Pages

Tuesday, January 24, 2017

ვინ იქნება ახალი სქემით მასწავლებლის გარე დაკვირვების ჯგუფში და ვისი პასუხისმგებლობით გათავისუფლდება ის სკოლიდან

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გატანილი მასწავლებლის პროფესიული განვითარების განახლებული სქემა პრემიერ–მინისტრის ხელმოწერის შემდეგ უკვე ოფიციალურად ამოქმედდება. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე მინისტრის მოადგილე ლია გიგაური იყო მომხსენებელი.
სხდომის დასრულების შემდეგ მან მასწავლებელთა სქემის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კითხვებს უპასუხა:
რა შეიცვლება მასწავლებელთა სქემაში და ამის მიხედვით პედაგოგთა ცხოვრებაში?
-მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც ორიენტირებულია, როგორც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ასევე მასწავლებლებისთვის მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებაზე. რომ თითოეულმა მასწავლებელმა შეძლოს, თვითონ აირჩიოს ისეთი აქტივობები, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ სკოლაში, კონკრეტულ კლასთან სამუშაოდ უფრო ეფექტური იქნება და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საუკეთესო შედეგების მიღწევას და რაც მთავარია, მასწავლებელს მისცემს საშუალებას, სრულად მოახდინოს საკუთარი შემოქმედებითი თუ პროფესიული შესაძლებლობების რეალიზება.
გაფართოვდა სპექტრი, რომლის მიხედვითაც მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს აქტივობა, რომელშიც მას კრედიტქულები მიენიჭება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შეიცვალა თვითონ საგნის გამოცდის ცნება და საგნობრივი კომპეტენციების დადასტურება დაერქვა. დაემატა ასევე პროფესიული კომპეტენციის დადასტურება და თვითონ პროფესიული გამოცდის ცნების ნაცვლად, შემოვიდა პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ცნება და ორივე ამ პროცესს განახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა შეთავაზებული დამატებითი აქტივობების სპექტრი. დამატებითი აქტივობების დაგროვება მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა საწრეო, კლასგარეშე მუშაობაში, პროქტებზე. მათ შორის სოციალურმა პროექტებმა წამოიწია წინ.
გარე დაკვირვების კომპონენტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ასევე ჩართული იქნებიან სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თავის კომპეტენციას მანამდე დაადასტურებენ.
–გარე დაკვირება მხოლოდ იმისთვის იქნება საჭირო, რომ უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭოს?
–გარე დაკვირვება უწევს ყველა იმ მასწავლებელს, რომელსაც უნდა სტატუსი აიმაღლოს, ანუ არა – პრაქტიკოსს. გარე დაკვირვების კომპონენტი აქამდე განიხილებოდა როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან ვიდეოგადაღება და შემდეგ ამ მასალის გარჩევა. ალტერნატიული მეთოდები იქნა შეთავაზებული, თავად მეთოდოლოგია გამარტივდა, თუ როგორ მოხდება გარე დაკვირვება და ახლა საშუალება აქვს მასწავლებელს, რომ გარე დაკვირვება აირჩიოს სხვა ფორმით, არა გადაღების ფორმით, მას ესტუმრება შეფასების ჯგუფი და შემდეგ ამ გაკვეთილს შეაფასებს.
სქემის დოკუმენტში დაწვრილებით გაწერილია მეთოდოლოგია, როგორ უნდა მოხდეს გარე დაკვირვება გაკვეთილზე. შეფასების კრიტერიუმებიც ჩამოწერილია. აქ მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ განმახორციელებელი არ იქნება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ჩამონათვალი ვინ შეიძლება იყოს, ასევე მოცემულია სქემაში.
ძალიან კარგი ცვლილებაა, ასევე ის, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჩაებარებინა გამოცდა კონკრეტულ საგანში. ახლა ვადა სქემაში აღარ არის და ის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს მანამდე, ვიდრე არ გახდება უფროსი მასწავლებელი. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუ მასწავლებელი თავის ფუნქციას არ ასრულებს სკოლაში, დირექტორმა არ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში ეკისრება სკოლის დირექტორს.
–თუ არავის გაუშვებს სქემა სკოლიდან, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ვერ ჩაატარებს კარგ გაკვეთილს, ამის შეფასება როგორ უნდა მოხდეს? ან როგორ უნდა დაადასტუროს თავისი კომპეტენციები?
–როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ წინა სქემის მიხედვით გამოცდა აუცილებლად უნდა ჩაებარებინათ, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი – მოგეხსენებათ, რომ მასწავლებელთა კორპუსს გამოცდასთან დაკავშირებით აქვს ნეგატიური განწყობები, რამდენადაც თვლიან, რომ მათ უკვე აღებული აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ჩაბარებული აქვთ ყველა გამოცდა და მათთვის მიუღებელია, რომ გავიდნენ გამოცდაზე. ვინც გავიდა და ერთი ქულა დააკლდა, მათ მიაჩნდათ, რომ ეს ნეგატიურად აისახებოდა მათ პრესტიჟზე. ახლა ეს წნეხი მოხსნილია და ჩვენ კომპეტენციების დადასტურებაზე ვსაუბრობთ, შესაბამისი კრედიტქულა მიენიჭება მასწავლებელს. ამ მხრივ მას მოტივაცია ექნება, რომ იზრუნოს კომპეტენციების დადასტურებაზე. მოითხოვოს ისეთი ტრენინგი, რომლებიც მას სჭირდება კონკრეტულად. საბოლოოდ კი შედეგები უნდა აისახოს სასწავლო პროცესზე.
რაც შეეხება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ვერ ჩატარებას, თუ ასეთი შემთხვევაა, რომ კონკრეტული მასწავლებელი ვერ ატარებს გაკვეთილს, ვინც ამას აფიქსირებს შეიძლება იყოს მშობელი. მან აუცუილებლად უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს. შეიძლება ეს იყოს მოსწავლის, მშობლის სუბიექტური შეფასება. თუ ეს არის ობიექტურ კრიტერტიუმებზე დაყრდნობილი შეფასება, მაშინ ეს უნდა იცოდეს სკოლამაც და სწორედ ამიტომ გაჩნდა გადაწყვეტილება, რომ სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება. ანუ ეს ხდება არა სქემის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფარგლებში, არამედ თავისი თანამშრომლების საქმიანობის ხარისხს აფასებს უკვე სკოლის დირექტორი და მას, როგორც პასუხისმგებელ პირს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ევალება, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონით, მიიღოს შერსაბამისი გადაწყვეტილებები სკოლაში. ეს უნდა მოხდეს თვითონ სკოლის დონეზე და ამას არ უნა სჭირდებოდეს გარე შეფასება.
რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ამხელა მასწავლებელთა კორპუსზე, ყველას არ ექნება თანაბარი კომპეტენცია, მაგრამ თუ მასწავლებელი თავის მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს, ასეთ შემთხვევაში სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
–სქემას ახლდა 9 სხვადასხვა დოკუმენტი, რომელიც ახალი სქემის ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა, რატომ გაუქმდა ეს დოკუმენტები?
–ყველა ეს პროცედურა სქემის დოკუმენტშია, რაც სქემას ადვილად აღქმადს ხდის და ცალკე სხვა დოკუმენტები აღარ იქნება საჭირო.
–როდის წარუდგენთ ახალ სქემას პედაგოგებს?
–პირველ რიგში სქემის ახალი ვარიანტი წარედგინებათ ფასილიტატორებს. სქემით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა სკოლას, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც ჩართული შეიძლება იყოს  ამაში.
–და ბოლოს, როგორია პირადად თქვენი შეფასება განახლებულ სქემასთან დაკავშირებით?
–სქემა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. სქემის პილოტირების წელის მიერ გამოიკვეთა გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლეთა გამარტივება ძალიან ადვილად შეიძლებოდა, ასევე გამოიკვეთა ის, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს ნეგატიური დამოკიდებულება გაუჩნდათ სქემის მიმართ. ამ სამ წელთან დაკავშირებით. (როდესაც პედაგოგი ვალდებული იყო 3 წლის განმავლობაში ჩაებარებინა საგნის გამოცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას უწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება სკოლასთან და მის ადგილზე ცხადდებოდა ვაკანსია ავტ.) ზოგადად, ასეთი საკითხები დემოტივაციას ახდენს, თითქოს ჩაკეტილ რეჟიმში ელოდნენ იმას, რომ სკოლა დაეტოვებინათ. ეს ემოციური წნეხი იყო, რომელმაც რა თქმა უნდა, ცვლილებები გამოიწვია მათ დამოკიდებულებაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. ანუ, ნაკლებად ჰქონდათ განვითარების მოტივაცია და ვფიქრობთ, რომ კონკრეტულად ამ ცვლილებამ მასწავლებლებს მოუხსნა ემოციური დაძაბულობა და მისცა თითოეულ პედაგოგს მოტივაცია, რომ განვითარდეს, რაც აისახება სკოლაში სასწავლო პროცესზე და მოსწავლეების შედეგებზე.
მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებათა პაკეტი გამოქვეყნდა
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ალტერნატიული გზები განახლებულ სქემაში – მინისტრის განმარტება
რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“
ცისანა არის© შერგილაშვილი
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment