Thursday, April 24, 2014

წელს გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყება და 19 ივნისს დამთავრდება

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, გამოცდის ჩაბარება როგორც მე-11, ისე მე-12 კლასელებს მოუწევთ.


მისივე თქმით, გამოსაშვები გამოცდები ორ ნაწილადაა გაყოფილი: მე-12 კლასელები ოთხ საგანს ჩააბარებენ, რაც შეეხება მე-11 კლასელებს, მათ იმ ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევთ, რომლის სწავლასაც ამ წელს ასრულებენ.

მე-12 კლასელებისთვის საგამოცდო ციკლი 20 მაისს დაიწყება, ეს არის ე.წ. სავარჯიშო დღე, როდესაც მათ შეეძლებათ, გაეცნონ პროგრამას, რომლის საშუალებითაც შემდეგ გამოსაშვები გამოცდა უნდა ჩააბარონ. პირველი გამოცდა 21 მაისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, საგამოცდო ციკლი 25 მაისს დასრულდება. ამასთან, ამ პერიოდში გამოცდის ჩაბარება იმ მე-12 კლასელებსაც შეუძლიათ, რომელთაც რომელიმე საგამოცდო საგანში ბარიერის გადალახვა შემოდგომის სესიაზე ვერ მოახერხეს.  

რაც შეეხებათ მე-11 კლასელებს, მათი რეგისტრაცია 25 აპრილიდან დაიწყება. მათთვის ე.წ. სავარჯიშო დღე 13 ივნისს იქნება, 14 ივნისს კი პირველი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. საგამოცდო ციკლი 19-ში დასრულდება. 

როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, წელს მე-12 კლასელების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მცირეა, სულ 39 ათასზე ოდნავ მეტი მე-12 კლასელია რეგისტრირებული. რეგისტრირებული მე-11 კლასელების ზუსტი რაოდენობა კი ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

No comments:

Post a Comment