Pages

Friday, August 11, 2017

2017 წლის აბიტურიენტების წერილი ლიტერატურის გამოცდის თაობაზე და „ნაეკის“ პასუხი

საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE, 9 აგვისტოს აბიტურიენტების ერთობლივი წერილი და ასევე ერთ–ერთი აბიტურიენტის წარმომადგენლის შეტყობინება მიიღო, სადაც ისინი 2017 წლის აბიტურიენტთა ლიტერატურის გამოცდის შესახებ გვწერდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ, რომ მათთვის გამოცდების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად ეპასუხა და განმარტება მიეცა.
ჩვენ დავუკავშირდით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და მათი პოზიცია წერილობითი სახით მივიღეთ. გთავაზობთ როგორც აბიტურიენტებისა და მშობლის, ისე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებულ პოზიციას:
მოგესალმებით!
“გატყობინებთ, რომ ლიტერატურის გამოცდის მე–2(მეორე) წერით დავალებაში აბიტურიენტების მიერ მიღებულმა ქულებმა, რომელიც ძალიან დაბალია, რამდენიმე დღეა ფეისბუქ ჯგუფები აალაპარაკა. აბიტურიენტები ვსაუბრობთ გამსწორებლების ხელაღებულ და ზედმეტად „გაბედულ“ ქმედებებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში თემის განულებით ან უდაბლესი–3,4,5,6 ქულებით გამოიხატება.
ჩვენთვის გაუგებარია ასეთი “გაბედულების“ მოტივი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ცუდ შედეგამდე, ნულ ქულამდე მიდის/მივყავართ
ჩვენ გვაინტერესებს:
1.ზოგადად, რატომ ნულდება ეს ნაშრომები?
2.გამსწორებლები ზედმეტად კრიტიკულები და მომთხოვნები ხომ არ არიან?
ასევე, კარგი იქნებოდა ლიტერატურის საგნის ჯგუფს ამ დავალების დაწერის სპეციფიკაზეც ესაუბრა, ვინაიდან ჩვენ ხშირად მას პირდაპირი მნიშვნელობით ვიგებთ და საბოლოო ჯამში არგუმენტების დახვავებით გამსწორებელზე ცუდ შთაბეჭდილებას ვტოვებთ.
ვინაიდან, EDU.ARIS.GE-განათლების საკითხზე მუშაობს, ვფიქრობდით, რომ ჩვენი სათქმელის მიტანას ეს არხი შეძლებდა. გთხოვთ, შემჭიდროვებულ ვადებში ამ კითხვებზე პასუხი მოგვაწოდოთ”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს აბიტურიენტთა ეს შემადგენლობა: თორნიკე დ, გიგა გ, სოფო ე, ელენე ბ, სალომე ს, ჯაბა ვ, ლუკა ხ, თეონა ხ, მეგი მ და ვახტანგ ნ.
ერთ–ერთი აბიტურიენტის მშობელი კი შეტყობინებაში ლიტერატურის გამოცდის კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს და ისიც განმარტებას ითხოვს: 
„ლიტერატურაში 14(2)  ,,ყივჩაღის პაემანი”… კითხვა არის: რომელი ლიტერატურული მიმართულებისათვის არის დამახასიათებელი ძველი ტექსტის ამგვარი ინტერპრეტაცია? პასუხი: ტექსტის ამგვარი ინტერპრეტაცია დამახასიათებელია მოდერნიზმისთვის (პოსტმოდერნიზმისათვის). და მერე კონკრეტულად, გარკვევით წერია:  2)პოსტმოდერნიზმი. ჩემმა შვილმა დაწერა ,,სიმბოლიზმი”. რატომ არის შეცდომა და რატომ დაეწერა ,,ნული”.  მოდერნიზმი თავისთავში სიმბოლიზმსაც მოიცავს და სიმბოლიზმი მოდერნიზმის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ სკოლაში ვასწავლით, რომ ლეონიძე სიმბოლიზმის მიმდევარია. გადავჩხრიკე წიგნები და ყველგან ,,სიმბოლიზმი” წერია. მოდერნიზმის განმარტება წერია ჭილაიას ლიტ. მცოდნეობაში და პოსტმოდერნიზმის ვიკიპედიაში. ავტობიოგრაფიაში ლეონიძე წერს, რომ სიმბოლიზმითაა გატაცებული.
ლიტერატურა: 15(2) კითხვა: როდის გააცნობიერა იგიმ, რომ მისგან რაღაც დარჩებოდა? პასუხი: როდესაც სიკვდილის წინ იგიმ უფსკრულისკენ ნაბიჯი გადადგა, მაშინ გააცნობიერა, თუ რა დარჩებოდა მისგან. (2) სიკვდილის  წინ. ეკითხებიან არა იმას თუ რა დარჩებოდა, არამედ იმას რომ ,,რაღაც” რომ დარჩებოდა  ეს როდის გააცნობიერა. ჩემს შვილს დაახლოებით ასე უწერია:  როდესაც უკან მოიხედა და წელში გამართული ზუ დაინახა. რატომ არის ეს პასუხიც შეცდომა და რატომ უწერია „ნული“?
11(1) რით არის გამოწვეული აზნაურთა ეკონომიკური გაჭირვება? – ჩემს შვილს დაახლოებით ასე უწერია: ბრიყვულად ცხოვრობენ, გარჯა ეთაკილებათ. პასუხში  ,,ნაეკს” უწერია,,: გლეხების გათავისუფლების შემდეგ აზნაურები უფასო მუშახელის გარეშე დარჩნენ”. ,,უფასო მუშახელში” რა იგულისხმება? აზნაურები არასდროს თვლიდნენ გლეხებს ,,უფასო მუშახელად”. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ, ერთად ცხოვრობდნენ და არც მონები იყვნენ და არც ტრეფიკინგის მსხვერპლნი”, – გვწერს აბიტურიენტის მშობელი.
გამოცდების ეროვნული ჩვენი საშუალებით გაეცნო აღნიშნულ წერილებს. ცენტრი მიიჩნევს, რომ აბიტურიენტებისა და მათი ახლობლების ამ ტიპის საჯარო განხილვები, გამსწორებლებსა და სააპელაციო კომისიაზე ზეწოლის მოხდენის სურვილს წააგავს.
“ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ამომწურავად გავცეთ პასუხი გამოცდების მონაწილეებს, მათ ახლობლებს, მედიის წარმომადგენლებს, უბრალოდ დაინტერესებულ პირებს,  თუმცა უცნაურ ტენდენციას წავაწყდით და ამიტომ გვინდა ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატოთ. აბიტურიენტებისა და საერთოდ დაინტერესებული პირების,  მათ შორის რეპეტიტორების (რომლებიც, ბუნებრივია,ასევე დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ), მიერ ტესტის კონკრეტული დავალებისა თუ შეფასების სქემის დეტალების განხილვა მედიის საშუალებით (როდესაც ეს ინფორმაცია განთავსებული და არაერთხელ განმარტებულია) არა საჯაროობის, არამედ უკვე გამსწორებლებსა და სააპელაციო კომისიაზე ზეწოლის მოხდენის სურვილს წააგავს. სააპელაციო პროცესი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ აბიტურიენტმა, რომელიც შეფასებას არ ეთანხმება, მისი გასაჩივრება შეძლოს.
“ეს გარემოება უცნაურია იმიტომაც, რომ ასეთი სახის წერილს ტესტის შემქმნელებს არ უგზავნიან მაშინ, როდესაც კითხვის ადრესატები ისინი არიან. საგნობრივი ჯგუფებისთვის საკუთარი მოსაზრებისა თუ შენიშვნების მიწოდების შესაძლებლობა ყოველთვის ჰქონდათ მსურველებს და დღესაც აქვთ”, – გვიპასუხეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
edu.aris.ge



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment