Pages

Wednesday, February 19, 2014

დავით თევზაძის უნივერსიტეტი სკანდალში გაეხვია


დავით თევზაძის უნივერსიტეტი სკანდალში გაეხვია
რა ბედი ელის სასწავლებლის  300 სტუდენტს?
 „აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტს“, სადაც  თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პრორექტორად მუშაობს, 5 იანვარს  ავტორიზაცია  შეუჩერდა. პროფესორი დავით თევზაძე აცხადებს, რომ  13 თებერვალს,  განათლების სამინისტროს  სპეციალური კომისია  სასწავლებლის  შემოწმებას იწყებს.
რა ბედი ელით “აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის” სტუდენტებს? გააგრძელებენ თუ არა ისინი უნივერსიტეტში სწავლას, ან დაუბრუნდებათ  თუ არა  მათ სწავლისთვის უკვე გადახდილი თანხა უკან? – ამ კითხვებით  „კვირას“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა  მიმართეს.
როგორც „კვირას“  უნივერსიტეტის საერთაშორისო  ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგიმ განუცხადა,  სტუდენტებს უნივერსიტეტის დეკანატში  ახლახან გამოუცხადეს, რომ   უნივერსიტეტს  ავტორიზაცია  შეუჩერდა.
„ერთი კვირის წინ დეკანმა  სტუდენტებს გამოგვიცხადა, რომ აკრედიტაციის ვადა ამოგვეწურა.  გვითხრეს, რომ უნივერსიტეტმა თანხა განათლების სამინისტროში დროულად არ გადარიცხა და ახლა წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ  მოვიქცეთ… ისიც გვითხრეს, რომ  სხვა უნივერსიტეტებში მობილობის მეთოდით  გადაგვანაწილებენ.  პირველი სემესტრის  სწავლის  საფასური – 1750 ლარი უკვე გადავიხადე.  სხვა უნივერსიტეტში რომც გადავიდე,  სწავლის  თანხა თავიდან როგორ უნდა გადავიხადო”? – აღნიშნა გიორგიმ.
კიდევ ერთი სტუდენტი, რომელმაც საბუთები   სხვა უნივერსიტეტში უკვე გადაიტანა, მარიამია.„გვითხრეს, რომ  უნივერსიტეტს ავტორიზაციის  გაუვიდა.  თანხა, რომელიც უკვე გადახდილი მქონდა, უკან დამიბრუნეს.  საბუთები უკვე გამოვიტანე და  სწავლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იმავე ფაკულტეტზე გავაგრძელებ, სადაც მანამდე ვსწავლობდი“, – ამბობს „კვირასთან“ ინტერვიუში  მარიამი.
214364826DSC00243
„კვირა“ შპს „აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც დაუკავშირდა.  თინანო  თევზაძემ არ გაგვიმხილა,  თუ რა პოზიციას,  ან რა თანამდებობას   იკავებს ის უნივერსიტეტში.
„რა გინდათ?  არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, უნივერსიტეტს  აკრედიტაცია არ დაუკარგავს.  ამ ფაქტს არ ვადასტურებ. განათლების სამინისტროს თანხა დროულად გადავურიცხეთ. რატომ უნდა გითხრათ, როდის გადავურიცხეთ? რა თქვენი საქმეა?  უნივერსიტეტიდან არავინ გარბის… საიდან მოიტანეთ ეს?  გირჩევთ,  გაეცნოთ საქმის მასალებს… წადით, ოფიციალურად გაარკვიეთ ყველაფერი და ისე შემეკითხეთ!   კარგად ბრძანდებოდეთ“, -  განუცხადა „კვირას“ თინანო თევზაძემ.
მოგვიანებით, „კვირამ“ გაარკვია, რომ თინანო თევზაძე შპს „აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის“  დირექტორი და დავით თევზაძის დაა.
დირექტორისგან განსხვავებით, „აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის“ პრორექტორმა  და პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელმა   დავით თევზაძემ დაგვიდასტურა, რომ  სასწავლო დაწესებულებას  5 იანვარს  ავტორიზაცია   შეუჩერდა.
„ხუთშაბათს  განათლების სამინისტროს  წარმომადგენლები მოვლენ და სასწავლებელი შემოწმდება.  სტუდენტებს რაც შეეხება,  თუკი ყველაფერი დადებითად გადაწყდა,  სწავლა, სავარაუდოდ, 3 მარტს განახლდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, სტუდენტებს მობილობაში განათლების სამინისტრო დაეხმარება, “  – აღნიშნა დავით თევზაძემ.  თუმცა, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია  მათ  ვერანაირ გარანტიას  ვერ აძლევს.
დავით თევზაძე აცხადებს, რომ  უნივერსიტეტს დღეს ორი მენეჯმენტი მართავს – ადმინისტრაციული და სასწავლო მიმართულების.  მისი თქმით, სასწავლებლის  მართვის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროს აკრედიტაცის ვადის გაგრძელების შესახებ დეკემბერში უკვე მიმართეს,  თუმცა გაირკვა, რომ დადგენილი წესის თანახმად, მათ უწყებისთვის სექტემბერში უნდა მიემართათ. თუმცა,  თევზაძე  აცხადებს,  რომ მსგავს შემთხვევებში, კანონმდებლობით 90 დღეა გათვალისწინებული, განათლების უწყებას კი მიმართვის ვადებთან დაკავშირებით, ზუსტი თარიღი  მითითებული არსად არ ჰქონია.
703891038studentebi 2„ვნახოთ, შეგვამოწმონ, შეიძლება ყველაფერი დადებითად გადაწყდეს და სტუდენტებმა სწავლა გააგრძელონ“, – ამბობს დავით თევზაძე.
მიუხედავად იმისა, რომ  უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა  5 იანვარს   შეუჩერდა, სტუდენტებს ამის შესახებ სასწავლო დაწესებულების ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მხოლოდ  2014 წლის 8  იანვარს აცნობეს.
„2013 წლის 19 დეკემბერს შპს  „აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ მიერ  სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეტანილი განაცხადის საფუძველზე,  სსიპ –განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების № 469 (24.12.2013) შესაბამისად, შპს – „აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტი“ ცნობილ იქნა ავტორიზაციის მაძიებლად.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს მიმართავს თხოვნით,  მხედველობაში  მიიღონ, რომ საგანმანათლებლო პროცესი უნივერსიტეტში განახლდება მხოლოდ აკრედიტაციის პროცესის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რის თაობაზე მათ  დამატებით ეცნობებათ.  ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს, მაკა შალამბერიძეს“ – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის“ ავტორიზაციის საკითხის გასარკვევად,  „კვირა“  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც დაუკავშირდა.  როგორც ცენტრში განაცხადეს:
720752114DSC_0222„შპს აიბი – ევროკავკასიურ  უნივერსიტეტს” ავტორიზაციის ვადა 2014 წლის 5 იანვარს ამოეწურა, თუმცა ამჟამად ადაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საქმის წარმოება მიმდინარეობს.  ამდენად, მოცემულ მომენტში,  „შპს აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტის“  სტუდენტებს  სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, მაგრამ მათ უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მობილობაში. ეს  სტატუსის შეჩერებიდან  5  წლის  განმავლობაში უნდა მოხდეს,  ამ შემთხვევაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს.  სტუდენტები საფასურის გადაუხდელად მობილობის  პრინციპით გადანაწილდებიან,  მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა გავლილი ერთწლიანიანი სწავლება.  ასევე, სტუდენტებს უფლება აქვთ, შპს „აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აღნიშნულ დაწესებულებაში მობილობის გზით კვლავ გააგრძელონ სწავლა.აღსანიშნავია, რომ შპს “აიბი – ევროკავკასიურ უნივერსიტეტი“  ავტორიზაციის მაძიებლად   2013 წლის 24 დეკემბერს ცნეს.  კანონმდებლობით წარმოების ვადა 3 თვეა,“ – განუცხადეს „კვირას“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
ცნობისათვის: „შპს აიბი – ევროკავკასიური  უნივერსიტეტი 2007 წელს დაარსდა. ამ დროისთვის სასწავლებელში 300 სტუდენტი ირიცხება  სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2009 წლის 5 იანვრის №1/ს გადაწყვეტილებით,  „IB ევრო–კავკასიურ უნივერსიტეტს“  ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით მიენიჭა.
2007 წლის მარტიდან უნივერსიტეტის დამფუძნებელი ახალგაზრდობის კულტურული და საგანმანათლებლო ქსელის საერთაშორისო კავშირი გახდა, რომელიც  1949 წელს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში დაარსდა (იხ. ბმული: IB – Internationaler Bund www.ib-bildung.de)
იზა შაქარაშვილი
kvira.ge

No comments:

Post a Comment