Monday, May 1, 2017

ირაკლი გედენიძე: მირტყამდნენ ჯიქიას სასაფლაოზე, მერე ერთ-ერთმა იარაღი გადატენა და დამიმიზნა

ფოტოგრაფების საქმე. ირაკლი გედენიძის ნაამბობი სასამართლო პროცესზე:

“15-20 წუთი მირტყამდნენ ჯიქიას სასაფლაოზე, მერე ერთ-ერთმა იარაღი გადატენა და დამიმიზნა, აღიარე, ვისთან ჯაშუშობდიო. ხელი ავაფარე, არ გაგივარდეს იარაღი-მეთქი. წამიყვანეს მოდულის შენობაში. იქ იყო კიდევ ერთი პიროვნება, დაბალი, მელოტი, ხანში შესული მამაკაცი და როდესაც რაღაცებს ვერ ვიხსენებდი, კეფაში გაშლილ ხელს მირტყამდა. ერთმა, რომელიც ცემაშიც მონაწილეობდა, გამიყვანა, კეფაზე ხელები დამაწყობინა და დაჩოქება მიბრძანა. შევასრულე. ძალიან მიჭირდა დაჩოქება, მუხლი მაწუხებს. ჩაიცინეს, წამომაყენეს და ჩამიყვანეს სავარაუდოდ სარდაფში, კამერების განყოფილებაში. დამსვეს ხის სკამზე, დამისვეს ახალგაზრდა, მაღალი მამაკაცი. იმან შემიყვანა ექიმთან, დამათვალიერა ექიმმა და მკითხა, რამეს ხომ არ ვუჩიოდი. ძალიან ცუდად ვიყავი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც. ვუთხარი, კიბეზე დავგორდი -მეთქი. ექიმმა ჩაიცინა და შეავსო რაღაც ფურცელი. მერე წამიყვანეს ბნელ კამერაში, სადაც გუგუნის ხმა ისმოდა.

მერე საკნიდან გამიყვანეს. დევნოზაშვილი იგივე კითხვებს მისვამდა. მერე მითხრა, შენი შვილი დოლიძეზე სწავლობსო? რამე არ შეემთხვეს, გოგო გეზრდებაო. სკოლაში გზა უნდა გადაიაროს და რამე არ დაეჯახოსო. თქვენ ისეთი ბრალი გაქვთ, აქედან ვერ გამოხვალთ და ბავშვები უპატრონოდ რჩებიანო. ითხოვდნენ, გამეხსენებინა ის პირები, ვისთანაც ჯაშუშური ურთიერთობა მქონდა. მე ვერ ვიხსენებდი, რადგან ასეთი ურთიერთობები არ მქონია”.
expressinfo.ge


No comments:

Post a Comment