Pages

Thursday, July 20, 2017

რა ვითარებაა პედაგოგთა საგამოცდო სექტორში

საქართველოში ახლა გამოცდების ბუმია. გამოცდებს აბარებს ყველა: დიდი თუ პატარა. სკოლაში დამთავრდა უკვე როგორც შიდა, ასევე საატესტატო გამოცდები. ამჯერად, ერთიანი ეროვნული გამოცდები და პედაგოგთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება მიმდინარეობს. გამოცდების მიმდინარეობის გადაღების უფლება მხოლოდ ცენტრის გარე პერიმეტრზეა შესაძლებელი. იმის შესახებ კი, რაც შიგნით ხდება და ყველაზე საინტერესოა, მხოლოდ გადმოცემით ვიგებთ ხან აბიტურიენტების და ხან მასწავლებლების მონაყოლით. წელს ინტერესი სრულად დავიკმაყოფილეთ და მომეცა საშუალება, რომ გამოცდა შიგნიდანაც გამეშუქებინა.
14 ივლისი ქართული ენის და ლიტერატურის დღე იყო. მე ამ გამოცდაზე როგორც ქართული ენის მასწავლებლობის მსურველი ისე დავრეგისტრირდი. მოქმედი მასწავლებლებისგან განსხვავებით, რომლებიც სქემაში არიან ჩართული, ჩვენ ქულათა რაოდენობის 60% უნდა ავიღოთ, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაგვეთვალოს. ვინაიდან ქართულის ტესტი 70 ქულიანია, ზღვრის გადასალახად 42 ქულა და მეტია მოსაგროვებელი.
როგორც წესი, რეგისტრაცია, 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00-ზე დაიწყო.
საათნახევრით ადრე მისულიყვნენ პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები 103-ე საჯარო სკოლაში. თითქმის ყველამ ნახა ნაცნობი, მეგობარი, ან იმ დროს გაიცნო ვინმე. დრო კი ბევრი გვქონდა. სასაუბრო თემაც ბევრი იყო, მაგრამ აპლიკანტების ფიქრები და სიტყვები მაინც გამოცდას დასტრიალებდნენ.
„ნახე, რამხელა დაცვა გვყავს! ისე არავინ გვიცავს და აქ მაინც დაგვიცვან!“, – ამბობდა ხუმრობით  ასაკოვანი პედაგოგი. „იყავით ტრენინგზე?“ – კითხულობდა მეორე. „ვიყავით. აბა, ახლა ისე ვინ გაგაჩერებს?“ – პასუხობდა ისევ პირველი პედაგოგი.
„წელი ისე მტკივა, იმდენხანს გავძლებ ნეტა დამჯდარი?“ (გამოცდა 5 საათი გრძელდება ავტ.), – თქვა ახალმოსულმა.
19702435_1524865240868033_8829755002050062787_nსაუბარი რეგისტრაციის შემდეგაც გაგრძელდა. მეჩვიდმეტე სექტორში არ მოვიდა 3 დარეგისტრირებული კანდიდატი. პედაგოგები ცდილობდნენ მიზეზის დადგენას. გამოთქვამდნენ ვარაუდებს, მაგრამ მაინც ვერ მიმხვდარიყვნენ, რატომ არ მოსულიყვნენ გამოცდაზე მათი კოლეგები, სურვილის გამოთქმის მიუხედავად.
„დრო გაქვთ, სანამ ტესტირება დაიწყება, შეგიძლიათ საპირფარეშიში გახვიდეთ, თორემ გამოცდის მიმდინარეობისასა, მეთვალყურის გარეშე ვერ გახვალთ“, – გაფრთხილება მოგვცა კურატორმა.
იმის შიშით, გაჭირვების ჟამს, რიგში დგომამ არ მოგვიწიოსო, რჩევა მალევე გავითვალისწინეთ.
სანამ ტესტირება დაიწყება, დერეფანში გასვლა თავისუფლად ისედაც შეიძლება. დერეფანში კი ქართველი მწერლების ფოტოებია მათი ფრაზებითურთ გამოკრული. ვათვალიერებდი, „რა იცი, რაში გამომადგეს“ პრინციპით. „სპეციალურად თქვენთვის გამოვფინეთო“, – ხუმრობით მითხრა დამკვირვებელმა.
აპლიკანტებს შორის კარგ ხასიათზე მყოფები ჭარბობდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნერვიულობდნენ: „დიდხანს ვეძებდი საგამოცდო ცენტრს. სხვაგან ამოვედი. დაგვიანების შემეშინდა და ავნერვიულდი. წნევამ მომიმატა“ (103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში წელს პირველად ტარდება გამოცდები. სამგორის რაიონშია. ავტ.), – თქვა ერთმა პედაგოგმა და კოლეგების რჩევით ექიმთან გავიდა.
საგამოცდო ცენტრის ძიებისას პრობლემები, როგორც აღმოჩნდა, სხვასაც შეექმნა. ზოგმა ამ ადგილის შესახებ პირველად გაიგო, თუმცა ახლა, ალბათ, აღარც დაავიწყდება.
9 საათიც შესრულდა. 3 დარეგისტრირებული აპლიკანტი ისევ არ მოვიდა. გამოცდა დაიწყო და პირველი, რაც შევამჩნიე, პატარა ნოუთბუქში, სადაც საგამოცდო საკითხები ეწერა, ცხვირი რომ არ მიმეტანა  მონიტორთან, ასოებს ვერც გავარჩევდი. „მგონი, დროა, სათვალის გამოყენებაზე ვიფიქრო“, – გამიელვა თავში.  გადავედი საკითხებზე და აღმოვაჩინე, რომ ეს თვითონ ინსტრუქცია ყოფილა პატარა შრიფტით დაწერილი, კინაღამ რომ გამომაგლოვებინა მხედველობა.
გამოცდას გაორებული ვხვდები, ყველა დეტალს თან მასწავლებლის და თან ჟურნალისტის თვალით ვუყურებ.
ტუშის კალმებზე წუწუნი არც მასწავლებლებში შემწყდარა. ძალიან არაკომფორტულია, ანელებს მუშაობის პროცესს.
რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, 2005 წლიდან მე თვითონ მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი ამ კალმებით გამოწვეული გასაჭირი. 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს, 2010 წელს ერთიანი სამაგისტრო გამოცდის დროს, 2012 წელს ფრანგული ენის მასწავლებლის გამოცდის და პროფესიული უნარების ჩაბარების დროს და რაც განათლების საკითხებს ვაშუქებ, ალბათ, დაახლოებით 3-4 წელი, სულ ამ კალმების პრობლემის შესახებ მესმის ყველასგან.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხი ამ საკითხზე არის ის, რომ კანონია ასეთი და ტენდერით აუცილებლად ის კალმები უნდა შეიძინონ, რომლებსაც ბაზარზე დაბალი ფასი აქვს. ანუ ეს მათ კი არა, ტენდერის პირობებს უნდა დავაბრალოთ.
არადა, პრობლემა დგას 12 წელია! თ ო რ მ ე ტ ი  წ ე ლ ი! 2 კვირა, 2 თვე, ან თუნდაც 2 წელი კი არა, მთელი 12 წელიწადი. ამ 12 წელიწადში როგორ ვერ მოხერხდა ტენდერის პირობების შეცვლა, ან კონკრეტულად ეროვნული გამოცდებისთვის გამონაკლისის დაშვება?
იგივე შეიძლება ითქვას, საგამოცდო ცენტრების კონდიცირებაზე. რასაკვირველია, ამ პრობლემის მოგვარება, კალმებისგან განსხვავებით, ძალიან ძვირი ჯდება. და საერთოდ, ეროვნული გამოცდების ორგანიზება არ არის იაფი პროცესი.
სკოლებს და უნივერსიტეტებს, რომლის ფართსაც გამოცდების დროს ქირაობს ცენტრი, რა თქმა უნდა, არ უღირს  თანხების გაღება კონდიცირებისთვის. მით უმეტეს, ზაფხულში, როცა სწავლა არ არის. არც „ნაეკს“ უღირს მარტო ერთი სეზონისთვის ხარჯის გაღება. ეს, პრინციპში, მარტო ერთი ორგანიზაციის, გამოცდების ეროვნული ცენტრის გადასაჭრელი პრობლემა არ არის, მაგრამ არც მთავრობა ცდილობს აპლიკანტების დაცვას სიცხისგან.
შესაძლოა გულწრფელადაც აწუხებდეთ, მაგრამ მარტო წუხილი და სიტყვები არაა საკმარისი.  საქმე ქმედებაა, რომელიც პრობლემის გადაჭრით უნდა დამთავრდეს!
საბედნიეროდ, ჩვენ გამოცდა დილის სესიაზე გვქონდა, მზეც არ ჩანდა  და არც კალმები გადღაბნილა, მაგრამ ამინდის იმედად როგორ უნდა იყოს გამოცდაზე გასული აპლიკანტი?  კალამი უმზეოდაც პრობლემებს გვიქმნიდა ისე. ძლივს წერდა. რა თქმა უნდა, კურატორები გვთავაზობენ გამოცვლას, ასევე გვასწავლიდნენ, როგორ დაგვეჭირა კალამი ისე, რომ წერა შეგვძლებოდა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თავიდან ვსწავლობდი წერას. ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ საგამოცდო ფურცელი არ დამეზიანებინა,  ვიმუშავე ტესტზე.
საინტერესო იყო თავად საგამოცდო საკითხები. ენის ნაწილის პირველი 8 დავალება უმარტივესი მომეჩვენა. ბუნებრივია, ტესტების სიმარტივეც და სირთულეც თითოეული აპლიკანტის მომზადების და გამოცდილების მიხედვით იზომება, მაგრამ გრამატიკის საკითხები იოლი იყო  ნამდვილად. გავთამამდი და თავდაჯერებით განვაგრძე წერა.
პირველივე დავალება პარონიმების, „აღქმა“ და „აღთქმის“ სწორად გამოყენებას ეხებოდა.  მეორე –  ერთცნებიანი კომპოზიტების მართლწერას. მომდევნო დავალებები ირიბი ობიექტის ბრუნვასა და პირის ნიშანზე, ოცნებიან კომპოზიტთან შემასმენლის შეთანხმებაზე იყო. მოსწავლისთვის უნდა აგეხსნა, მერვე დავალების მიხედვით, თანდებულის რაობა. ისეთი საკითხები იყო, კარგად მომზადებული მეცხრეკლასელიც რომ თავისუფლად უპასუხებდა. თუმცა სკოლაში ხომ ახლა ენას ცოტა საათები აქვს, ან საერთოდ არ ასწავლიან?! ასე რომ გააჩნია, იმ მეცხრეკლასელსაც როგორი პედაგოგი ეყოლებოდა.
ქართული ლიტერატურის ნაწილი უფრო რთული მეჩვენა (ტესტების სიმარტივე-სირთულეც ამ შემთხვევაში მაინც პირობითი და სუბიექტური შეფასებაა). თუმცა, ალბათ, ყველაფერი მარტივი ვერც იქნებოდა.
პედაგოგთა უმრაველესობამ დრო თითქმის ბოლომდე გამოიყენა.
ჯერი ახლა შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრზეა.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment