Pages

Monday, August 1, 2016

2017 წელს საქართველოში 26 სპორტული კომპლექსი აშენდება

საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას 28 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი.
2017 წელს სპორტული კომპლექსები აშენდება თბილისსა და რეგიონებში:
• მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში;
• ჭიდაობის სახლი და სპორტული მედიცინის ცენტრი თბილისში (მშენებლობა დაიწყება 2017 წლის თებერვალში მთავრობასთან შეთანხმებით);
• 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს. უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის გაჯანსაღებაში. კანადური და სლოვაკური ინვესტიციით მშენებლობა გაგრძელდება 1 წელი და დასრულდება 2017 წლის ივნისში. თანხის გადახდა განხორციელდება 2016-2021 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს კონტრაქტორის სახსრებით 2017 წლის მაისამდე. მშენებლობებზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ სპორტულ ობიექტებზე გაჩნდება სამუშაო ადგილები.

2017 წელს, საქართველო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში, ასევე მსოფლიოს 19- წლამდელთა ჩემპიონატს ხელბურთში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში და სხვა. განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობას, ასევე საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე, სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიების მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც ქართული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. შედეგად, სპორტული ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზების თვალსაზრისით, საქართველო პრაქტიკულად ჩამოყალიბდა წამყვან სპორტულ რეგიონულ ცენტრად.

No comments:

Post a Comment