Pages

Monday, February 10, 2014

მიზანდასახულობა, ოცნება და წარმატება

წარმატების 365 დღე


პირველი დღე

უკვე რამდენიმე თვეა დავიწყე სტატიების გამოქვეყნება  პროგრამით „წარმატების  365 დღე.“ პირველი წერილი  სწორედ 2012 წლის 21 დეკემბერს გამოვფინე ფეისბუკში, როცა ბევრი ლაპარაკი იყო საკაცობრიო კატასტროფებზე.  კატასტროფების მოლოდინის სანაცვლოდ მინდოდა ადამიანებისათვის შემეთავაზებინა  გადართულიყვნენ სანუკვარ მომავალზე.მკითხველებს ვთავაზობდი ფსიქოტექნოლოგიებს, რომლებიც სანუკვარი ოცნების გარდაუვალ ახდენას განაპირობებენ. ამ ტექნოლოგიებში, რაც უზარმაზარ ემპირიულ მასალას, სავარჯიშოებსა და ცხოვრებისეულ მაგალითებს  მოიცავს, ასახულია არა მხოლოდ თანამედროვე ფსიქოლოგიის მიღწევები, არამედ აკუმულირებულია მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება.

ჩემი იდეა იყო ქართველი მკითხველისათვის შემექმნა  სასიკეთო ენერგო–ინფორმაციული ველი. ამის კარგ საშუალებას იძლევა სოციალური ქსელები. თანაც ამას უნდა მობმოდა სათანადო ტრენინგ პროგრამები და ფსიქოლოგიური კონსულტირება, რაც  საქველმოქმედო აქტივობის სახით გაიშლებოდა. ამჯერად ეს წამოწყება ნელ–ნელა ვითარდება.
უკვე რამდენიმე  ათეულია წელია ვეწევი ფსიქო–კონსულტაციურ და ფსიქოთერაპევტულ საქმიანობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში  ვეყრდნობოდი საბაზო რწმენას, რომ  ჩვენი შინაგანი და გარემომცველი სამყარო აღსავსეა უსაზღვრო რესურსებითა და შესაძლებლობებით. ამ პოტენციალთა აქტუალიზაცია  გარკვეულ მიზანსწრაფვას ეფუძვნება, ხოლო მიზანსწრაფვის ქმედებაში გადაყვანა წარმატების მიღწევის გზას გულისხმობს. ამდენად,  თუკი ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიური კონსულტირების პროცესში დახმარების მიღების მომართვით მოსულ კლიენტს გავუღვიძებთ მიზანსწრაფვის იმპულსს და ავამოქმედებინებთ გამოუყენებელ რესურსებსა და სათანადო  ქმედებების უნარ–ჩვევებს, იგი იწყებს წარმატების მიღწევას  სიმპტომების  გამკლავების, პრობლემათა გადაწყვეტის, ფსიქოლოგიური კომფორტის, ბედნიერებისა და ოპტიმიზმის  გრძნობისმოპოვების მიმართულებით.

წარმატების მიღწევის ასეთი ეფექტი გამოიხატება სიტყვებით – „განიკურნა“, „მდგომარეობა გაუმჯობესდა“, „განხორციელდა კორექცია“ და ა.შ.  მრავალი წლის განმავლობაში ვანხორციელებდი სხვადასხვა პროექტებს ჩემს მიერ ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაციის  „ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის“ ფარგლებში. 1995 წლიდან 2013 წლამდე 40–მდე პროექტი განვახორციელე და საბოლოოდ ამან მიმიყვანა ამ პროგრამამდე „წარმატების 365 დღე“. პროგრამაში ინფორმაციული ნაწილი შეჯერებულია პრაქტიკულ სავარჯიშოებთან, რაც ფსიქოლოგიური წვრთნისა და გაკაჟების ტრენინგების სახითაა მოცემული ისეთ სფეროებში, როგორიცაა ემოციური თვითმართვა, ფინანსური სტაბილობა და სიღარბის დაძლევა, სტრესისა და დეპრესიის გამკლავება, ჰარმონია პიროვნებეთაშორისო ურთიერთობებში, თვითდასაქმებისა და კარიერული წინსვლის უნარ–ჩვევების ათვისება,   წარმატება ბიზნესსა და სპორტში, მავნე ჩვევების დაძლევა და სხვა. აქ მთელი აქცენტი კეთდება ძლევასა, მიღწევასა და წარმატებაზე,  ხოლო უკანა პლანზეა გადატანილი სირთულეებისადმი თავის არიდება, თავის დაზღვევა და იღბალი ან გამართლება. ამდენად, დაძლევა–გამკლავება, მიღწევა და წარმატება საკმაოდ უნივერსალური სფეროა და იგი მოიცავს ფართო სპექტრს დაწყებული ფსიქოთერაპიით და დამთავრებული ბიზნესითა და კეთილდღეობის დონის ამაღლებით.


ყველაფერი კი იწყება ასე იწყება. მოძებნეთ მყუდრო ადგილი და დაფიქრდით: რა არის თქვენი სანუკვარი ოცნება? თუ გსურთ მიაღწიოთ იმას, რაც ყველაზე მეტად გსურთ, უნდა გაარკვიოთ  დანამდვილებით, თუ რა გსურთ და რამდენად გსურთ. რა გსურთ ნაღდად და გარდაუვალად? დარწმუნებული ხართ, რომ იცით რაც გსურთ? ძალიან კარგი, თუ იცით. მაგრამ მაინც გირჩევთ, ჩაატაროთ მცირეოდენი „გონებრივი შტურმი“  და გააკეთოთ შემდეგი სავარჯიშო:


პირველი სვლა:

აიღეთ სუფთა რვეული ან ფურცლები და დაიწყეთ თქვენი სურვილების ნუსხის შეუჩერებლად წერა, შეეცადეთ არ  გააკეთოთ პაუზა. იყავით სპონტანური, თავში პირველად მოსული აზრით წერეთ თუ რა გინდათ გქონდეთ, რას გინდათ მიაღწიოთ სასწავლებელში–ოჯახში–ადამიანებთან ურთიერთობაში–ემოციურ, მატერიალურ, ფინანსურ სფეროებში; რა და ვინ გსურთ გახდეთ, რა საზოგადოებრივი ფუნქციები გსურთ განახორციელოთ, როგორ გსურთ გამოიყურებოდეთ, ვისთან–ვისთვის–რისთვის გსურთ ცხოვრება,  სად გინდათ იყოთდა ა.შ. წერეთ მოკლე სიტყვებით. დაუშვით, რომ ხართ უზომო შესაძლებლობების მქონე, არ გაქვთ ლიმიტები და შეზღუდვები. ნებისმიერი შეზღუდვა, ეს თქვენს მიერ შექმნილი შეზღუდვებია. სად არის მისი ადგილმდებარეობა? ცხადია, თქვენსავე ცნობიერებაში. ამიტომაც, როგორც კი მოვა აზრი რაიმე შეზღუდვის შესახებ, გაუშვით ეს ფიქრი გონებიდან და შეუჩერებლად წერეთ ის, რაც ნამდვილად გსურთ.

მეორე სვლა:

ხელახლა გადახედეთ თქვენი სურვილების ჩამოწერილ ნუსხას და მიაწერეთ მათ ის ვადები, რომელთა განმავლობაშიც გსურთ მათი განხორციელება. რა დროის ფარგლებში გსურთ მათ მიაღწიოთ? ერთ კვირაში? ნახევარ წელიწადში? 1 წელში? 5 წელში? 10 წელში? 20 წელიწადში? თქვენ შეიძლება გქონდეთ მოკლევადიანი, საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი მიზნები. თუ ყველა თქვენი მიზანი მოკლევადიანია, დასაფიქრებელი ბევრი გაქვთ იმაზე, შესაძლოა თუ არა ყველაფრის ერთბაშად და მოკლე ვადაში შესრულება. რომც მიაღწიოთ ყველაფერს მოკლე დროში, რა იქნება ამის საზღაური? ყველაფერი ხომ რაღაცის ხარჯზე ხდება და ყველაფერი ხომ თავის საზღაურს მოითხოვს? ხოლო თუკი ყველა თქვენი მიზანი გრძელვადიანია, უმჯობესია ისინი  დაჰყოთ მონაკვეთებად, ეტაპებად. 

მესამე სვლა:

თქვენს მიერ ჩამოწერილი სურვილებისა და მიზნების ნუსხიდან შეარჩიეთ მნიშვნელოვანთა შორის ყველაზე უმნიშვნელოვანესი 3 ისეთი სურვილი, რასაც გარდაუვალად გსურთ მიაღწიოთ. ამ სამეულიდან თითოეული სურვილის თაობაზე დაუსვით თქვენს თავს შემდეგი კითხვები:

  • რატომ არის ჩემს მიერ შერჩეული სურვილის განხორციელება 
  • მნიშვნელოვანთა შორის უმნიშვნელოვანესი? 
  • რა იქნება ის მაქსიმალური დანაკარგი, თუკი ის არ განხორციელდა?
  • რა იქნება ის მაქსიმალური სარგებელი, რასაც მივიღებ მიზნის მიღწევისას? 
  • რა საზღაურის გადახდა მომიწევს მიზნის მიღწევის შემთხვევაში? რას დავთმობ ან დავკარგავდი სანაცვლოდ? 
  • რამდენად და რატომ ვარ დარწმუნებული, რომ მივაღწევ შერჩეული სურვილის გახორციელებას? 
  • რამდენად და რით ვიმსახურებ ამ მიზნის მიღწევას? რა არის ჩემში ისეთი, რომ მაინდამაინც მე უნდა მხვდეს წილად ამ უაღრესად სასურველი მიზნის მიღწევა?

ოცნება ოცნებად დარჩება, თუ მისი რეალობაში გადასვლა გარდაუვალი არ გახდა, ხოლო ასეთი გადასვლის წინაპირობა მიზანდასახულობაა. მიზადასახულობა თავის მხრივ წარმატების მიღწევაში ვლინდება. მაგრამ მიზანსწრაფვიდან წარმატების მიღწევამდე გზაა გასავლელი, რაც მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემასა და ძალისხმევას გულისხმობს. გაეცით დასმულ კითხვებს პასუხი, გასწიეთ სათანადო ძალისხმევა და წარმატება მოგძებნით თქვენ!
ნოდარ სარჯველაძის ბლოგი - წარმატების 365 დღე

No comments:

Post a Comment