Monday, May 1, 2017

"ამ ქალაქში ბევრია ჩიკას მსგავსი..." - როგორ გახდა ნინო ნოდია "პუსკუნა" და რას ამბობს ქალებზე, რომლებსაც "კარგი ცხოვრებისგან დეპრესია ემართებათ"

ზუზუ იგივე ნინო ნოდია, ბევრი გრანდიოზული კონცერტის თუ ღონისძიების წამყვანი ყოფილა, კონტაქტური და კომუნიკაბელური ადამიანია და წლებია, ცნობილი პარფიუმერული ქსელის პიარმენეჯერია. ადრე ტელევიზიაში მუშაობისას (მეორე არხი) ზუზუ შეარქვეს და ამ მეტსახელით უკვე დიდი ხანია, იცნობენ.

ბოლო დროს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. ერთ-ერთ ეპატაჟური პერსონაჟის, ბიზნესმენ შავლეგ მადლიანის ცოლის, ჩიკას "სადაქალოს" წარმოადგენს. თუ როგორ აღმოჩნდა სერიალში ამაზე ზუზუ AMBEBI.GE-თან საუბრობს:

"ცოტა სასაცილო ამბავია, - ჩემი შვილის კლასელის დედა - ნუცი კურცხალია, კინოგადაღებასთან არის დაკავშირებული. ერთ დღეს ჩემმა შვილმა მითხრა, - იქნებ გიორგი ჩვენთან მოიყვანოსო. დავურეკე ნუცის და როგორც გაირკვა, სწორედ იმ დროს "დაქალების" კასტინგის დირექტორს, ეკა მჟავანაძეს ესაუბრებოდა. ეკას უკითხავს, ზუზუ სერიალში არ ითამაშებსო? რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა, მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობ, - ვინმემ სადმე ფილმში გადამიღოს, მაგრამ ახლა ისეთი დატვირთული ვარ, არ ვიცი, ამას როგორ შევძლებ-მეთქი, - ვუთხარი. ამ საუბარს ჩვენი მეგობარი, ახლა უკვე სერიალის პერსონაჟი მანჩო (თამუნა ქორქია) ესწრებოდა (სერიალში ორივე ჩიკას დაქალები ვართ). თუ თამუნა წამოვა, მეც წამოვალ-მეთქი... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორივე კასტინგზე დაგვიბარეს. კასტინგი გავიარეთ და როლებზე დაგვამტკიცეს. ძალიან გამიხარდა, რომ ამ არაჩვეულებრივ, მხიარულ და კეთილ სერილაში მივიღებდი მონაწილეობას. ყველანაირი საქმე გადავდე და ჩავერთე. აღმოვჩნდი ჩიკას მეგობარი პუსკუნა...

- ჩიკა ცხოვრებისგან განებივრებული ქალბატონია, ბიზნესმენის ცოლი. რას გვეტყვი ამ პერსონაჟზე? 
- ჩიკა, იგივე ანი ჩირაძე ჩემი მეგობარია, რომ ვთქვა, გადაბმული მეგობრები ვართ-მეთქი, არა, თუმცა ოჯახებით ვმეგობრობთ, მისი მეუღლე (ახლა კი ერთად აღარ არიან) ზეზვა ცისკარიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია. მთელი ბავშვობა მე და ზეზვას ერთად გვაქვს გატარებული. ჩიკა და მე მეზობლები ვართ, ჩვენი შვილები მეგობრობენ და ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. მოკლედ, ამ ადამიანს ცხოვრებაში კარგად ვიცნობ... სერიალში კი მისი დაქალი ვარ, მაგრამ სიცოცხლეს ვუმწარებ, მაგისთვის ვარ შექმნილი, რომ ადამიანებს მივუთითო, როცა რაღაცები ეშლებათ, შენიშვნა უნდა მივცე... 

- ჩიკას რა ეშლება?
- ძალიან დეპრესიულია, პუსკუნა დეპრესიულ ადამიანებს ვერ ეგუება. ჩიკას დეპრესიის შედეგია, რომ იმ ბიზნესმენთა ცოლების კლუბში მოხვდა. ისეთი ტიპია, ზედმეტად კარგი ცხოვრებისგან დეპრესია რომ ემართებათ და მერე ცოტას რომ ბოდავენ, ტანგას უკუღმა იცვამენ და ამას ტრენდად გადააქცევენ, მეგობრებს უყვებიან, ვითომ არ მოსწონთ, რომ მათ ბაძავენ, სინამდვილეში ამაზეა აგებული მთელი მათი ცხოვრება. უნდათ, რომ ასეთი ეპატაჟური რაღაცები გააკეთონ, რომ მერე ქალაქის სალაპარაკო გახდნენ. ხშირ შემთხვევაში, ამას ძალით აკეთებენ... 

რაც მთავარია, ამ დეპრესიას გაურკვეველი ფსიქოლოგი მკურნალობს, რომელიც რეალურად, როგორც ირკვევა მატყუარაა... მოკლედ, ამ ქალაქში ბევრია ჩიკასნაირი, რომლებსაც მეც ვიცნობ... ისინი ბოროტები არ არიან, მაგრამ ჩიკას თავისი ფასეულობები აქვს, მაგალითად, შავლეგო (ქმარი) თუ საქმის გასარჩევად იარაღით მივა, ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია... ძალიან ზედაპირულია, მოქმედებს, ლაპარაკობს და არ ფიქრობს, იმის იქით რა ხდება...

- მერე ასეთი ადამიანი შენს მხარდაჭერას იმსახურებს?
- არა და არც ვუჭერთ მხარს. ვეუბნებით კიდეც, რომ ხომ არ გააფრინა, იქ რამ მიიყვანა, სადაც მისი წრის ხალხი არ არის? რატომ ჩაერთო იმ ეპატაჟში, რასაც "ბიზნესმენთა ცოლების კლუბი" ჰქვია. ამიტომ, სულ ვერჩი. ვეუბნები, - მატრაკვეცა თუ არ ხარ, რატომ უნდა მოუყვე ნინოკოს ტანგა უკუღმა გაცვია თუ წაღმა?! თუ ის გაწუხებს, რომ შენზე ჭორაობენ და გბაძავენ, ამას რატომ აკეთებ, რასაც აკეთებ? მოკლედ, გავლენაც აქვს, სიმდიდრეც, მაგრამ გართობა უნდა, რადგან საკუთარ თავთან ჰარმონია აკლია. მოკლედ, აფრენს! 

- ანი ჩირაძე მსახიობია პროფესიით?
- მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვიცნობ, არ ვიცოდი, თუ მსახიობი იყო, - თეატრალური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, გიზო ჟორდანიას ჯგუფი, მაგრამ თავის პროფესიით არ უმუშავია, სულ სხვადასხვა სამსახური ჰქონდა... ჰყავს ერთი შვილი, შესანიშნავი ნიცა ცისკარიშვილი.

- მოკლედ, ძალიან მოგწონს სერიალი...
- კი და ამ სერიალში მონაწილეობით ჩემი ჭია გავახარე... ქუჩაში ბევრი ადამიანი მხვდება, მათ შორის, ნაცნობები. არ ვიცი, გულწრფელად მეუბნებიან თუ არა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეუბნებიან, რომ ძალიან ბუნებრივი ვარ, რაც ასევე მიხარია. ქეთი დევდარიანი არაჩვეულებრივი სცენარისტია, მაგრამ ხანდახან ტექსტს ჩემს ფრაზებს ვამატებ, ცოტა მატრაბაზულს. ცოდვა გამხელილი სჯობს და თვითონაც ვიყენებ მეტყველებაში ამ სიტყვებს... 

- რეჟისორი გაძლევს ამის ნებას?
- კი, გიორგი ლიფონავა მეთანხმება, არ აპროტესტებს... მასზე ვიტყვი, რომ ასეთი შრომისმოყვარე ადამიანი არ შემხვედრია. გაოცებული ვარ. ასევე გამიმართლა იმაში, რომ ილო ბეროშვილთან (შავლეგ მადლიანი) მომიწია პარტნიორობამ. უნიჭიერესი და გონებაგახსნილია. ბევრი უნარით არის დაჯილდოებული. მადლიერი ვარ მთელი გადამღები ჯგუფის. ხანდახან დილის 4 საათამდე არის გადაღება და ისეთი მობილიზებულები არიან, რითი გასიამოვნონ, არ იციან, ოპერატორები, ხმის რეჟისორი და ა.შ. პატივს ვცემ ყველას.

- შვილები და მეუღლე რას ამბობენ?
- მოგეხსენებათ, ეს სერიალი ბავშვებშიც რა პოპულარულია. ცხადია, მოსწონთ. ერთადერთი, კესარიამ მითხრა, - ხელს ინტენსიურად რომ ამოძრავებ, ამას შენით აკეთებ, თუ ვინმემ გითხრაო? თვითონ-მეთქი. ხოდა, მგონია, რომ ზედმეტიაო... ასეთი იყო მისი შენიშვნა. 

ყველაზე ძალიან მეუღლის მეშინოდა, რადგანაც ამ სერიალის გამო ჩემი სიმწრით შეკოწიწებული ოჯახი არ დამენგრეს-მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით გაგებით ეკიდება. გადაღებაზე რომ მივდიოდი, ვუთხარი, - ისეთს არაფერს გავაკეთებ, შენ და შვილებს თავი მოგჭრათ-მეთქი. მოკლედ, ჩემს არჩევანს დიდ პატივს სცემს...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

No comments:

Post a Comment