Pages

Friday, March 18, 2016

აკადემიურმა საბჭომ რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო




დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ თვითმმართველობასა და აკადემიური საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა შედგა.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტირებისას განცხადეს, რომ 16 მარტს აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობის მოთხოვნით  რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს. რაც ნიშნავს იმას, რომ აკადემიურმა საბჭომ რექტორის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში შეიტანა. იმპიჩმენტის საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა.
რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა 3-ეტაპიანია. საბჭოს წევრთა განცხადებით, ისინი ახლა მეორე, მოკვლევის ეტაპზე არიან. მოკვლევის ეტაპის დასრულების შემდეგ საბჭო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბება და კენჭს უყრის რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საბჭოში ახლა სულ 11 წევრია. ორმა წევრმა (მარიამ გერსამიამ და გიორგი გოგსაძემ საბჭო დატოვეს), ერთი წევრი კი დეკანი გახდა და ამის გამო შეუწყდა საბჭოს წევრის სტატუსი.
აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრის რამაზ ქურდაძის განცხადებით, ორშაბათს თვითმმართველობის წევრები მათ თავიანთ დასაბუთებულ პოზიციას მიაწვდიან იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფიქრობენ, რომ რექტორის იმპიჩმენტის საკითხს კენჭი აკადემიურმა საბჭომ უნდა უყაროს.
"რაც შეეხება რექტორის მოვალეობის ვადამდე შეწყვეტას, ეს საკითიხი უკვე დაისვა 16 მარტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე. მიმდინარეობს მოკვლევა, რასაც  სჭირდება დრო. ამაში ჩაერთვებიან შესაბამისი სამსახურები. რაც მთავარია ეს საქმიანობა წარიმართება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად" - განუცხადა ქურდაძემ მედიას.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის ჩატარება, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. ასევე ისინი თვლიან, რომ თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერისტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქციები შეწყვიტეს, თუმცა რექტორის გადადგომის საკითხი ძალაში დატოვეს.
შენიშვნა:ახალი ამბის თავდაპირველი სათაური იყო- "აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა რექტორის იმპიჩმენტის საკითხსს კენჭი უყაროს". გაკეთდა ჩასწორება, ვინაიდან, სამართლებრივი საფუძვლების ვერმოძიების შემთხვევაში, რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა შესაძლოა კენჭისყრამდე(მესამე ეტაპამდე) არ მივიდეს. 
liberali.ge

No comments:

Post a Comment