Pages

Monday, May 1, 2017

იაგუარის პირველი ელექტრომობილი - ტესლას კონკურენტი ბრიტანეთიდან!

ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა 

გარდაქმნაც ასეთი უნდა! მოდური დიზაინი, დიზელის ძრავები, უნივერსალები, პირველი SUV - ბოლო წლებში ”იაგუარმა” თავის ფანებს მართლაც ბევრი სიახლე შესთავაზა. ახლა კი, ბრიტანელებმა თავიანთი პირველი ელექტრომობილიც წარმოადგინეს!
  • ”იაგუარის ტესლა” - რა ხდება, დედოფალმა ჰიპ-ჰოპის მოსმენა დაიწყო?
რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, I-Pace გამოვიდა - თანაც, ცეცხლოვანი წითელი ფერით აბსოლუტურად შესანიშნავ ფორმაშია. ”იაგუარის” პირველ ელექტრომობილს ძალიან უხდება SUV-ის სიმაღლე და მოკლე კაპოტის კომბინაცია. იმას ვგულისხმობთ, რომ ასეთი დიზაინით ”იაგუარი” ”ტესლას” მართლაც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს!


I-Pace-ის ინტერიერი გვიჩვენებს, რომ ეს ელექტრომობილი რეალური უპირატესობებით გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ მიუხედავად კომპაქტური ზომებისა (სიგრძე: 4,68 მეტრი), ავტომობილი 3-მეტრიანი ბაზის დამსახურებით, საკმაოდ დიდ სივრცეს გვთავაზობს - თვით ბარგისთვისაც კი. საბარგულის მინიმალური მოცულობა 530 ლიტრია და პატარა საბარგული წინაცაა. კოკპიტში, ცენტრალურ კონსოლზე, მხოლოდ ორი დასატრიალებელი ღილაკია, ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია კი სენსორული ეკრანიდან იმართება. თუმცაღა, ასეთ მიდგომას სწორედ ”ტესლასგან” ვიცნობთ. მძღოლის ხილვადობა გადასარევია!


ახლა კი გაზი მივცეთ! ჰმ... უფრო სწორად, დენი! ”იაგუარი” სერიული ვერსიისთვის 400 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს გვპირდება - თანაც, პირველივე ბრუნიდან და 100 კმ/სთ-მდე 4 წამში უნდა აჩქარდეს. მაგრამ რაკი ეს ჯერ კიდევ ერთადერთი ეგზემპლარია და ბოლომდე არ არის მზად, სერიოზული ტესტ-დრაივი მომავლისთვის უნდა გადავდოთ. ბრიტანელების დაპირებით, რესურსი 500 კილომეტრია და ჯერჯერობით, ამ მხრივაც სიტყვაზე უნდა ვენდოთ.

სამაგიეროდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ I-Pace-ით პირველი გასეირნების შემდეგ, უფრო მეტი მოგვინდა და, თანაც, რაც შეიძლება მალე! ჯერ არასდროს არ ყოფილა ელექტრომობილი ასეთი სექსუალური - არც ”ტესლა”!

ფასს არ იკითხავთ? 80 000 ევრო. ანუ, კონკურენტებზე ნაკლები. ესეც ”იაგუარის” კიდევ ერთი სიახლე.
მოკლედ და კონკრეტულად
ძალიან კარგია: დიზაინი: შესანიშნავი ფორმები აქვს.
არ მოგვწონს: რატომ უნდა დავიცადოთ 2018 წლამდე?
WOW: წითელი ”იაგუარსაც” უხდება!
ვინ იყიდის: თამამი და მდიდარი ანგლოფილები.
დასკვნა
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ”ელექტროიაგუარი” ათიანში მორტყმული მანქანაა! სტილი, რესურსი, პრაქტიკული შესაძლებლობები - ყველაფერი მოწონებას იმსახურებს. თანაც, რაც ყველაზე მთავარია, Tesla Model X-ზე იაფი ღირს.

შტეფან ფოსვინკელი


autobild.ge

No comments:

Post a Comment