Pages

Wednesday, March 19, 2014

სამი სიახლე, რომელიც აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში დახვდებათ


ინფორმაცია, რომ 2014 წლიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები გაუქმდებოდა, არ დადასტურდა. ეგაა ოღონდ, საგამოცდო ცენტრები აბიტურიენტებს წელს ახალი წესებით უმასპინძლებს, რომელთა შესახებაც "ვერსიას" გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ესაუბრა.

- ერთიან ეროვნულ გამოცდებში სამი ცვლილებაა: ერთი არჩევითი საგნების ნუსხაში სახვითი და დამატებითი ხელოვნების შეტანას ეხება, რაც ძალიან კარგია, რადგან ეს საგნები სკოლებში სავალდებულოა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომელთაც ისეთი მიმართულებები თუ პროგრამები აქვთ, სადაც ხელოვნების გამოცდის მოთხოვნა ისტორია-გეოგრაფიაზე უფრო რელევანტურია, ეს შეთავაზება დავუშვით; მეორე სიახლე - უცხო ენაში მოსმენის ნაწილი დაემატა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, კომპეტენციის ზღვარი ყველაზე დაბალი უცხო ენის გამოცდაზეა, რაც შენარჩუნებულია და შიში, რომ აბიტურიენტებისთვის ზღვრის გადალახვა რთული ქნება, ახლაც არსებობს, მაგრამ გაუმართლებელი იქნებოდა, გამოცდის ტესტი არ სრულგვეყო. საერთოდ, 4 მნიშვნელოვანი კომპეტენცია - წერა, კითხვა, მოსმენა და ლაპარაკი - არსებობს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყველა კომპეტენციას გამოცდაზე თანაბარი წონა აქვს. აქამდე გამოცდებზე მხოლოდ ორ ტენდენციას - წერასა და კითხვას ვამოწმებდით.

- გაისად საგამოცდო ტესტებში ე.წ. ლაპარაკის კომპეტენციაც შევა?
-
 ამაზე, ჯერჯერობით, არ ვფიქრობთ... წელს მოსმენის ნაწილი მინიმალური დოზით შევიტანეთ და, რადგან პირველი წელია, საგამოცდო ტესტებში მხოლოდ 8 პროცენტი ეთმობა, შესაბამისად, მასალაც იმაზე მარტივი იქნება, ვიდრე სახელმძღვანელოებშია. სკოლებს ვალდებულება აქვთ, სამომავლოდ, მოსწავლეები ამ მიმართულებით ავარჯიშონ.

მესამე სიახლე ბარიერის დადგენაა, რომელიც არა ე.წ. ნედლი, არამედ გაიგივებული ქულით მოხდება. წლების განმავლობაში გვქონდა მცდელობა, გამოცდებზე შედარებით რეალური ბარიერი დაგვეწესებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა. იმ საგამოცდო ტესტებში, სადაც მხოლოდ არჩევითი პასუხების დავალებები გვაქვს, ოთხი სავარაუდოდან ბრმად შემოხაზვისას, სწორი პასუხის არჩევის ალბათობა 25 პროცენტია, სწორედ ამ 25 პროცენტს ემთხვეოდა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი და, აქედან გამომდინარე, იძულებულნი ვიყავით, შედეგები ზუსტად ერთ ქულაზე გადაგვეჭრა - მაგალითად, ზოგადი უნარების ტექსტში 21 ქულა იყო გამსვლელი, ყველა აბიტურიენტი, ვინც 20 ან ნაკლებ ქულას აიღებდა, ჩაჭრილად ითვლებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყენებდით სკალირების მეთოდს, რომლის პირველი ეტაპი ქულების გაიგივება გახლავთ. ზოგადი უნარების გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი 3 ქულითაა აწეული, სამაგიეროდ, ბარიერი დადგინდება გაიგივებული ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 ქულა, ყველა შემთხვევაში, გამსვლელი იქნება, უბრალოდ, ის აბიტურიენტები, რომლებსაც შედარებით რთული ვარიანტი შეხვდებათ და 24-ის ნაცვლად, 23 ქულას მიიღებენ, ჩაჭრილებად აღარ ჩაითვლებიან და კონკურსში მონაწილეობას განაგრძობენ. სხვა გამოცდების შემთხვევაში, ბარიერი აწეული არ არის იმიტომ, რომ არჩევითპასუხიან დავალებებთან ერთად, ღია დავალებებიც გვაქვს და ბარიერის აწევა საჭირო არ იყო. მოკლედ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 21 ქულა უცვლელია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, კონკურსში მონაწილეობა 20-ქულიანმა აბიტურიენტებმაც განაგრძონ.

- ამ ცვლილებების შესახებ აბიტურიენტებმა როდის შეიტყვეს?
-
 2013 წლის შემოდგომიდან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ ცვლილებები იგეგმება, რაც იანვარში ოფიციალურად დამტკიცდა და ეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი იყო.

- იქნება თუ არა რამე შეღავათი განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული აბიტურიენტებისთვის?
-
 მხოლოდ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი უნდა გადალახონ.
მათ ჩასაბარებელი აქვთ შემოქმედებითი ტურიც და ჩვენთან მონაწილეობას მხოლოდ ჩათვლის პრინციპით მიიღებენ.

- აბიტურიენტები ამბობენ, რომ სპეციფიკური პასტები ფურცლებს სვრის, ასევე უჩივიან ზედმეტად მზიან აუდიტორიებს. საგამოცდო გარემოს შეცვლას ხომ არ გეგმავთ?
-
 დიდი სურვილი მაქვს, ყველა საგამოცდო ცენტრში კონდიციონერი დავამონტაჟოთ და ყველგან ევრორემონტი გავაკეთოთ, მაგრამ საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი სექტორი გვაქვს. თუ აუდიტორია მზიანია, ფარდები გვაქვს შეძენილი, მაქსიმალურად ვცდილობთ, შენობა შესაძლებლობის ფრაგლებში მოვამზადოთ და აბიტურიენტებზე გარეფაქტორებმა ნაკლებად იმოქმედოს.

რაც შეეხება იმას, რომ ვთქვათ, აბიტურიენტს კალამი დაეღუნა, სარეზერვოდ ძალიან ბევრი კალამი გვაქვს, ხოლო თუ პასუხების ფურცელი დასვრილია, მაგრამ პასუხი გაცემულია, ეს პრობლემას არ შექუმნის, თუ პრობლემა პასუხის გაცემისას შეექმნა, ფურცელს გამოუცვლიან... ეს ყველაფერი სერიოზულ პრეტენზიად არ მიმაჩნია.

ანი ბეშიტაიშვილი
გაზეთი "ვერსია"

იხილეთ, ასევე ვიდეო: 

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სრულდება

No comments:

Post a Comment