როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყებას სურს განმარტება გააკეთოს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლას შეეხება.
როგორც შსს-ში განმარტავენ, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით შემოწმება გამკაცრდება და შედეგად ქულების შემცირება გავრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს, არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე, არ შეცვლილა საპატრულო პოლიციის აქამდე არსებული მიდგომა ბუნებრივი აირის სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით. ვიდრე არ ამოქმედდება ტექდათვალიერების სისტემა და არ დადგინდება სტანდარტები ამ სფეროში, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ისარგებლებენ ისეთივე სამართლებრივი რეჟიმით, როგორც ეს იყო 2017 წლის 1-ელ ივლისამდე და მათ ქულების შემცირება არ შეეხებათ. გამონაკლისია იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომელთა ავტომობილები ექვემდებარებიან სავალდებულო ტექდათვალიერებას. შესაბამისად, მათ შემოწმება და ქულათა შემცირება შეეხებათ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ipn.ge
No comments:
Post a Comment