Pages

Friday, June 23, 2017

უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმები გააცნეს

დღეს, 21 ივნისს აკადემიური საბჭოს წინაშე ოთხწლიანი სამოქმედო გეგმით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები წარდგნენ. 

ორი კანდიდატიდან ერთი, მერაბ ბერიძე, მოქმედი რექტორი და ამავე დროს აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელია. ხოლო თინა გელაშვილი ამავე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ამჟამად კი სასწავლებელში სრული პროფესორია.

აკადემიურ საბჭოს პირველად სამოქმედო გეგმა მერაბ ბერიძემ გააცნო. მის გამოსვლას, დაახლოებით, 30 წუთი დაეთმო და ამ დროის დიდი ნაწილი სამომავლო მიზნებზე მეტად მისი ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშის წარმოდგენას დაეთმო. მოქმედი რექტორი ირწმუნება, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელზეც ოთხი წლის წინ საუბრობდა, შესრულებულია. მათ შორის ერთ–ერთი მიღწეული მიზანი კი ახალქალაქში მოწყობილი საერთო საცხოვრებელია. 

„2012 წელს ახალქალაქში 41 სტუდენტი იყო წელს 130 გვყავს.აქ არის რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი, გადახალისებულია აკადემიური მიმართულება, კადრები, ინფრასტრუქტურული მიმართულება, რის გამოც სტუდენტთა მატება აშკარაა. უპრეცენდენტო შემთხვევა გახლავთ 2016 წელს ჩვენ 500 სტუდენტი მივიღეთ, რაც სერიოზული განაცხადია, ეს იყო სწორი მენეჯმენტის შედეგად მიღწეული, წელს უფრო მეტს ველოდებით“, – განაცხადა მერაბ ბერიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტს სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი აქვს: „ოთხი წლის წინ მქონდა ძალიან გაბედული თეზისი, რომ ჩამოვაყალიბებდით სახელმწიფო უნივერსიტეტს. 2014 წლიდან ვართ სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს ნიშნავს სამეცნიერო პოტენციალის სრულ ამოქმედებას. ერთადერთი უნივერსიტეტი ვართ, რომელსაც აქვს სამეცნიერო საბჭო და აქვს უფლება მიანიჭოს სამეცნიერო ხარისხი ასტრონომიაში“.

ბერიძის განცხადებით, უნივერსიტეტის სამეცნიერო დონე ძალიან მაღალია: „ყოველწლიურად ათობით კონფერენცია ტარდება. ასევე, ავტონომიურია ჩვენი ფაკულტეტების მუშაობა. ვერც ერთი დეკანი ვერ იტყვის, რომ მე მათ საქმეში ჩავერიე“.

მისივე თქმით, აქტიურად მუშაობენ უცხოელი სტუდენტების მოძიებაზე, რომლებიც სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ისწავლიან: „სამწუხაროდ ჩვენ ამის საშუალება, რომ ბოლომდე ინგლისურენოვანი პროგრამები გვქონდეს არ გვაქვს. სულ თითზე ჩამოსათვლელია ის კატეგორია ვინც ინგლისურ ენაზე წაიკითხავს ლექციებს. ამ პრობლემაზე აქტიურად ვმუშაობთ. სამცხე–ჯავახეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლობა მოვიძიეთ, 2016 წელს აზერბაიჯანიდან 30 სტუდენტი ჩამოვიყვანეთ, წელს შუა აზიიდანაც არიან და უკრაინიდანაც“.

დასასრულს მერაბ ბერიძემ უნივერსიტეტის ფინანსურ შემოსავლებზეც ისაუბრა, მისი თქმით 2012 წელთან შედარებით სტუდენტთა გადასახადებიდან შემოსული თანხა 700 000 ლარზე მეტით გაიზარდა: „აქ დადგება საკითხი, მაშინ რატომ არ ვაორმაგებთ ხელფასს?! უნივერსიტეტს სერიოზული განვითარება სჭირდება, ამაზე ჩვენ ვზრუნავთ, სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც ეკონომიკური პრობლემების შესახებ მუშაობს. ჩვენ პროფესიული გათვლები გვაქვს“.

მოქმედი რექტორის გამოსვლა, მით უფრო ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში, უარყოფითად შეაფასა მისმა კონკურენტმა თინა გელაშვილმა. 

„ეს ოთხწლიანი მუშაობის შეჯამებაა და არა გეგმა იმის შესახებ, თუ რას აპირებთ მომავალში“, – მიმართა ბერიძეს გამოსვლის დასრულების შემდეგ გელაშვილმა – „პროგრამაში გიწერიათ, რომ შემოსავლების გაზრდა კარგი მენეჯმენტის შედეგია. რატომ არ ითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი მოსვლის დროს ბიუჯეტში 207 ლარი და 11 თეთრი დამხვდა. ამ თანხის გაზრდა 2 035 000 ლარამდე შევძელი. ამის პარალელურად, ორი ამხელა კორპუსის რემონტი და ეს აღჭურვილობა რაც უნივერსიტეტშია მე გავაკეთე. ამ ყველაფერთან ერთად თან 840 000 ლარის ინვესტიცია შემოვიტანე. თქვენ რომ კარგ მენეჯმენტად აღიქვამთ 700 000 ლარით გაზრდას, მე გავზარდე 9 835–ჯერ. თქვენ მხოლოდ 34%–ით გაზარდეთ აქაც 80% ჩემი შემოტანილია“.

„ძალიან გთხოვთ მე და შენ ერთმანეთი არ შევაფასოთ, თორემ უთანასწორო ბრძოლა იქნება“, – უპასუხა ბერიძემ გელაშვილს.

თინა გელაშვილის განმარტებით უნივერსიტეტში გაზრდილია კომუნალური ხარჯები, რომელიც ყოველწლიურად 100 000 ლარს აჭარბებს:„ჩემს დროს 20 000 ლარს არ აცდენია და რა განსაკუთრებული დაემატა ახლა?!“, – კითხულობს იგი. 

მისივე განცხადებით უნივერსიტეტში ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი ბევრად აღემატება აკადემიური თანამდებობის სახელფასო ფონდს: „ეს არის ოპტიმალური და კარგი მენეჯმენტი?! გაფანტულია ადმინისტრაციაში ხელფასები, ზოგიერთ თანამშრომელს საქმე, რომ არ აქვს ყავის ჭიქებით დარბის დერეფნებში. ჩემი არჩევის შემთხვევაში ოპტიმიზაციას მოვახდენ. გარდა ამისა აზერბაიჯანიდან შემოსული თანხები მხოლოდ ორ პიროვნებაზე ნაწილდება ნათელა ბერიძესა და მაკა ბერიძეზე, ამ თანხებს მოვაქცევ საუნივერსიტეტო დატვირთვებში“.

მერაბ ბერიძის განმარტებით, მაკა ბერიძე და ნათელა ბერიძე ამ პროექტში მხოლოდ გამოცდილების გამო შეირჩა: „თინა უხერხულია როცა საქმეში არ ხარ ჩახედული და ასეთ განცხადებებს აკეთებ. ეს სხვა ხელშეკრულებაა, ყველა იმ საქმეს ვერ გააკეთებს რასაც მაკა და ნათელა ართმევს თავს. თქვენს ინფორმატორებს ძალიან ცრუ ინფორმაციები აქვთ მოტანილი!“ – ასე უპასუხა ბერიძემ გელაშვილის ბრალდებებს. 

„თქვენ მასწავლით ვის რა დონე და გამოციდლება აქვს, ორ საათში ათასობით ლარს იღებენ!“ – არ დაუთმო გელაშვილმა.

მისი განცხადებით, დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რეიტინგი დაბალია. ამაში გელაშვილს ნაწილობრივ ბერიძეც დაეთანხმა: „სამწუხაროდ შარშან უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ჩვენ რეკლამა არ გვაქვს. ინგლისურენოვანი ვებ–გვერდი არ გვაქვს. უკვე დაწყებულია ამ კუთხით მუშაობა, ჩვენ შევცვალეთ ერთი თანამშრომელი. ვგეგმავთ ადმინისტრაციის კუთხით სერიოზულ კონკურსს და ამასაც გამოვასწორებთ“. 

ის რომ უნივერსიტეტის ვებ–გვერდი დასახვეწი და გასააქტიურებელია ამაზე აკადემიური საბჭოს წევრებმაც ისაუბრეს: „ქართულიც არ მუშაობს გამართულად. ჩვენ გვაინტერესებს, თქვენი არჩევის შემთხვევაში ისინი ვინც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობენ ისევ აქ თუ დარჩებიან“, – იკითხა აკადემიური საბჭოს წევრემა შოთა ინასარიძემ. 

მერაბ ბერიძის ანგარიშის და დისკუსიის დასრულების შემდეგ აკადემიური საბჭოს წინაშე თინა გელაშვილი წარსდგა, მან 45 წუთის განმავლობაში იმ გეგმებზე ისაუბრა რის გაკეთებასაც მისი არჩევის შემთხვევაში გეგმავს, გარდა ამისა უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებსა და პრობლემებზე ყურადღება აქაც გაამახვილა. 

„უნივერსიტეტი არ წარმოადგენს მაღალი აქტივობის ცენტრს, სუსტია მისი სოციალური ფუნქცია. მიღებული ხარისხი შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან, არ ხდება შრომის ბაზრის სრულყოფილი კვლევა. გარდა ამისა, სტუდენტთან და რექტორთან არის სუსტი კავშირი, სუსტი მენეჯმენტი, გუნდური მუშაობის არარსებობა, ფინანსური ადამიანური და მატერიალური რესურსების არაეფექტური გამოყენება ხდება“, – განაცხადა გელაშვილმა.

მისი თქმით, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მხოლოდ ერთი პირის, მერაბ ბერიძის პიარს ემსახურება. გარდა ამისა პრობლემაა ისიც, რომ აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა ნაწილმა უცხო ენა და კომპიუტერული პროგრამები არ იცის: „უნივერსიტეტი პენიტენციალურ დაწესებულებას გავს. აკადემიური პერსონალის მიერ ახალი ტექნოლოგიების ვერ, ან არ გამოყენება სწავლებაში, ზოგიერთი აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა მხრიდან უცხო ენის და კომპიუტერული პროგრამის არ ცოდნა – აი ეს აფერხებს საერთაშორისო პროგრამებს და მობილობაში ჩართულობას“. 

თინა გელაშვილის განმარტებით მისი არჩევის შემთხვევაში, უნივერსიტეტში ბევრი რამ შეიცვლება იმისთვის, რომ სასწავლებელი მაღალრეიტინგული გახდეს: „ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხა გადაიხედება, გაკეთდება ელექტრონული პროგრამა სტუდენტებსა და ლექტორებს შორის, ელექტრონული კომუნიკაციით მოხდება დავალებების შესწორება, შეფასება, ეს კომუნიკაცია იქნება ონლაინ რეჟიმში. წამყვანი უნივერსიტეტების კვალიფიციური პერსონალის დახმარებით მომზადდება როგორც პროფესიული, ასევე აკადემიური პროგრამები. მიზეზი სტუდენტთა კონტინგენტის შემცირების არის არამოთხოვნადი პროფესიები“.

მისივე თქმით, მოხდება ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების მოზიდვა. ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგთა გადამზადება და წახალისება: „ტემპუსის და ერასმუსის პროგრამებში ვართ აქტიურად ჩართული. მინიმუმ 60 პარტნიორ უნივერსიტეტთან ვარ შესული ამ პროგრამებით. დღეს ამ ფონდების საშუალებით შეიძლება მოვიპოვოთ დაფინანსება. რაც მეტი გაცვლითი პორგრამები იქნება მით უფრო მაღალრეიტინგული იქნება ჩვენი უნივერსიტეტი და უფრო მოთხოვნადი გახდება“.

ახალ რექტორს აკადემიური საბჭო 3 ივლისს აირჩევს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
http://sknews.ge/

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment