Pages

Saturday, June 24, 2017

ქართველი მარკეტერი Samsung-ის გლობალური სტრატეგიის გუნდში მიიწვიეს სამუშაოდ!

პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიების Spotlight 2014-ის გამარჯვებული და ჰარვარდის კურსდამთავრებული ნათია კვაჭანტირაძე, რომელმაც უკანასკნელი 6 წელი Wissol Petroleum Georgia-ს მარკეტინგის ხელმზღვანელის პოზიციაზე გაატარა, სამხრეთ კორეაში, სამსუნგში მიიწვიეს სამუშაოდ, სადაც უახლოესი 9 კვირის განმავლობაში გლობალური სტრატეგიის გუნდში იმუშავებს კონსალტინგურ პროექტებზე. თუმცა, როგორც გავარკვიეთ,  ვადის გასვლის შემდეგ, დიდი შანსია, რომ ხანგრძლივად დარჩეს სამუშაოდ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდის კოლექტივში. როგორ მოხვდა ნათია სამსუნგის გუნდში და რა პერსპექტივებია ქართველი მარკეტერისთვის ახალი მიმართულებით, პირადად მისგან შევიტყვეთ.
M: რა განათლება გაქვს მიღებული და სად?
MBA-მდე, 2009 წელს დავამთავრე ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი Government-ის განხრით, მეორადი ხარისხით ინგლისურ ლიტერატურაში. ამ მეორე ხარისხით ერთი წელი ვასწავლიდი ინგლისურ ლიტერატურას კორეაში 2010 წელს და აქედან გამომდინარე, ენაც საკმაოდ კარგად ვიცი და კულტურა და ქვეყანაც ძალიან მიყვარს. ვფიქრობ ესეც დამეხმარა შეთავაზების მიღებაში. თორემ, მე არც ყოფილი კონსულტანტი ვარ და გასული 6 წელი ვისოლის მარკეტინგის ხელმძღვანელად გავატარე საქართველოში (რომლის შესახებაც კორეაში არ სმენიათ და ყველა ჯერზე საზღვრის გადმოკვეთისას მე და მესაზღვრე ბეჯითად ვეძებთ ხოლმე გუგლში ‘საქართველოს’ რომ დავუმტკიცო რომ სწორი პასპორტი მაქვს).
M: როგორ მოხვდი სამსუნგში, როგორ შეგარჩიეს და რა შევა შენს ფუნქციებში?
ამჟამად, ვარ სტუდენტი დართმუსის ბიზნესის ადმინისტრირების ორწლიან პროგრამაში (Dartmouth Tuck School of Business). დართმუსი ერთ-ერთი Ivy League სკოლაა ტოპ-5 MBA პროგრამით ქვეყანაში. თუმცა, მისი პატარა ზომის გამო (280 სტუდენტი კლასში) ბევრმა არ იცის ეს ბრენდი. New England-ის ძველებურ პატარა ქალაქში განთავსებული სკოლა ნამდვილად ცალკე სამყაროა – წელს დავხურე პირველი წელი განათლების, რომელის სრულიად ტრანსფორმაციული გამოცდილება იყო პიროვნული, აკადემიური და პროფესიული კუთხით.
მიღებულია, რომ MBA პროგრამაში სამსახურისთვის “რექრუთმენთს” იწყებ პირველივე წელს. კომპანია, რომელიც შეგარჩევს, გთავაზობს ზაფხულის სამსახურს ინტერნის სტატუსით და შემდეგ გიკეთებს full-time შეთავაზებას. თუმცა, პირველადი შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია, full-time offer, როგორც წესი, გარანტირებული გაქვს, განსაკუთრებით კონსალტინგის ან ტექ-კონსალტინგის სფეროში, თუკი რამე საშინელება არ მოიმოქმედე.
ამიტომ, ზაფხულის სამსახურის შერჩევის პროცესი ძალიან ინტენსიურია MBA-ებისათვის. სამსუნგის გლობალური სტრატეგიის ჯგუფი მხოლოდ MBA-ებით და მხოლოდ უცხოელებით არის დაკომპლექტებული, მათი ძირითადი ნაწილი ყოფილი კონსულტანტია. ამ ჯგუფის საშუალებით, სამსუნგი ცდილობს შეინარჩუნოს გლობალური ხედვა, რომელიც ყველა გიგანტ multinational-ს ასე სჭირდება. შესაბამისად, ეს პატარა ჯგუფი ძალიან პრესტიჟულად ითვლება და მოხვედრა რთულია. ტოპ 8 სკოლიდან წინასწარ შერჩეული ასამდე კანდიდატი გადის ინტერვიუს სამ ეტაპს: ჯგუფური ინტერვიუ, კლასიკური ქეის-ინტერვიუ კონსალტინგიდან და ბოლო – დამახასიათებელი (fit interview). ამის შემდეგ, 10 კანდიდატი იღებს შეთავაზებას და ხდება Associate Global Strategist 9 კვირით, რომლის ბოლოსაც წყვეტ, გააგრძელებ მომავალ წელს სხვა სამსახურის ძებნას, თუ მოგწონს აქ და დარჩები (თუ, როგორც აღვნიშნეთ, რამე საშინელებას არ მოიმოქმედებ და თვითონ არ გაგიშვებენ). წელს მხოლოდ 9 სტუდენტმა მიიღო შეთავაზება. ჩემი სკოლიდან მხოლოდ მე ვარ, დანარჩენი სტუდენტები HBS, Kellogg, MIT, მეტი არ ვიცი ყველას ჯერ არ შევხვედრივარ, ახლა ჩამოვედი.
M: რა გეგმები გაქვს, სეულში რამდენ ხანს იქნები, მარტო გადახვედი? რა შევა შენს ფუნქციებში?
სეულში მარტო ჩამოვედი და აქ შევხვდი ჩემი გუნდის დანარჩენ 8 წევრს, განგნამში ვცხოვრობთ, სათაო ოფისთან, სადაც ვიმუშავებთ მთელი ზაფხული. მოვალეობები ტიპური კონსალტინგური პროექტებია, პროდუქციის გამოშვება, მოგების ზრდა, ოპერაციების ოპტიმიზაცია და ა.შ. სამსუნგის შვილობილი კომპანიებისთვის. ბევრმა არ იცის, მაგრამ სამსუნგი მხოლოდ ტექნიკის წარმოებაში არ არის ჩართული, ის სამხრეთ კორეის ეკონომიკის 20%-ს შეადგენს თავის საქმიანობით რომლებს შორისაა ჯანმრთელობის სფერო (ჰოსპიტალები), ნახევარგამტარები, გემთმშენებლობა და ა.შ. ეს კომპანიები მიმართავენ გლობალური სტრატეგიის ჯგუფს როგორც კლიენტები და ჩვენ 3-5 კაციანი შემადგენლობის ჯგუფებით ვემუშავებით მათ სხვადასხვა პრობლემატიკასა და საკითხებზე. სექტემბერში სწავლას დავუბრუნდები კიდევ 1 წლით რომ დავხურო ხარისხი.
marketer.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment