ამ შეკითხვებზე პასუხი „ფორტუნას“ Global Education-ის წარმომადგენლებმა გასცეს.
Global Education საგანმანათლებლო კონსულტანტი ორგანიზაციაა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მენეჯერის, ნინო ჩერგიანის, თქმით, ორგანიზაცია სტუდენტობის მსურველებს სწავლის დაწყებაში ეხმარება და ამ პროგრამით სწავლა 2200 ლარი ღირს.
„ამ თანხით სტუდენტებს უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლა შეეძლებათ, თუმცა ცხოვრებისა და მგზავრობს ხარჯებს, ცხადია, თავად ფარავენ. სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს აძლევენ დიპლომებს. ასევე, გვაქვს ენის კურსები და სხვადასხვა მიმართულებაც,“ – განაცხადა ნინო ჩერგიანმა.ჩერგიანის თქმით, პროგრამის მეშვეობით აბიტურიენტები საქართველოს უნივერსიტეტებში არ ირიცხებიან.
„როგორც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან უცხოელები და სწავლობენ, ასევე, ვუშვებთ სტუდენტობის მსურველებს საზღვარგარეთ. ჩარიცხვა ყველა ქვეყნის უნივერსიტეტშია შესაძლებელი, უბრალოდ ფასებიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა. აბიტურიენტს უნივერსიტეტში ჩასარიცხად, რა თქმა უნდა, გარკვეული დოკუმენტები სჭირდებათ: ატესტატი, ნიშნების ფურცელი, დაბადების მოწმობა და მსგავსი საბუთები,“ – დასძინა Global Education-ის მენეჯერმა.Global Education-ის მსგავსად, კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია გზავნის სატელეფონო შეტყობინებებს განსხვავებული პირობებით. Global Education-ის ხელმძღვანელის, პაატა თედორაძის, განცხადებით, სწორედ ეს განსხვავებული პირობები ქმნის გაურკვევლობას და, რიგ შემთხვევებში, პრობლემებსაც კი.
„2013 წელს, როცა ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა, ბაზარზე გაჩნდნენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც სთავაზობდნენ სტუდენტებს, რომ ჩარიცხავდნენ საზღვარგარეთის რომელიმე უნივერსიტეტში, ოღონდ ისე, რომ სასწავლო პროცესი იქნებოდა საქართველოში. რეალურად, ეს ბავშვები საზღვარგარეთ წელიწადში ერთხელ მიჰყავდათ 3 დღით ან 1 კვირით, ფაქტობრივად, ექსკურსიაზე. სხვადასხვა სასწავლო ორგანიზაციას მალე უკმაყოფილო მშობლებმა და სტუდენტებმა მიმართეს. სტუდენტები, ფაქტობრივად, საზღვარგარეთ სწავლობდნენ და ეგონათ, რომ უცხო ქვეყნის დიპლომს მიიღებდნენ, რეალურად ისინი იღებდნენ ამ დიპლომებს, მაგრამ არ უწევდათ საზღვარგარეთ წასვლა. მოგვიანებით განათლების სამინისტრომ შესაბამისი ზომები მიიღო და პირდაპირ მიუთითა კანონში, რომ უცხო ქვეყანაში სტუდენტი, რომელიც სწავლობს, მინიმუმ, უნდა ჰქონდეს უცხოეთში 75-დღიანი კვეთა,“ – განაცხადა პაატა თედორაძემ.Global Education-ის წარმომადგენელთა თქმით, ორგანიზაციას 2013 წლიდან დღემდე 300-მდე სტუდენტი ჰყავს საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვებული. მათივე ცნობით, ამ სტუდენტთაგან ნახევარმა უცხო ქვეყნის უნივერსიტეტის დიპლომი აიღო, ნახევარმა სწავლა საქართველოში გააგრძელა.
„უმეტესწილად სტუდენტებს კროგში, ტურიზმის უნივერსიტეტში ვუშვებთ. საერთოდ, სტუდენტებს თავიანთი მოთხოვნის მიხედვით ვანაწილებთ ფაკულტეტებზე და უნივერსიტეტებშიც. ჩვენთან, ასევე, ის მომსახურებაც შედის, რომ, მაგალითად, მოდის სტუდენტი და გვეუბნება, გერმანიის უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება და დამეხმარეთ. ჩვენც ვეხმარებით დოკუმენტაციის შევსებასა და მსგავს პროცედურებში, მაგრამ ასეთი სტუდენტები, როგორც წესი, თვითონ იკვალავენ გზას,“ – გვითხრა Global Education-ის ხელმძღვანელმა.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესში ვკითხულობთ დაწესებულ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:
· საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული, ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში.
· საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ ერთი სემესტრის სწავლის შემდეგ გადმოსვლას საქართველოს უნივერსიტეტებში გეგმავენ, მათ უნდა წარმოადგინონ ნიშნების ფურცელი და დაგროვებული უნდა ჰქონდეთ სასწავლო კრედიტები, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ სტუდენტი საზღვარგარეთ ნამდვილად დადიოდა უნივერსიტეტში და კარგი აკადემიური მოსწრებაც ჰქონდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი Global Education-ზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
„ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სია ჩვენს ვებგვერდზე დევს. თუ ჩამონათვალში არ არის, ე.ი. კანონით არ არის აღიარებული მისი არც ატესტატი, არც ქმედება. თუ ეს კომპანია სასწავლო არ არის, მაშინ ასე ყველას შეუძლია გახსნას შპს იუსტიციის სახლში, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულების სახელს თუ დაირქმევს და თუ გასცემს დიპლომს, უნდა იყოს აუცილებლად საქართველოს კანონმდებლობით ავტორიზებული. თუ ავტორიზებულთა სიაში ჩვენ არ გვაქვს რეესტრში ეს დაწესებულება, ე.ი. ჩვენ მასზე პასუხისმგებელი არ ვართ. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა დაწესებულება უნდა იყოს ავტორიზებული, რომ მისი დიპლომი იყოს აღიარებული. თუ ისინი წარმოადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც უწერიათ, რომ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში დაგროვებული სასწავლო კრედიტები ქართულმა უნივერსიტეტმა აღიარა, ამის მიხედვით მოვიძიებ, თუ არსებობს მსგავსი პრეცენდენტი, მათ სიტყვაზე ვერ ვენდობით. ჩვენ ვთანამშრომლობთ უცხოეთის უნივერსიტეტებთან და, თუ ეს სასწავლებლები ავტორიზებულია, ასეთი სტუდენტების განათლებას ჩვეულებრივ რეჟიმში ვუღიარებთ, მაგრამ მე არ ვიცი Global Education-ს ვისზე და რაზე აქვთ საუბარი ან საერთოდ ვინ არიან. ასევე, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ მათ მიერ ნახსენებ კროგის უნივერსიტეტზე,“ – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დათო კობახიძემ.სიმონ ჯანაშია, ექსპერტი განათლების საკითხებში, სულ სხვა პრობლემებს ხედავს.
მისი თქმით, საქართველოში არსებობს არაერთი საგანმანათლბლო კონსულტანტი ორგანიზაცია, რომელიც სტუდენტს, ფაქტობრივად, საზღვარგარეთ სასწავლებლად უშვებს, რეალურად კი ეს სტუდენტი საქართველოში რჩება. მისივე თქმით, სახელმწიფო დიდიხანია, მსგავს ორგანიზაციებს ებრძვის:
„განათლების სამინისტრომ ხან რა შეზღუდვები დააწესა, ხან რა: თავიდან იყო, რომ სტუდენტებს საზღვრის გადაკვეთის მონაცემები უნდა მიეტანათ, მერე უკვე რაღაც პერიოდი უნდა ყოფილიყვნენ საზღვარგარეთ. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად არაადეკვატური განათლების შედეგი, უნივერსიტეტებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ თავად აირჩიონ სტუდენტები და, როდესაც ცენტრალიზებულად გვაქვს ყველა სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაშინ, ცხადია, რომ გამოჩნდება სტუდენტი, რომელიც ეცდება, რომ ამ გზის გვერდის ავლით ჩააბაროს. ეს კი არის ისეთივე გზა, რომელიც აღიზიანებს საზოგადოება. არსებობს სხვა გზებიც: როდესაც ადამიანი ერთ აკრედიტირებულ უნივერსიტეტში აბარებს და მეორეში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ქულებით სხვაზე უფრო დაბალი შედეგები ჰქონდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, შეიძლება სტუდენტი მოხვდეს ყველაზე არაპრესტიჟულ უნივერსიტეტში და მობილობით გადავიდეს პრესტიჟულში. ასეთ დროს, როგორც ვხედავთ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ქულები ჰქონდა მას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე,“ – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.არც ჯანაშიას სმენია Global Education-ზე რაიმე. ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს მსგავსი კომპანიების კონსულტაციით ჩარიცხული სტუდენტების მიღებულ განათლებას.
თათია კაკიაშვილი
fortuna.ge
No comments:
Post a Comment