Pages

Wednesday, February 15, 2017

თურქეთი საქართველოსგან ფეთულა გულენის სკოლების გადაცემას ითხოვს

ბათუმში, რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლისთვის აკრედიტაციის შეჩერების შემდეგ, კიდევ უფრო ბუნდოვანია თურქი თეოლოგისა და მქადაგებლის ფეთულა გულენის მოძრაობა „ჰიზმეთის“, ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის მომავალი საქართველოში. ეს ქსელი ჩვენი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, ერთ უნივერსიტეტსა და ექვს საშუალო სკოლა-ლიცეუმს მოიცავს.
თურქეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ მის მიერ ტერორისტად შერაცხული გულენის ქსელის უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაციას გეგმავს. ამ მიზნით, თურქეთის პარლამენტმა შარშან „მაარიფის ფონდი“ (Maarif Foundation) დაარსა.
ხისტი დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ, სწორედ ამ სახელმწიფო ფონდის მმართველობაში გადავიდა, გულენის ქსელის სკოლები აფრიკისა და აზიის რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის პაკისტანში, სომალიში, სუდანში, გვინეასა და გაბონში.
ახალი სამიზნე საქართველოა. კონკრეტულად კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი IBSU და დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რომლებიც თავის მხრივ კიდევ ექვსი სკოლის თანადამფუძნებლები არიან. ანკარის ზეწოლით, ამ სკოლებში ერთ დღეს თურქი დირექტორები საქართველოს მოქალაქეებით შეცვალეს.
ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადემ ონალზე და რექტორ ილიას ჩილოღლუზე კი თურქეთის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული და ანკარა მათ გადაცემას ითხოვს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს. ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, თურქოლოგი ემზარ მაკარაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჩაღლარის ქსელის თურქეთისთვის გადაცემა ან დახურვა საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულველყოფა იქნება.
"სხვა სახელმწიფომ თავის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები თვითონ უნდა შეაფასოს და ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო საკითხებში, მას არ უნდა ჰქონდეს წვდომა რომ პროცესი საკუთარ ინტერესზე მოარგოს. თუ ეს ნაბიჯი (სკოლების გადაცემა) ჩვენი მხრიდან გადაიდგა და ეს სამომავლოდ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება“
„ვფიქრობ, რომ სხვა სახელმწიფომ თავის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები თვითონ უნდა შეაფასოს და ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო საკითხებში, მას არ უნდა ჰქონდეს წვდომა რომ პროცესი საკუთარ ეროვნულ ინტერესზე მოარგოს. თუ ეს ნაბიჯი (სკოლების გადაცემა) ჩვენი მხრიდან გადაიდგა და ეს სამომავლოდ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება.“
ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის გადარჩენას და საკუთარი ინტერესების დაცვას საქართველოში თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ფეთულა გულენიც ცდილობს.
„ამერიკის ხმამ“ გაარკვია, რომ 2017 წლის 3 და 6 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა: ჯიჰან აქინმა, იუსუფ ალთაშმა, აიჰან არსლანმა და რესულ დიქმენმა წილების სიმბოლური გასხვისება-გაჩუქების გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად, დემირელის სკოლას სახელიც შეეცვლება და „ქართულ-ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენად“ გარდაიქმნება.
ახალი მეპატრონე, ნიუ იორკში დაფუძნებული კომპანია „„მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისი“ უნდა გახდეს, რომელსაც მოლაპარაკებებში, აშშ-ს მოქალაქე ზაფერ სუსლუ წარმოადგენდა.
მეორე დღეა, ორივე გარიგება საქართველოს საჯარო რეესტრში „მონაცემების დაზუსტების მოტივით“ გაიჭედა. იუსტიციის სამინისტრო დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
გავლენიანი თურქული გაზეთის „საბაჰის“ ინფორმაციით კი, რომელსაც პრეზიდენტ ერდოღანის სიძე მართავს, ეს გარიგება არ შედგება, რადგან ზაფერ სუსლუ, თურქეთის მიერ იძებნება, როგორც „გულენის ტერორისტული ქსელის“ წევრი და ამავე დროს, საქართველოს მხრიდან არის „ დადებითი სიგნალები“ რომ გულენის ყველა სკოლა „მაარიფის ფონდს“ ანუ თურქეთის ხელისუფლებას გადაეცეს.
ამ თემაზე, „ამერიკის ხმა“ ცდილობდა კომენტარის მიღებას დემირელის სკოლა-ლიცეუმიდან, თუმცა დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა საუბარი არ ისურვა. ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე კი ამბობს, რომ შეტევა ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელზე საქართველოში ანკარადან იმართება და ამას თურქეთში არც მალავენ.
ეს შეტევა ჩვენს სკოლაზე შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი. თურქეთის მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს ეს სკოლები და გადაუფორმოს, თურქეთის სახელმწიფოს მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს, რომელსაც მაარიფი ჰქვია.“
„მაქვს ეჭვი, რომ ეს შეტევა ჩვენს სკოლაზე შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი. თურქეთის მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს ეს სკოლები და გადაუფორმოს, თურქეთის სახელმწიფოს მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს, რომელსაც მაარიფი ჰქვია.“
თურქეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრისა და დიდი მეჯლისის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ქართული წარმოშობის, რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საბჭომ აკრედიტაცია 3 თებერვალს, „თურქულ სექტორთან დაკავშირებული დარღვევის“ გამო შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 340 მოსწავლე იძულებულია, შუა სასწავლო პროცესში სხვა სკოლა ეძიოს.
2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა სწორედ შაჰინის სკოლაზე მიიტანა ღია იერიში და თქვა, რომ იქ „ტერორისტებს ზრდიან“.
ამ განცხადებიდან 6 თვის თავზე, შაჰინის სკოლა, რომელიც საქართველოს განათლების ბაზარზე 24 წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა, ბოლო დღეებს ითვლის.
სამაგიეროდ, ბათუმში, ამ დრომდე, უპრობლემოდ ფუქციონირებს 2016 წლის 19 სექტემბერს, გახსნილი თურქული სკოლა, რომელსაც არც მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის აკრედიტაცია გააჩნია. სწავლა იქ თურქულ ენაზე მიდის და სკოლაც თურქეთის განათლების სამინისტრის ექვემდებარება.
ფეთულა გულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი საქართველოში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი
(დამფუძნებლები: ამხანაგობა შიმშექი, ალთაში, აქინი - 40%, შპს კონტროლი 60% = (აიჰან არსლანი, 50% რესულ დიქმენი 50%))
სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისი
(იაშარ შიმშექი - 20%, იუსუფ ალთაში -20%, ჯიჰან აქინი - 60%)
სკოლა-ლიცეუმი სხივი, თბილისი
(დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%)
ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი
(დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%)
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისი
(დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%)
რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ბათუმი
(დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%)
შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავი
(დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%)
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, მარნეული
(შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი - 100%)

ზაზა წულაძე amerikiskhma.com


No comments:

Post a Comment