გვანცა სარალიძე ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელმაც სკოლა ესპანეთში დაამთავრა, უკვე ჩააბარა მისაღები გამოცდები და ვალენსიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
როგორც მასთან საუბრისას გაირკვა, ესპანეთში აბიტურიეინტებს მისაღები გამოცდების სკოლის დასრულების შემდგომ, რამდენიმე დღეში უტარდებათ და შედეგებსაც მალევე იგებენ.
–მოკლედ რომ გვითხრა, რა სისტემით ჩააბარე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები?
–აქ მისაღები გამოცდები, ასე ვთქვათ, ორი კომპონენტისგან შედგება, XI-XII კლასების ნიშნები და უნივერსიტეტში ჩასაბარებელი გამოცდები. ჩასაბარებელი ქულის 60% მოდის სკოლის ნიშნებზე, 40% კი მისაღებ გამოცდაზე. ამ 40%-ს ვაგროვებთ ვალენსიურის, ესპანურის, ინგლისურის და ესპანეთის ისტორიის გამოცდებში. ეს სავალდებულო გამოცდებია, რითაც აბიტურიენტი 10 ქულას აგროვებს. თუმცა უნივერსიტეტებსა და მიმართულებებს საკუთარი ბარიერები აქვთ, მაგალითად სამედიცინოზე ჩასაბარებლად საბოლოო ქულა 12 უნდა გამოგივიდეს, მაქსიმუმი კი 14-ია. ამის გამო აბიტურენტს შეუძლია მიმართულების მიხედვით დამატებითი გამოცდები ჩააბაროს და შესაბამისად დამატებითი ქულებიც მიიღოს. მე მაგალითად ფიზიკა და ქიმია ჩავაბარე დამატებით. მიუხედავად იმისა რომ ჩემი მიმართულებისთვის ბარიერი 8 ქულა იყო და დამატებითი გამოცდების გარეშეც ჩავაბარებდი.
–რა ფორმატით აბარებ და რამდენ ხანში იგებ გამოცდის შედეგებს, რამდენია მოლოდინის რეჟიმი?
–გამოცდების პასუხები ორ კვირაში შევიტყვეთ. გამოცდები სკოლის დასრულების შემდეგ, მალევე, ივნისში, ჩაგვიტარდა. სულ 7 გამოცდა ჩაგვიტარდა სამ დღეში, ერთ დღეს შეიძლება 3-4 გამოცდა გქონდეს. არანაირი შესვენება გამოცდის დღეებს შორის არ გვქონია. აქვე გეტყვით, რომ გამოცდებზე მშობლები და ახლობლები საგულშემატკივროდ არ დაგვყვებოდნენ. რაც შეეხება ფორმატს, გამოცდები, საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენ არაელექტრონულად, წერითი სახით ჩაგვიტარდა.
–რამდენიმე უნივერსიტეტში შეგეძლო განცხადების შეტანა?
–მას შემდეგ რაც მისაღები გამოცდების ქულებს გაიგებ, შეგიძლია სულ 20 უნივერსიტეტში ინტერნეტით გაგზავნო საბუთები, პასუხები კი რამდენიმე დღეში მოდის.
–როგორ ხდება დაფინანსების მიღება?
–ვინც ჩვენ ქვეყანაში სწავლას აკონტროლებს, ის ინსტიტუცია უშვებს დახმარებებს ოჯახის შესაძლებლობის მიხედვით. თუ სახლი გაქვს, მანქანა და დიდი ხელფასი (დედ-მამას). დაფინანსებას ძნელად იძლევიან, მაგრამ ნიშნების მიხედვით არ არის.
–შენი კლასიდან ყველა აბარებდა უნივერსიტეტში? და ემზადებიან თუ არა ესპანელი აბიტურიენტები საგამოცდიდ რეპეტიტორებთან?
–ჩემი კლასიდან ყველა არ მიდის უნივერსიტეტში. 25-დან 20 ვაბარებდით უნივერსიტეტში, დანარჩენები ან ჩარჩნენ, ან კოლეჯში აბარებენ და მერე, უფრო გვიან ჩააბარებენ უმაღლესში. რაც შეეხება სკოლის გარდა მასწავლებლებთან მომზადებას, დიახ, ზოგიერთი აბიტურიენტი აქაც დადის რეპეტიტორთან, იმის მიხედვით თუ რომელ საგანში უჭირს და ვერ იგებს სკოლაში ახსნილს.
–რაც შეეხება სკოლას, თუ ჩაგიტარდათ გამოსაშვები გამოცდები სკოლაში?
–როცა მეთერთმეტე კლასში გადავედით, გავიყავით მიმართულებების მიხედვით, ჰუმანიტარული საგნების მოსწავლეები, ეკონომიკურის (შერეულია ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნები) და ბოლოს ტექნიკური საგნების მოსწავლეები. როგორც ასეთი, გამოსაშვები გამოცდები არ ჩაგვტარებია, მხოლოდ ინგლისურში და ვალენსიურში გვქონდა, დანარჩენ საგნებში ყოველი წლის ბოლოს საკონტროლოები გვიტარდებოდა ხოლმე.
–მედლებით თუ აჯილდოვებს სახელმწიფო წარმატებულ მოსწავლეებს?
–მედლების გაცემა არ ხდება, თუმცა ვისაც სკოლაში მე-11 და მე-12 კლასებში მთლიანობაში ცხრიანზე მეტი გამოყვება, უნივერსტეტის პირველი კურსი უფინანსდება.
–რაც შეეხება სკოლის დამთავრების ტრადიციებს, გქონდათ თუ არა ბოლო ზარი, ბანკეტი, ექსკურსია?
–სკოლის ბოლო დღეს ბარში ვიყავით მასწავლებლებთან ერთად. ბანკეტზე კი მთელი კლასი მივედით სკოლაში ლამაზად ჩაცმულები და სცენაზე გადმოგვცეს ჩვენი დიპლომები. გამოცდების დასრულების შემდეგ კი კლასელები მალტაზე წავედით სამოგზაუროდ.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment