Saturday, September 10, 2016

როგორ უნდა გაუზარდოთ ბავშვებს სწავლის მიმართ მოტივაცია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ყველა მშობელს სურს შვილებს სწავლის მიმართ ინტერესი  გაუღვიძოს და მოტივაცია გაუზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად  სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მისი აკადემიური წარმატება თუ წარუმატებლობა სახლის გარემოზეც არის დამოკიდებული. როგორც „ფორტუნას“ ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგმა, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანმა, თამარ გაგოშიძემ განუცხადა, მშობლების და მასწავლებლების მიდგომა დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე.
რა ასაკიდან უნდა იზრუნოთ ბავშვისთვის  სწავლის მიმართ ინტერესის გაზრდაზე?
თამარ გაგოშიძის განცხადებით, შესაბამისი სამოტივაციო სიტუაციის შექმნა ბავშვისთვის მცირე ასაკიდან არის მნიშვნელოვანი. ფსიქოლოგმა 2 კატეგორიის  მშობლებზე ისაუბრა.  მშობლების ნაწილი მხოლოდ მაშინ აქცევს ბავშვს ყურადღებას, როდესაც ის აშავებს, ხოლო კარგად მოქცევის ან დავალების შესრულების შემთხვევაში რეაგირებას არ ახდენენ. ასეთ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ მხოლოდ მინუს ნიშნით ხდება მისი შეფასება. რაც შეეხება მშობლების მეორე კატეგორიას,  ასეთი მშობელი სულ აქებს საკუთარ შვილს და ეუბნება, რომ „ყველაზე მაგარია და ყველაფერი შეუძლია“. ფსიქოლოგი აცხადებს, რომ ორივე მიდგომა არასწორია.
 რამდენად ამართლებს ბავშვთან ურთიერობისას მკაცრი მიდგომა?
თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ მშობლები ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებით რბილები უნდა იყვნენ. მკაცრი დამოკიდებულება სწავლისადმი ნეგატივს ქმნის. „ მკაცრი დამოკიდებულების დროს, მშობლები ხშირად უარყოფით შეფასებებზე გადადიან. ბავშვს არ უნდა უთხრათ კარგია ის თუ ცუდი, არამედ უნდა შეაქოთ, როდესაც კარგად გააკეთებს დავალებას“ – განაცხადა ფსიქოლოგმა.
 როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ დაბალი თვითშეფასება არ ჩამოუყალიბდეს?
სუსტი ბავშვი არ არსებობს. თუ ბავშვს არ აინტერესებს რომელიმე საგანი, ეს არა ბავშვის, არამედ პედაგოგის და მშობლის დამოკიდებულამ განაპირობა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მასწავლებლებს აქვთ დამოკიდებულება და ტონი, რომელსაც ბავშვი გრძნობს და მას უჩნდება თვითშეფასება ამა თუ იმ საგანთან დაკავშირებით. დაბალი თვითშეფასება ბავშვს სწავლის მიმართ ინტერესს უქვეითებს. ფსიქოლოგის თქმით, ბავშვისთვის ლეგიტიმური უნდა იყოს შეცდომა.
“ ნორმალური სკოლა ორიენტირებულია საშუალო მოსწავლეზე, სკოლამ მას მოტივაცია უნდა შეუქმნას და ბავშვს არ უნდა შეეშინდეს კითხვის დასმის ან პასუხის გაცემის. ეს გარემოება სწორედ მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შექმნან. მასწავლებლებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვების ერთმანეთისგან შედარებისგან. ბავშვის შედარება შეიძლება მხოლოდ მისსავე თავთან. მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება, ეს არ არის კარგი, სწორედ  ეს ფაქტორი უგდებს ბავშვს მოტივაციას “ – განაცხადა ფსიქოლოგმა.
როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდოს და რა როლი აქვს სკოლას ამ პროცეში, 7 რჩევას თამარ გაგოშიძე მოგცემთ.
  1. ბავშვის შეცდომა უნდა იყოს ლეგიტიმური. უფროსების იმედგაცრუება ბავშვისთვის ტრაგედიის ტოლფასია,  მასწავლებელი და მშობელი კი მისთვის ავტორიტეტია. ბავშვმა მშობლისგან უნდა გაიგოს, რომ შეცდომის დაშვება არ არის სირცხვილი.
  2. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ყოველთვის პირველი ვერ იქნება. მან უნდა იცოდეს, რომ ყველას განსხვავებული უნარი აქვს.
  3. თავი შეიკავეთ სწავლასთან დაკავშირებით შეფასებისა და მწვავე რეპლიკებისგან. აუცილებელია ბავშვის წახალისება დამოუკიდებლობისთვის. ასევე აუხსენით, რომ თუ დახმარება დასჭირდება, შეუძლია თქვენ მოგმართოთ.
  4. დავალების შემოწმებისას აღნიშნეთ, რა გააკეთა კარგად და ამის მერე აუხსენით, რა შეეშალა. ამისთვის სწორი ფორმა მოძებნეთ, შეცდომის იგნორირება არ შეიძლება.
  5. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ტონსა და ინტონაციას, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის მოტივაციას.
  6. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ უნდა იყოს პირველი და ყველას უნდა აჯობოს, ბავშვს ყოველთვის სურს მშობელს და მასწავლებელს ასიამოვნოს, ასეთი მოთხოვნა კი უარყოფითად აისახება მის ემოციურ სფეროსა და თვითშეფასებაზე.
  7. აუცილებელია ყოველთვის დაინახოთ და აღნიშნოთ ბავშვის ქცევა და ძალისხმევა, მხოლოდ მინუსებზე აქცენტი არ გააკეთოთ.
fortuna.ge

No comments:

Post a Comment