Pages

Thursday, September 7, 2017

სკოლებში ვაშლის დარიგების საპილოტე პროექტმა შესაძლოა, კვების ფესტივალის სახე მიიღოს


ვაშლის შეძენისთვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, - ამის შესახებ პირველ არხს განათლების სამინისტროს პროექტების მენეჯერმა, მაია მუშკუდიანმა განუცხადა. 
მისი თქმით, სატენდერო თანხის მოცულობა ჯერ დაზუსტებული არ არის. 
„ამ მომენტისთვის ტექნიკური სამუშაოების დამუშავება მიმდინარეობს, რათა ტენდერი რაც შეიძლება მალე გამოცხადდეს. გვინდა, 18 სექტემბრიდან ერთ კვირაში სკოლებს ვაშლები უკვე მივაწოდოთ. ამ ეტაპისთვის ვაშლის ტენდერს რა თანხა დასჭირდება, ზუსტად არ ვიცით, ეს ითვლება და ტენდერის გამოცხადებასთან ერთად გახდება ცნობილი“, - აღნიშნა მუშკუდიანმა
განათლების სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ვაშლის ჯიშზე შეზღუდვა არ იქნება, თუმცა გაწერილია რიგი კრიტერიუმებისა, რომელსაც მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ხილი უნდა აკმაყოფილებდეს. 
„კონკრეტულად რა ჯიშის ვაშლები უნდა შევიდეს სკოლაში, არ გვაქვს ტენდერის პირობაში ჩადებული, შესაბამისად, ჯიშები არ იქნება შეზღუდული, რომ ვინმე არ შევზღუდოთ და ვინმეს უპირატესობა არ მივანიჭოთ. თუმცა, გაწერილი გვაქვს მახასიათებლები, რომ ვაშლი იყოს საღი, ზედაპირი არ იყოს დაზიანებული, წონით არ უნდა იყოს 150 გრამზე ნაკლები და ა.შ. ჩვენ ვაშლის ჯიშებიც შევადარებინეთ ერთმანეთს და როგორც ნუტრიციოლოგებმა გვითხრეს, ვაშლის ყველა ჯიში სასარგებლოა, მათ შორის სარგებლიანობის კუთხით განსხვავება არაა“, - განუცხადა მუშკუდიანმა პირველ არხს
სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სკოლებში ვაშლების დარიგება ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქცია იქნება. მისი თქმით, საპილოტე რეჟიმში თბილისის 10 დიდი სკოლა შეირჩა, თითო რაიონიდან ორ-ორი სკოლა. პროექტში დაახლოებით 20 000 ბავშვი ჩაერთვება. ბავშვებს ხილი კვირაში ერთხელ მიეწოდებათ. საპილოტე პროექტი ერთი სემესტრის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. 
„ეს კეთდება ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და ბავშვების ინფორმირებულობისთვის, რომ ვასწავლოთ, რა არის ჯანსაღი და რა არის ვთქვათ არაჯანსაღი. ან მაგალითად, ვასწავლოთ ჩიფსები და წასახემსებლები რითი უნდა ჩაანაცვლონ, რომ უფრო ჯანსაღი პროდუქტით იკვებონ და ეს უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ“, - ამბობს მუშკუდიანი.
მაია მუშკუდიანის განცხადებით, მოფიქრებულია ვაშლების მიწოდებისა და მისი სკოლაში განთავსების სქემა. რაც შეეხება კამპანიას, მისი გაგრძელების პერსპექტივა შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრება და არ არის გამორიცხული, კვების ფესტივალის სახეც მიიღოს. 
„ვაშლების დარიგება განხორციელდება ასე: სამინისტროსგან ვაშლები სკოლას მიეწოდება გარეცხილი და გამშრალებული ანუ სუფთა მდგომარეობაში და ისინი განთავსდება სკოლის დერეფნებსა და ბუფეტში მდგარ ლარნაკებში. შესაბამისად, ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის. რახან ამას საპილოტე სახე აქვს, შედეგებიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ, მომავალში სხვა სკოლებში რა სახით გაგრძელდეს ეს კამპანია. შეიძლება ამან მომავალში კვების ფესტივალის სახეც მიიღოს. ამ ეტაპზე სხვადასხვა კამპანიები გვაქვს მოფიქრებული. ხილისა და კონკრეტულად ვაშლის თემაც ამ იდეის ერთ-ერთი მცირე კომპონენტია. ვნახოთ, რა შედეგებზე გაგვიყვანს“, - აცხადებს მაია მუშკუდიანი. 

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment