👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2017 წლის მარტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში „თავისუფალი გაკვეთილების“ დანერგვა დაიწყო და შესაბამის პროექტებზე კონკურსიც გამოცხადდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ტიპის გაკვეთილებს სამინისტრო მთლიანად დააფინანსებს.
„თავისუფალი გაკვეთილები“ მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ, არაფორმალური აქტივობების ციკლს გულისხმობს, რომელიც VII-VIII კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი. გასული სასწავლო წლის მიწურულს პროექტი საპილოტე რეჟიმში თბილისის 15-მდე სკოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ სასწავლო წლიდან იგი მასშტაბურ სახეს მიიღებს.
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
როგორც EDU.ARIS.GE-ს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთი კურცხალიამ განუცხადა, განსაკუთრებული ყურადღება პროექტში სოფლებისა და დაბების სკოლების ჩართვაზე გამახვილდა. მისივე განმარტებით, კონკურსის პირობების თანახმად, პროექტები 4 ძირითადი მიმართულებით დაფინანსდა:
“პროექტები დაფინანსდა 4 მიმართულებით: სპორტი, წიგნიერება, კულტურა-ხელოვნება და ინტელექტუალურ-შემეცნებითი.
სპორტის მიმართულებით სკოლებს არჩეული აქვთ სპორტის სხვადასხვა სახეობები, წიგნიერების მიმართულებით მკითხველთა და შემოქმედთა კლუბები შეიქმნა. კულტურა-ხელოვნების მიმართულებით: თეატრი სკოლაში, კინო სკოლაში (კინოცენტრთან თანამშრომლობით), ხელოვნების სახელოსნო, მუსიკალური სტუდია, კულინარების კლუბი და სხვა. ინტ-შემეცნებითი: ლიდერთა კლუბი, რა? სად? როდის? მოგზაურთა კლუბი, გარემოსდაცვითი პროექტები (არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით), სოციალურ-ფინანსური განათლება (ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით) და სხვა.
“თავისუფალი გაკვეთილები” მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში დაინერგა . აქცენტი სოფელსა და დაბაში მდებარე მცირეკონტინგენტიან სკოლებზე გაკეთდა”,- ამბობს კურცხალია.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი სკოლაა ჩართული პროექტში, თუმცა აღნიშნავს , რომ სამინისტრომ, დაახლოებით, 3000 პროექტი დააფინანსა.
“ახალი სასწავლო წლიდან უკვე დაფინანსებული სკოლების ნაწილი დაწყებულ პროექტებს გააგრძელებს. მათ დაემატება ახალი სკოლები, თუმცა რაოდენობას ჯერ ვერ გეტყვით, განაცხადების მიღება 10 ოქტომბერს სრულდება. დაფინანსებული პროექტების რიცხვი კი 3000-ს აღწევს”,- აცხადებს კურცხალია.
განათლების სამინისტრომ ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლას კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ორი პროექტი დაუფინანსა, რომელთა ავტორი აუდიო-ვიზუალური ხელოვნების აკადემიური დოქტორი გიორგი უღრელიძეა. იგი EDU.ARIS.GE-ს თავისი იდეების შესახებ ესაუბრა:
“განათლების სამინისტრომ ჩემ მიერ წარდგენილი ორივე პროექტი – “მე მიყვარს ხელოვნება” და “ჩემი ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ” დააფინანსა. პირველი მათგანი მთლიანად დაეთმობა ფილმების ჩვენებასა და მათ განხილვას. სასწავლო მიზნით ვნახავთ ისეთ ცნობილ ფილმებს, როგორებიცაა: ჩაპლინის “ბიჭუნა”, უოლტ დისნეის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, ვასილ ამაშუკელის „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. განვიხილავთ ქართული კინემატოგრაფიის უახლეს ნიმუშებსაც. მათ შორის, ზაზა ურუშაძის “მანდარინებსა” და გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირს”. ამას გარდა, მოსწავლეებს დაევალებათ შექსპირის, იბსენისა და პოლიკარპე კაკაბაძის პიესების წაკითხვა. ბავშვები პროექტის მიწურულს ნანახი ფილმებიდან და წაკითხული პიესებიდან სკოლის სცენაზე ეპიზოდებს წარმოადგენენ .
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
“რაც შეეხება მეორე პროექტს – “ჩემი ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ”, აქ მოსწავლეები გაეცნობიან ქობულეთის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. თავისუფალი გაკვეთილები ჩაუტარდებათ თემებზე, რომლებიც მოიცავს ქალაქის ისტორიის, გეოგრაფიის, საკითხებს. მოსწავლეები ქობულეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებაც მიიღებენ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება სკოლაში, სადაც ქართველ ბავშვებთან ერთად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ.
გაკვეთილების მსვლელობისას ზოგჯერ შესაძლოა, მოვიწვიოთ თემატიკის შესაბამისი კომპეტენტური პირები, რომლებიც თავად გაესაუბრებიან პროექტის მონაწილეებს. პროექტის ავტორი ასეთ დროს მოდერატორის ფუნქციით გაუძღვება გაკვეთილს”, – ამბობს გიორგი უღრელიძე.
როგორც თავად აღნიშნავს, იგი წინააღმდეგი არაა, თუ თავისი სკოლის გარდა, პროექტები სხვა სკოლებშიც განხორციელდება:
“ჩემ მიერ შეთავაზებული თავისუფალი გაკვეთილები 18 სექტემბრიდან ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ, თუმცა განცხადებაში აღვნიშნე, რომ თანახმა ვარ, პროექტი სხვა სკოლების მიერაც იყოს გამოყენებული”,- განმარტავს უღრელიძე.
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
EDU.ARIS.GE-ს -სთან საუბრისას ქეთი კურცხალია ამბობს, რომ თითოეული პროექტის დაფინანსების ოდენობა ჩასატარებელი საათების რაოდენობითა და პროექტისთვის საჭირო რესურსებით განისაზღვება. ახალი სემესტრისთვის თითოეული პროექტი საშუალოდ 500-800 ლარით დაფინანსდა. მთლიანად კი ბიუჯეტიდან “თავისუფალ გაკვეთილებზე” 1 900 000 ლარი დაიხარჯა:“ერთ პროექტზე გაცემული თანხის ოდენობა დამოკიდებულია ჩასატარებელი საათების რაოდენობასა და პროექტისთვის საჭირო რესურსებზე. გაზაფხულის სემესტრში გაცემული თანხები მერყეობდა 400-დან 1500 ლარის ფარგლებში, ამ სემესტრში თითოეულ პროექტი საშუალოდ 500-800 ლარით დაფინანსდა. ამ ეტაპზე დაახლოებით, 1 900 000 ლარია დახარჯული “, – აცხადებს კურცხალია.
განათლების სამინისტრომ ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის პროექტები 600-600 ლარით დააფინანსა. უღრელიძე იმედოვნებს, რომ მის მიერ ჩატარებული “თავისუფალი გაკვეთილები” შედეგიანი იქნება და მიუხედავად მეცადინეობის ხანგრძლივობისა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან გაკვეთილის მსვლელობაში:
“გამომდინარე იქედან, რომ თავისუფალი გაკვეთილების სასწავლო კურსი ჩვეულებრივი გაკვეთილებისგან რადიკალურად განსხვავდება, საინტერესო და უჩვეულო იქნება სწავლების მეთოდებიც. თითოეული მეცადინეობა 1 საათს გასტანს, თუმცა ვფიქრობ, ეს მოსწავლეების გადაღლას არ გამოიწვევს, რადგან სწავლების პროცესი მოსაწყენი და უინტერესო არ გახდება. ვიმედოვნებ, თითოეული მათგანი აქტიურად ჩაერთვება სასწავლო პროცესში”,- ამბობს გიორგი უღრელიძე.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment