იაპონიაში ამაყობენ მოსახლეობის დღეგრძელობით. ჭარბი წონის პრობლემა აქ იშვიათად თუ ემუქრება ვინმეს. იაპონელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბავშთა კვებას. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ადგილობრივი სამზარეულო აქაურთა უშრეტი ენერგიის, კრეატიულობისა და საუკეთესო განწყობის წყაროა.
ჩვენს წარმოდგენაში იაპონური საკვები მხოლოდ სუშებთან და როლებთან ასოცირდება. თუმცა, არსად, არცერთ ქვეყანაში, კვების კულტურას ისე ფაქიზად არ ეპყრობიან და ავითარებენ, როგორც იაპონიაში. იაპონური საკვების ხარისხი ძალიან მაღალია. კერძების არაჩვეულებრივ საგემოვნო თვისებებს ახალი პროდუქტი განაპირობებს. მაგალითად, სავაჭრო ეტიკეტებზე საათობრივი სიზუსტით აღიშნება როდის დაფასოვდა ესა თუ ის პროდუქტი. ასევე, იაპონიაში იშვიათად ნახავთ გაყინულ ხორცსა და კონსერვანტებს. კერძები მარტივად მზადდება და ამაში მცირედი დრო იკარგება. მთავარია, ყველა ვიტამინი მაქსიმალურად შენარჩუნდეს.
ბენტო - კოლოფი საკვებისათვის, რომელიც სულ თან უნდა იქონიო. ბენტო ყველა იაპონელი მოსწავლის, სტუდენტის და საოფისე მუშაკის „თანამგზავრია". მისი ვიზუალური მხარე გულწრფელ აღფრთოვანებას იმსახურებს და ხშირად ხელოვნების თანამედროვე ნიმუშის რანგამდეა აყვანილი. ხის, პლასტმასის, ერთჯერადი, მოოქროვილი ან ანიმეს საყვარელი გმირებით მოხატული ბენტო, ყველაზე პრაქტიკული იაპონური საჩუქარია. ცნობისათვის: იაპონური ფასტ-ფუდისთვის განკუთვნილი ბენტოს დამზადების ტრადიცია სათავეს მე-16 საუკუნიდან იღებს.
იაპონურ სკოლებში შესვენებებზე ბავშვები საკლასო ოთახში რჩებიან. ისინი პირად კარადებში გადანახულ სახელმძღვანელოებს ცვლიან, მომდევნო გაკვეთილისთვის ემზადებიან, მეგობრებთან საუბრობენ, კომპიუტერით თამაშობენ, სადილის დროს კი ჩანთიდან სახლიდან წამოღებულ ბენტოს იღებენ, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ბრინჯი. ზოგიერთი სკოლა მოსწავლეებს საუზმეთი და სადილით უმასპინძლდება, ხანდახან დესერტითაც - ჟელატინის პუდნგებით, ნაყინით და ხილით, მაგრამ ამისათვის თანხის გადახდაა აუცილებელი. თანხის ნაწილს მშობლები, ნაწილს კი მუნიციპალიტეტი იხდის.
სკოლის მენიუ ყოველი კვირის დასასრულს იცვლება. სადილი ჯანსაღი უნდა იყოს: ბრინჯი, რაგუ, კარი, მოხარშული ბოსტნეული, ბუტერბროდები, სალათი, თევზეული, კვერცხი, რულეტები, სოსისი და გრილი რძე.
როგორც წესი, სკოლის სასადილოები პირველ სართულზეა განთავსებული. არსებული რიტუალის თანხმად, ჭამას არავინ იწყებს, ვიდრე ყველა თავთავის ადგილს არ დაიკავებს. მოსწავლეები მაგიდებზე დარჩენილ საკვებს თვითონვე ალაგებენ.
საზოგადოებრივ საუზმეს და სადილს დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეთა 99 პროცენტი მიირთმევს. ყოველდღიურ მრავალფეროვან მენიუს დიეტოლოგები ადგენენ და ამ საქმეს დიდი ყურადღებით ეკიდებიან. რიგ სკოლებში ტრადიციულთან ერთად, აქტიურად ინერგება ევროპული კერძები. მენიუს შედგენისას დიეტოლოგები მკაცრად ითვლიან ყველა კალორიას, ცილას, პროტეინს, ნახშირბადს. ბრინჯი მოსწავლეთა მენიუში 1976 წლიდან დომინირებს.
ბავშვებს კვებასთან დაკავშირებული დისკომფორტი რომ არ შეექმნათ, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, წინასწარ იწერება სპეციალური მორიგეობის გრაფიკი. კლასი რამდენი ჯგუფად იყოფა. თითოეულ მოსწავლეს თავისი მოვალეობა აქვს. ვიღაც თეფშებსა და ჩხირებზეა პასუხისმგებელი, ვიღაც - საკვების დარიგებაზე. ბავშვები კლასში იკვებებიან. მასწავლებელი ხმამაღლა აცხადებს, რას მიირთმევენ და რატომ არის ეს საკვები მათთვის სასარგებლო. ზოგჯერ იმართება „კვირეულები", როდესაც ბავშვები სხვა ქვეყნის ტრადიციულ კერძებს აგემოვნებენ. ყოველი ახალი ქვეყნისა და კერძის შესახებ ინფორმაცია ცალკე მიეწოდებათ.
თუ რომელიმე ბავშვმა საპირისპირო სქესის მეგობარი თავის კუთვნილ ულუფაზე დაპატიჟა, ეს სიყვარულის ახსნის ტოლფასია. ამიტომ გოგონები და ვაჟები ერთობლივი სადილების დროს თვალს არიდებენ ერთმენეთს და მორცხვობენ.
სამეცნიერო ჟურნალ „Food Technology"-ით ახლახან გახმაურებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთა უმეტესობა უზომოდ დიდი რაოდენობით იღებს შაქარსა და ცხიმს. აშშ-ის კვების ინსტიტუტის მკვლევერთა განცხადებით, ამ მხრივ ყველაზე სამაგალითოდ იაპონელი ბავშვები იკვებებიან - დილაობით ისინი ლობიოს და ბრინჯს მიირთმევენ. მათი ჩინელი თანატოლები ღორისხორციან ფუნთუშებს ეძალებიან, ესპანელი მეგობრები კი შოკოლადიან ჩუროსს. კვლევის ავტორები შეგვახსენებენ, რომ ბავშვებისათვის სწორი კვება ტვინის და სხეულის სრულყოფილი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოამზადა ირმა კახურაშვილმა
mastsavlebeli.ge
No comments:
Post a Comment