Pages

Sunday, April 30, 2017

ახალი ინიციატივა საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტებისათვის

"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" 43-ე კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი საქართველოს მოქალაქეები "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" დაფინანსებას მიიღებენ.

ფონდი იმ კონკურსანტს, რომლის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიის (მოხსენების) რეზიუმესაც საერთაშორისო კომისიის წევრები დადებითად შეაფასებენ, სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსებს კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯებს. ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა მოხსენების მოკლე რეზიუმე (აბსტრაქტი) პირველი ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს.

საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია გამორჩეული სტუდენტებისათვის ასევე აცხადებს კონკურსს ფრენსის ოტობრის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. მაქსიმუმ 2500 აშშ დოლარის ოდენობის სტიპენდია მიეცემათ საგანმანათლებლო შეფასებების მიმართულებით (ან მომიჯნავე სფეროში) მომუშავე დოქტორანტ სტუდენტებს, რომლებიც 2017 წლის 30 აპრილამდე წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს.

"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" 43-ე კონფერენცია 2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. მისი მთავარი თემა იქნება: „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.

ასოციაცია საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანზიაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და  საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს (http://www.iaea.info/index.aspx). ორგანიზაციის მისია არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვაა.
naec.ge

No comments:

Post a Comment