წესში მოცემულია სკოლისა და სამინისტროს როლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის, მისთვის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცედურისას.
რას გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი:
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, ეს წესი განსაზღვრავს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) მოსწავლის
ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესსა და პირობებს.საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრა
1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების მიხედვით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სექტორების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საჯარო სკოლა ვალდებულია სექტორების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.
4. ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების და სექტორების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია
1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის/ფორმების შესაბამისად.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ეტაპებზე საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. რეგისტრაცია ხორციელდება სამ ეტაპად:
ა) პირველ ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);
გ) მესამე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურს რომ ჩაირიცხოს მოსწავლე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციას ახორციელებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
6. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო სკოლაში.
7. რეგისტრაციის სამივე ეტაპის ვადის ამოწურვამდე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრაცია მართვის სისტემის მიერ რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით და ამავე ვადაში განახორციელოს ხელახალი რეგისტრაცია.
საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა
1. საჯარო სკოლა ვალდებულია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დოკუმენტების წარდგენიდან ორ სამუშაო დღეში განიხილოს დოკუმენტაცია და:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით დაადასტუროს, კანონმდებლობით დადგენილი, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება;
ბ) შეუსაბამო ან არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, დამატებით განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოფხვრისთვის, არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა;
გ) დასაბუთებული უარი განუცხადოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ.
3. საჯარო სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე.
4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლაში პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ავტომატურად უქმდება რეგისტრაცია.
მოსწავლის სტატუსის შეჩერება
1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;
ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე.
3. სკოლა ვალდებულია, მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
4. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის პირად საქმეში არსებული მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი (არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით, ხოლო პირად საქმეში რჩება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი.
მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა
1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.
5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
ინფორმაცია კერძო სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის წესსა და სამინისტროს როლზე დეტალურად იხილეთ ბმულზე
No comments:
Post a Comment