Pages

Monday, April 3, 2017

სკოლაში გაკვეთილების შემცირება მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსადრე ჯეჯელავას განცხადებით, გარდა სასკოლო სახელმძღვანელოების წონის შემცირებისა, ასევე იგეგმება გაკვეთილების რაოდენობის შემცირებაც.
ამის შესახებ მან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ის განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს.
„ჩვენ ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ჩვენ გვინდოდა, რომ წელსაც შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები. მომავალი წლიდან კი უკვე დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ხოლო რომელი საგნის წიგნიც უფრო სქელტანიანი იქნება, ორად გაიყოფა. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის გაკვეთილების რაოდენობის შემცირება. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გაკვეთილია განსაკუთრებით შუა კლასებში და ვმუშაობთ, რომ შედარებით განვტვირთოთ გაკვეთილების ცხრილი“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრმა ვერ დააკონკრეტა, თუ რამდენი გაკვეთილი უნდა დარჩეს ცხრილის განტვირთვის შემდეგ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სპეციალისტები მუშაობენ.
ალექსანდრე ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილება მომდევნო სასწავლო წლიდან 2017-2018 ამოქმედდება.
“სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. სახალისო და არჩევითი გაკვეთილების რაოდენობა კი უნდა გაიზარდოს. ჩანთები უნდა შემსუბუქდეს. მოთხოვნა, წიგნების ტარების მიმართულებით გადაიხედება. ჩვენ შევეცდებით, ისე მივუდგეთ, რომ ყველა წიგნის ტარება ყოველ დღე არ იყოს სავალდებულო”, – დასძინა ჯეჯელავამ.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment