Pages

Thursday, November 12, 2015

თავად უნდა შევქმნათ ჩვენი შვილების მომავალი

სხვა დედების მსგავსად, მეც სითბოთი და ბედნიერებით ამავსო ჩემი შვილის დაბადებამ. უზომო სიხარულს მგვრიდა მისი სიცილი, პატარა თბილი ხელები, პირველი ნაბიჯები, პირველი კბილი. მაგრამ ოთხი წელი ველოდი მის ლაპარაკს. შემდგომ იყო ექიმთან ვიზიტი და დიაგნოზი: მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენა, ეპილეფსია, აუტისტური სპექტრის აშლილობა.

მივხვდი, რომ დანებება ჩემი შვილის მომავალზე უარის თქმას ნიშნავდა. უფლის წყალობით და დედაჩემის თანადგომით ვიპოვე ჩემს თავში ძალა და დავიწყეთ ფსიქონევროლოგთან სიარული. ამ პერიოდში იყო ბევრი ცრემლი, შიში, სასოწარკვეთა, რადგან ბავშვის გულყრებს ვუყურებდი და ვერაფერს ვშველიდი. იყო შეურაცხყოფის და წყენის დიდი ,,ულუფები’’, რომლითაც საზოგადოების ნაწილი და ნათესავებიც კი გულუხვად ,,მიმასპინძლდებოდნენ’’. ასეთ მდგომარეობაში ყველა ჩვენთაგანი აღმოჩენილა და ამაში ლომის წილი სახელმწიფოს მიუძღვის! ინფორმაციის ნაკლებობიდან დაწყებული, პირადი სოციალური სიდუხჭირით დამთავრებული, ყველა პრობლემა ერთად ,,უვიცობას’’ და ,,გულქვობას’’ იწვევს.

ფსიქონევროლოგის შემდგომ, მალევე მივედით დღის ცენტრში, სადაც თბილი, მშვიდი და სიყვარულით გაჯერებული გარემოა, თავისუფლად ვუწოდებ მათ მეორე ოჯახს. მადლობა მათ თანადგომისთვის. 2008 წელს ჩემი ბიჭი პირველ კლასში წავიდა, მოხვდა არაჩვეულებრივად აღზრდილ ბავშვებში. კარგი მშობლების კარგად აღზრდილ ბავშვებში. აი მასწავლებლების მხრივ კი ასე არ გაუმართლა. მხოლოდ ერთეულები იჩენენ სათანადო გულისხმიერებას და პირნათლად ასრულებენ ნაკისრ მოვალეობებს. ფრაზას - ,,კარგი ბიჭია, წყნარად ზის’’ - არანაირი სიმშვიდე არ მოაქვს ჩემთვის. ნუთუ მხოლოდ იმიტომ დადის ბავშვი სკოლაში რომ ,,წყნარად იჯდეს?!’’ თუ  განსხვავებულია და გაკვეთილი არ უნდა გამოკითხონ?!

ეს ხდება  იმ ფონზე, როდესაც ბავშვი არაჩვეულებრივად ითვისებს უცხო ენებს, დამოუკიდებლად მოიხმარს კომპიუტერულ მოწყობილობებს და ა.შ დარწმუნებული ვარ, თქვენს შვილებსაც აქვთ ნიჭი და შესაძლებლობა, რომელიც მშობლის და მასწავლებლის თანამშრომლობის შედეგად უნდა გაიხსნას და განვითარდეს. მაგალითად, დღის ცენტრმა მოიწვია რეჟისორი, დაიდგა სპექტაკლი ,,წუნა და წრუწუნა,, სადაც ჩემს შვილთან ერთად არაჩვეულებრივი ბავშვები თამაშობდნენ. მათი თანამშრომლობა მომავალშიც გრძელდება.

ჩვენს შვილებს ზრუნვა სჭირდებათ, განუწყვეტლივ სითბოს და სიყვარულის გამოხატვა, რათა იგრძნონ, რომ ისინი უყვართ და უფრთხილდებიან. ამ ყველაფერს კი დრო და ფინანსები სჭირდება. იმის გამო, რომ ბავშვი მუდმივ ყურადღებას საჭიროებს, სამსახურის საკითხი არც კი განიხილება. სამწუხაროდ, არც სახელმწიფო განიხილავს ჩვენთვის ე.წ. ,,მეურვის პენსიის’’ დანიშვნის შესაძლებლობას. 

ალბათ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლის გულის ტკივილს შევეხე, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, ჩვენ თავადვე უნდა შევუქმნათ ჩვენს შვილებს საუკეთესო მომავალი! ერთმანეთის თანადგომით და გაძლიერებით! ზოგჯერ მხოლოდ სიტყვითაც კი შეიძლება ადამიანის რთული მდგომარეობიდან გამოყვანა!

შენიშვნა: ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ,,მშობელთა საინფორმაციო ცენტრის'' პოზიცია.

No comments:

Post a Comment