"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ვენეციის კომისიის თანადგომას ჩვენი ქვეყნისადმი და ძალიან ვაფასებთ პირადად ბატონი ჯანი ბუკიკიოს ძალიან მნიშვენლოვან რეკომენდაციებს," - ამის შესახებ საქართველს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ჯანი ბუკიკიოს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების საბაზისო საფუძველი იყო, რომელიც საქართველოში ხორციელდება. „რა თქმა უნდა, ასეთი რანგის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის საკმაოდ რთული და ჩვენ ამ პროცესში ვართ. მე მადლობა გადავუხადე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და გვქონდა საუბარი ასევე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპალამენტო უმრავლესობის ლიდერი საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ. დღესვე ჯანი ბუკიკიო პრეზიდენტს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
ჯანი ბუკიკიო საქართველოში 2-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის საქართველოს გუშინ ეწვია. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესში მონაწილეობს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით გუშინ გაიხსნა და 1 ივლისის ჩათვლით, ბათუმში გაიმართება.
ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან პროცესი იმედისმომცემი იყო, ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა მოგვიანებით მან განსხვავებული განცხადება გააკეთა და საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურად შეაფასა.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 19 ივნისს გახდა ცნობილი. ევროპელმა ექსპერტებმა რჩევები 111-ე პლენარული სესიის ფარგლებში 16 ივნისს მიიღეს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment