Pages

Sunday, April 30, 2017

ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!

წლების წინ, ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნას საფუძვლად დაედო 1991 წლის პირველი საგაზაფხულო გაწვევა. იმავე წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნის პროცესიც დაიწყო,- თავდაცვის სამინისტროს საბოლოოდ ჩამოყალიბებას ხელი ე.წ. თბილისი ომმა შეუშალა... 1992 წლის ზამთარში, უწყების ჩამოყალიბების პროცესი განახლდა...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას არ მოჰყოლია ისეთი ენთუზიაზმი, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და მის შიდა სტრუქტურებსა ერგოთ. როდესაც ქართველ ახალგაზრდებს სამშობლოს სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა მიეცათ, გამწვევ პუნქტს ათასობით ადამიანი მიაწყდა...



გზა სამხედრო დოქტრინიდან დასავლურ მოდელამდე

ირაკლი ძნელაძე, "ჯეი 3" უფროსი: - საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, იქმნებოდა შეიარაღებული ძალები, თავიდან ეროვნული გვარდია იყო, რომელიც არაფორმალურადაც ითვლებოდა, რადგან საბჭოთა კავშირი ბოლომდე არ იყო დაშლილი... ალბათ ბევრს ახსოვს, როგორ წევრიანდებოდნენ იქ ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც სამშობლოს სიყვარულით იყვნენ გულანთებულნი. მაშინ ტერიტორიული მთლიანობა ეჭვის ქვეშ არც იდგა, თუმცა, იყო ლოკალური კონფლიქტები... დამოუკიდებელი საქართველოს პირველი აღლუმი ეს დაუვიწყარი განცდა იყო. არადა, ძირითადად, გაუმართავი იარაღი და არასტრუქტურირებული ფორმირებები გვქონდა. მეთაურობასა და ხელმძღბანელობას პროფესიული განათლება და გამოცდილება აკლდათ, მაგრამ ძალიან დიდი პატრიოტიზმი და მოტივაცია ჰქონდათ... ასეთი იყო, ჯარის მშენებლობის საწყის, მაგრამ შემდეგ დაიწყო შიდა კონფლიქტები და ჩამოყალიბების პროცესში მყოფს ძალებს ორგანიზებულ საომარ მოქმედებებში ჩართვა მოუხდათ... მაშინ მიზერული ძალებით შეუძლებელი შევძელით, - ჯერ ქვედანაყოფებად დაკომპლექტდა, შემდეგ კი, სტრუქტურულად გაშლა...

ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად, ახალციხისა და ქუთაისის ბაზაზე არსებული შეიარაღება და ტექნიკა გადმოგვეცა. მართალია, მოძველებული იყო, მაგრამ მაინც... 1992 წელს შეძლებისგვარად სტრუქტურიზებული ჯარი, თუმცა საბჭოთა მოდერნის სახით ჩამოყალიბდა. შეიქმნა, სახმელეთო, საზღვაო და ავიაციის სარდლობა. ასევე, კორპუსები, მათ დაქვემდებარებაში ბრიგადები და შესაბამისად, ამუშავდა შტაბები. ცუდი ის იყო, რომ არმიას მშენებლობა და ბრძოლა ერთდროულად უწევდა, რაც განვითარებასა და სწორი მიმართულების წასვლას ხელს უშლიდა. მთელი რესურსი და ენერგია საბრძოლო მოქმედებებს მიჰქონდათ... ანუ ჯარი დაიბადა ბრძოლებში. 2000-იანი წლების დასაწყისში სხვა რელსებზე გადავედით, - ანუ თუ მანამდე საბჭოთა მოდელით, რუსული საბრძოლო დოქტრინებითა და წესდებით ვხელმძღვანელობდით, ამის შემდეგ, თანდათან დასავლურ მოდელისკენ ავიღეთ გეზი.

შემდეგ, სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ამერიკასთან დაიდო ხელშეკრულება, ამუშავდა სპეციალური, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. ქართული ქვედანაყოფები ბატალიონებად დაიყო... თუ რამდენად განსხვავებული იყო იმ დროს შეიარაღებულ ძალებში არსებული სხვა ბატალიონებისგან ის პირველი ბატალიონი, რომელმაც ეს პროგრამა დასავლური სტანდარტით გაირია, დაკომპლექტდა და მოემზადა. ეს იყო სრულიად სხვა დონეზე მომზადებული საბრძოლო მზადყოფნის ქვედანაყოფი, რომელიც შემდეგ, მაგალითი იყო სხვა ბატალიონებისთვის... ამას მოჰყვა წვრთნისა და შენარჩუნების პროგრამები, რის შემდეგაც, სხვა ქვედანაყოფები ისე მოემზადნენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად და კოალიციური ჯარების შემადგენრლობაში მივიღეთ მონაწილეობა...

პირველი იყო კოსოვოს, შემდეგ კი, ერაყის სამშვიდობო მისია...

ამ მისიებიდან დაბრუნების შემდეგ, მიდგომები აშაკრად შეიცვალა, თავად ჯარისკაცებმა გადააფარეს ყველაფერი, თუ მანამდე მაინც მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ, ამის შემდეგ, ნახეს თუ როგორ არის მომზადებული ამერიკელი ჯარისკაცი, როგორ ატარებს ფორმას, როგორ უჭირავს იარაღი,... ეს ჩვენი ბიჭებისთვის მისაბაძი მაგალითი იყო და ჯარში კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი შინაგანი, ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდა.

შემდეგ, 2008 წელს, უკვე, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აშკარად ჩაერთო ბრძოლებში და მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, რაც მხოლოდ შეიარაღებული ძალებისთვის კი არა, ქვეყნის განვითარებისთვის იყო ზიანის მომტანი. ამის შემდეგ, ხელახლა დაიწყო შეიარაღებულო ძალების გადაჯგუფება და მშენებლობა.

უცხოელი პარტნიორების შეფასებები

არ არსებობს არც ერთი საერთაშორიოს დონის შეხვედრა, სადაც ქართველი ჯარისაკცების მონდომებასა და თავდადებაზე არ ისაუბრონ. ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე, აშშ-ს ახლადდანიშნეულმ თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა, აღნიშნა, - "ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება პარტნიორების მიმართ ბრძოლის ველზე, სანდოობა და და მეგობრობა". იმ შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების ყველა მინისტრი იჯდა...

ზვიად ჩადუნელი, ვიცე-პოლკოვნიკი: - როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული არმია იქმნებოდა, მაშინვე წავედი. 1991 წლის თებერვალი იყო. ჩემს უბნელებთან, მეგობრებთან ერთად ვიყავი. ძალიან კარგად შეგვხვდნენ, ყოჩაღ ბიჭებოო! ამან მოტივაცია შეგვძინა... სამედიცინო კონტროლს რომ გავდიოდით, გვითხრეს, რომ 1,75 მეტრზე მაღალ ბიჭებს არჩევნდნენ. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ცოტა დაბალი იყო და შეეხვეწა, ამიყვანეთო, მართლაც ძალიან კარგი ფიზიკური აგებულება ჰქონდა. საცდელი ვადით, ერთი კვირით დაგტოვებთო, უთხრეს, მართლაც დატოვეს, მაგრამ მერე მაინც არ აიყვანეს.. ლამის იტირა ისე დაწყდა გული... ფორმებიც დაგვირიგეს, მაგრამ ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო. გალიფეს შარვლები იყო, აი ისეთი, ჩვენს ბაბუა-პაპებს რომ ეს ეცვათ საბჭოთა ჯარში. ჩექმებიც დაგვირიგეს და ე.წ. პარტიანკებიც, რომლის ფეხზე შემოხვევაში დახმარება მამაჩემს ვთხოვე... 

გლდანში, მილიციის სკოლასთან ვიყავით შეკრებილები წვევამდელები და იქიდან სახლში ტაქსით წამოვედი. მძღოლმა მკითხა, - რა გაცვიაო. ეგონა, საბჭოთა ჯარიდან ვიყავი ჩამოსული - საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალები იქმნება და ჩავეწერე, იქიდან მოვდივარ-მეთქი... ძალიან გაუხარდა, - თქვენ გენაცვალეთო... ლამის იტირა, მე რუსეთში მომიწია მსახურებამო... მგზავრობის თანხა არ გამომართვა... ერთი სიტყვით, რამდენიმე თვის შემდეგ, "მეტრომშენის" დასახლებაში გადავედით, სადაც როგორც მახსოვს კადეტთა სკოლა იყო. მერე სხვა ახალწვეულებიც მოიყვანეს და მეცადინეობებიც დაიწყო, - სერჟანტები უნდა გავმხდარიყავით. იარაღები დაგვირიგეს და მასთან ურთიერთობსაც გვასწავლიდნენ. მწყობრით სიარული, მწობრიდან გამოსვლა და მეთაურთან მისვლა, კროსით სირბილი, მხედრული სალამის აღება, ფიზიკური მომზადებები, ათეულში მოქმედებები, ასეთი ტიპის პირველი ნაბიჯები იქ გავიარეთ. 

- "შავნაბადას" ბატალიონში როგორ მოხვდით?
- ცოტა ხნის შემდეგ, ჩამოყალიბდა ბატალიონები და ერთ-ერთი იყო "შავნაბადა". ჯერ შავბანადას მონასტერთან ვიყავით. თუ არ ვცდები, იქ ადრე კომკავშირის პიონერთა ბანაკი იყო... იქიდან კი, ძალიან მალე ფოთში გადავედით, სადაც ჯარისკაცის ინდივიდუალურ მომზადებასაც ვაძლიერებდით... მოტივაცია ძალიან მაღალი იყო. მეთაურობა ხომ გვასწავლიდა და რაღაცეებს თავადაც ვახერხებდით, - სამხედრო სამეცნიერო წიგნებს ვეძებდით და ვკითხულობდით. იმ დროს უკვე სერჟანტი ვიყავი და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ათეული ჩამაბარეს. მწყობრში სირბილი და სინქრონში მოქმედება, ახალი იყო ჩვენთვის და ყველა ვცდილობდით, სწრაფად აგვეთვისებინა... თანდათან მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს. რა თქმა უნდა, ყველანაირი იარაღი რუსული იყო... ვსწავლობდით ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას. ანუ არეალი ფართოვდებოდა... შემდეგ მოგვიწია ცხინვალის ომი, - მცირე, ლოკალური ომები გვქონდა იმათაც და ჩვენც. პირველი დენთის სუნი იქ ვიგრძენით. 

ერთი ამბავი მახსენდება, - ჩვენთან ახლოს ბიბლიოთეკის შენობა იყო. ეს ის პერიოდი, რომ გიყვებოდით, თავადაც ვცდილობდით სამხედრო ლიტერატორის მოძიებას მეთქი, ჩემმა მეგობარმა ლევან ბერიამ, იმ ბიბლიოთეკიდან სამხედრო წიგნები წამოიღო... ის კონფლიქტი მასშტაბური არ ყოფილა და შეცდომებს გვპატიობდა... ასევე, ჩვენ ინფორმირებული ვიყავით, ანუ ვიცოდით, რომ მცირე ომებიდან უცებ მასობრივ ომებში არ გადაიზრდებოდა. ჩვენს ზურგში, საჰაერო სადესანტო ნაწილები არ აღმოჩნდებოდნენ... შეიძლება ითქვას, რომ როგორც სამხედროები ვიზრდებოდით და ყოველდღე რაღაცას ვსწავლობდით, თუმცა, ლიდერის ცნება საერთოდ არ არსებობდა, მხოლოდ მეთაური იყო. თუ პრობლემებსა და სამხედრო სპეციალობებზე ვისაუბრებთ, პრობლემა ყველგან იყო. სამხედრომ არ იცოდა, დაჭრილისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება როგორ უნდა აღმოეჩინა. ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო დაგვეღუპა. ელემენტარულად, სისხლდენა ვერ შევუჩერეთ... რაც შეეხება, შეცდომებს, ყველა რგოლში იყო პრობლემა, - თუმცა ამას უფრო ფართო განხილვა სჭირდება...

2000-იანი წლების დასაწყისში, უკვე გვესმოდა, "ევროპა" და "ნატო"... გვინდოდა წვრთნებში მიგვეღო მონაწილეობა და ისინი ჩამოსულიყვნენ. თანდათან, ინგლისური ენაც შემოვიდა და შეიარაღებულ ძალებში, იქაური ოფიცრებიც ვიხილეთ... ახლაც მახსოვს, 90-იანი წლებში ერთმა ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ლაჟვარდი ბოლქვაძემ გვითხრა, - თქვენ ახლა 18-19 წლის ბიჭები ხართ და ბევრი თქვენგანი დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში გააგრძელებს სწავლას და საქართველოს თავდაცვას ევროპული განათლებით დაუბრუნდება, მაშინ კი ყველაფერი კარგად იქნებაო... მას სხვებმა დასცინეს, - ოცნებობ და ამ პატარა ბიჭებსაც ატყუებო... 

26 წელი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მშენებლობისთვის, არც ისე დიდი დროა, თუმცა, ცოტაც არ არის. რაღაცები უკეთესად შეიძლებოდა, ყველა სფეროს პროფესიონალი ხელი სჭირდება, რაც გვაკლია და ეს ყოველდღიურად იგრძნობა...

ოფიცერი, თავის მოვალეობას ასრულებს, აქვს განათლება და სამხედრო გამოცდილება, მაგრამ სჭირდება, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და სხვა საშუალებები, რათა მის მიერ დაგეგმილი ამოცანა წარმატებით შეასრულოს, რაც უკან გვხევს. ნატოს სტანდარტებზე გადასვლა, მოიცავს სრულ სპექტრს, - სერჟანტისა და ჯარისკაცის მომზადება, მისი წვრთნა, აღჭურვა, მოვლა, სავარჯიშო კომპლექსებისა და ზოგადად, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა... მხოლოდ ოფიცრების მომზადება არ ნიშნავს, რომ ნატოს სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. თუმცა, ფაქტია, რომ თანდათან წინ მივდივართ... 

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE



No comments:

Post a Comment