პოსტ-დოქტორანტურის ინსტიტუტის, თსუ-ს საერთაშორისო პრემიის შემოღება ქართველოლოგიაში, სტუდენტური ფორუმი, რექტორის სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტს, რექტორის მრჩეველთა საბჭო, სახელმძღვანელოების თარგმნა - ეს იმ ცვლილებების და სიახლეების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ვლადიმერ პაპავამ თსუ-ს რექტორობის 100 დღის განმავლობაში განახორციელა.
როგორ აფასებენ პროფესორები რექტორის მუშაობის 100 დღეს და რა პრობლემებია მოუგვარებელი? Aris.ge-განათლებასთან საუბარში პროფესორი ამირან ბერძენიშვილი ამბობს, რომ რექტორმა ბევრი რამ გააკეთა, თუმცა, ძირითადი პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. ამაში ხელს უშლის უნივერსიტეტში შექმნილი კლანური სიტუაციები. სწავლების ხარისხი რეგრესს განიცდის.
"როგორც პიროვნებას, ბატონ ლადოს მადლობას ვეტყვი, შეზღუდული უფლებების პირობებში ყველაფერს კანონის სრული დაცვით აკეთებს. ეს, მოქალაქეობრივი სიმამაცეა. თუმცა, კანონით უფლებები შეზღუდული აქვს. საჭიროა, რექტორს უფლებები გაეზარდოს, რომ რეფორმები გაატაროს. პრობლემებია უნივერსიტეტის ქვედა დინებებში, რაც რექტორმა ჩემზე უკეთ იცის. უმწვავესი პრობლემაა აკადემიური პერსონალის კონკურსის ობიექტურად ჩატარება. სწავლის ხარისხი უკან-უკან მიდის, რასაც სკოლიდან მოსული აბიტურიენტებიც განაპირობებენ. რთული ტექსტების გაგება უჭირთ, ჰგონიათ, პროფესორი კარგად ვერ ასწავლის ან წიგნია რთულად დაწერილი. მეცნიერება სერიალი არ არის. 150 კაციანი აუდიტორიები უკუშედეგს გვაძლევს, რადგან სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობას ვერ ვახერხებთ." - ამბობს ბერძენიშვილი.
სამართლის მეცნიერებათა დოქტორის, ავთანდილ კახნიაშვილის თქმით, ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად რექტორს ბერკეტი არ გააჩნია.
"ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციას ცვლიან კონკრეტულ პიროვნებაზე მოსარგებად და არც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანა არ გაუჭირდებათ. იურიდიულად ეს შესაძლებელია, რაც რექტორის უფლებებს გაზრდის. წლების მანძილზე უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობდა. საუკეთესო ფიზიკოსები, მათემატიკოსები უნივერსიტეტიდან განდევნეს. ისინი კონკურსის წესით უნდა დააბრუნონ. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს. გასაგებია, რექტორი ვერ გაათავისუფლებს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უნივერსიტეტთან კონტრაქტი გაფორმებული აქვთ, მაგრამ გამოსავალი არსებობს. დაწერონ განცხადებები და წავიდნენ, მათ სხვა სამსახურებიც აქვთ. რეალური რეფორმა ეს იქნებოდა." -ამბობს კახნიაშვილი.
ჩვენი რესპოდენტების თქმით, საჭიროა სახელმწიფო ნება, რომ უნივერსიტეტი რეალურად განათლების კერად იქცეს და ძველი სტატუსი დაუბრუნდეს.
ცხადია, კანონით უფლება შეზღუდული რექტორი ძირეულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს. ალბათ, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ თსუ-ს 10 დეპარტამენტიდან მხოლოდ ერთი - ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიცვალა.
კანონით ადმინისტარციის ხელმძღვანელის და რექტორის საქმიანობა ერთმანეთისგან გამიჯნულია. ალბათ, ამ გამიჯნულ ფუნქციას უნდა მივაწეროთ თსუ-ს კანცლერის, დავით ჩომახიძის თავნებობაც საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. 3 თვის წინ, თსუ-ს განცხადებით მივმართეთ, სადაც ვითხოვდით 2010-2011-2012 წლებში სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებული პროექტების დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ. მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ ინფორმაციის მოძიებას დიდი დრო სჭირდება და თანამშრომლებს ვერ მოაცდენდა. ეს ის კანცლერია, რომელიც გია ხუბუას რექტორობიდან დღემდე იკავებს ამ თანამდებობას.
Aris.ge-განათლებისთვის მოცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ლადო პაპავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ნება არსებობს და უნივერსიტეტმა ძველი სტატუსი და ღირსება უნდა დაიბრუნოს, მაგრამ ნიშნავს ეს, რომ პროცესს თვითონ ჩაუდგება სათავეში?
კანცლერ დავით ჩომახიძის ხელში კი ფინანსური დოკუმენტაცია ისევ დახურულია.
გვინდა ასეთი კოჰაბიტაცია?
სალომე არის© გოგოხია
No comments:
Post a Comment