

postalioni.com

სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი დამტკიცდა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების ახალი წესი დამტკიცდა, მისი წინამდებარე 2012 წელს მიღებული კი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ბრძანებას ხელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აწერს.
წესში მოცემულია სკოლისა და სამინისტროს როლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის, მისთვის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცედურისას.
რას გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი:
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, ეს წესი განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესსა და პირობებს.
საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრა
1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების მიხედვით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სექტორების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საჯარო სკოლა ვალდებულია სექტორების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.
4. ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების და სექტორების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია
1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის/ფორმების შესაბამისად.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ეტაპებზე საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. რეგისტრაცია ხორციელდება სამ ეტაპად:
ა) პირველ ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);
გ) მესამე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურს რომ ჩაირიცხოს მოსწავლე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციას ახორციელებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
6. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო სკოლაში.
7. რეგისტრაციის სამივე ეტაპის ვადის ამოწურვამდე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრაცია მართვის სისტემის მიერ რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით და ამავე ვადაში განახორციელოს ხელახალი რეგისტრაცია.
საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა
1. საჯარო სკოლა ვალდებულია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დოკუმენტების წარდგენიდან ორ სამუშაო დღეში განიხილოს დოკუმენტაცია და:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით დაადასტუროს, კანონმდებლობით დადგენილი, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება;
ბ) შეუსაბამო ან არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, დამატებით განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოფხვრისთვის, არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა;
გ) დასაბუთებული უარი განუცხადოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ.
3. საჯარო სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე.
4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლაში პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ავტომატურად უქმდება რეგისტრაცია.
მოსწავლის სტატუსის შეჩერება
1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;
ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე.
3. სკოლა ვალდებულია, მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
4. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის პირად საქმეში არსებული მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი (არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით, ხოლო პირად საქმეში რჩება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი.
მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა
1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.
5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

ინფორმაცია კერძო სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის წესსა და სამინისტროს როლზე დეტალურად იხილეთ ბმულზე

სროლა გორის ცენტრში - ბიზნესმენი საკუთარ ოფისში ჩაცხრილეს


გორში ბიზნესმენი ჩაცხრილეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ქალაქის ცენტრში წერეთლის ქუჩაზე, ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის, გოგიჩაიშვილების წარმომადგენელი გურამ გოგიჩაიშვილი საკუთარ ოფისში მოკლეს. მოკლულის ძმა გორში გავლენიანი პირი, ბორია გოგიჩაიშვილია. მას საკუთარი ბიზნესი და რამდენიმე ქარხანა აქვს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს. 

Friday, January 13, 2017

ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ – ჯეჯელავა

“განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა” – ამ სახელწოდების პრეზენტაცია გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
“დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება, მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი.
აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო UNICEF-თან ერთად მუშაობს. ყველა მოქალაქეს შეუძლია სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს და აცნობოს ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო სკოლებში ვერ დადიან.
პროგრამაში ჩაერთვება ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება ბავშვი ქუჩაში ცხოვრობდეს და სკოლაში ვერ დადიოდეს, ან ადრეული ქორწინების გამო ვერ მოახერხა სკოლის დამთავრება. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის – მოქალაქემ, რომელმაც ვერ მოახერხა სასკოლო განათლებს მიღება თავის დროზე, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში. ასეთი ადამიანებისთვის ინდივიდუალური პროგრამები იქნება, ისინი არ ისხდებიან უმცროს კლასელებთან ერთად. მომავალში ტექნოლოგიურ სწავლებას გამოვიყენებთ და დისტანციური სწავლება იქნება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, პირველ რიგში, მოხდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც არ დადიან სკოლებში;
შესაძლებელი გახდება იმ მოსწავლეების დროული აღმოჩენა და პრევენცია, რომლებმაც ოჯახური თუ სხვა პირობების გამო, შეიძლება ვერ დაამთავრონ სავალდებულო 9 კლასი; ამოქმედდება სასწავლო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის; სავალდებულო 9 კლასის ატესტატის არმქონე პირებისთვის შემუშავდება ზოგადი განათლების ისეთი პროგრამები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა გახდება.

Friday, January 6, 2017

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრის ბრძანება #68 ძალაშია ხელმოწერისთანავე

იხილეთ ბრძანება და დამტკიცებული პროგრამები

Tuesday, January 3, 2017

მინისტრის ბრძანება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №176/ნ
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი,  №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1.  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო  დასრულების თარიღად  - 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი.“.
2. მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
4. ზამთრის არდადეგები განისაზღვროს 30 დეკემბერიდან  15 იანვრამდე.
5. საგაზაფხულო არდადეგები განისაზღვროს 8 მარტიდან 15 მარტამდე.“.
3. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51) ზაფხულის არდადეგები განისაზღვროს 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა

Monday, January 2, 2017

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანებაში ცვლილება 1 იანვრიდან უკვე ძალაშია

საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანებაში ცვლილება 1 იანვრიდან უკვე ძალაშია.
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილებას ხელს აწერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
როგორც ცნობილი იყო, ცვლილება პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლლების ანაზღაურებას უნდა შეხებოდა.
ბრძანებაში ვკითხულობთ:
1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:
ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 320 ლარით;
ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 500 ლარით;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 700 ლარით.“
2. მე-13 მუხლი:
) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (542.70 +141.75+320.00=1,004.45 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1,004.45 ლარს.“
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)   542.70+320.00= 862.70 ლარი;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 862.70+141.75=1,004.45 ლარი.“
მასწავლებლის ხელფასი სერტიფიცირებაზე იყოს დამოკიდებული და არა დატვირთვაზე – ოპოზიციის მოთხოვნა მინისტრს
,,2017 წლის იანვრის ცვლილების შედეგდეგად, ყველაზე მაღლი საფეხურის პედაგოგებს ხელფასი ექნებათ 1 100 ლარი”
რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან