პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. წელს სერტიფიცირებული
პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში
18 641 პედაგოგი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდებზე არგამოცხადებულთა რიცხვი
საკმაოდ მაღალი იყო. საბოლოოდ რამდენი პედაგოგი მიიღებს აგვისტოს თვეში
სერთიფიცირებულის დოკუმენტს, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
როგორ
ჩატარდა საგამოცდო პროცესი, რა სიახლეები იყო წლევანდელ გამოცდაზე და რა
შანსები აქვთ პედაგოგებს სერტიფიკატის მოსაპოვებლად?! ამ საკითხებზე Aris.ge-განათლებას სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები ესაუბრნენ.
წლევანდელ
გამოცდაზე მასწავლებლებმა გამოცდები პროფესიული უნარებში, სახვით და
გამოყენებით ხელოვნებაში, ქართულ ენა და ლიტერატურაში, ქართულში, როგორც
მეორე ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში,
გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და უცხო ენებში ჩააბარეს.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებიც.
"პედაგოგების
საგამოცდო ტესტებზე ყველა საგნობრივი ჯგუფი მუშაობს. მათემატიკის
საგამოცდო ტესტებს მათემატიკის საგნობრივი ჯგუფი ამზადებს. ქართული ენისა
და ლიტერატურის ჯგუფი შესაბამისი საგნის პედაგოგებისთვის მუშაობს. რაც
შეეხება დაწყებითი კლასის პედაგოგების საგამოცდო ტესტებს- მათ შერეული
ჯგუფი ამზადებს, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის და პროფესიების პირებისგან არის
დაკომპლექტებული. ამ ჯგუფში მათემატიკოსებიც შედიან ფილოლოგებიც და
ფსიქოლოგებიც,"- განუცხადა Aris.ge-განათლებას ზოგადი უნარების ჯგუფის
ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ.
იმისათვის, რომ პედაგოგმა ზღვარი
გადალახოს და სერტიფიცირებულის სტატუსი მოიპოვოს, მაქსიმალური ქულის 60%
უნდა დააგროვოს.ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღანელის თქმით, ბარიერი
საკმაოდ მაღალია და მას საშუალოდ გამოცდაზე გასული პედაგოგების მხოლოდ 30%
ლახავს.
"პრაქტიკის მიხედვით, ჩაბარების პროცენტული მაჩვენებელი
სხვადასხვაგვარია. თუმცა საშუალოდ 30% გახლავთ. ეს ძალიან მაღალი
ციფრია, რადგან პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი მაღალია და
არ არის ისეთი სიმბოლური, როგორიც აბიტურიენტების შემთხვევაში. სტანდარტი
საკმაოდ მაღალია და ჩვენც პედაგოგებს მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ. აქედან
გამომდინარე 30% დაბალი მაჩვენებელი არ არის. თუმცა პროფესიული უნარებში
სხვადასხვა შედეგი იდება,"-აღნიშნავს სოფო დოლიძე.
განსხვავებულ
შედეგს აჩვენებენ ის პედაგოგები, რომლებიც გამოცდაზე უცხო ენას აბარებენ.
უცხო ენის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ბარიერს პედაგოგების თითქმის
ნახევარი წარმატებით ლახავს.
"შარშან ასე იყო და სავარაუდოდ
წელსაც ასე იქნება – უცხო ენის გამოცდაზე პედაგოგების ნახევარი იჭრება.
ჩაბარებას მხოლოდ ნახევარი ახერხებს. სამწუხაროდ, ნახევარს ბარიერის
გადალახვა უჭირს,"– აცხადებს რუსუდან ტყემალაძე.
აღსანიშნავია,
რომ ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდა წელს პირველად ჩატარდა. გამოცდა
იმ პედაგოგებმა ჩააბარეს, რომლებიც სახელმწიფო ენას არაქართულენოვან
სკოლებში ასწავლიან.
"ამ გამოცდაზე სულ 437 პედაგოგი იყო
დარეგისტრირებული, მაგრამ გამოცდაზე 350 გამოვიდა. ეს ტესტები სირთულით
განსხვავდება იმ ტესტებისგან, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგები აბარებენ, რადგან სპეციფიკა რადიკალურად განსხვავებულია.
განსხვავებულია მეთოდიკაც. აქ ძირითადად აქცენტი პრაქტიკული ქართულის
ცოდნაზეა. პედაგოგებს ვუმოწმებთ მეტყველებასაც, თუმცა არ ვფიქრობ, რომ
ტესტი რთული იყოს. მომავალ წელს ჩემს საგნობრივ ჯგუფში ცვლილებები
დაგეგმილი არ გვაქვს, მაგრამ ამ გამოცდის შედეგი გვიჩვენებს რა ხარვეზები
იყო და რა შეგვიძლია გამოვასწოროთ, "- ამბობს ქართული ენის ჯგუფის
ხელმძღვანელი გოგი მაჭავარიანი.
რაც შეეხება მოლოდინებს,
იქიდან გამომდინარე, რომ ქართულში, როგორც მეორე ენაში ტესტირება წელს
პირველად ჩატარდა, გოგი მაჭავარიანს მოსალოდნელ შედეგებზე წინასწარი
პროგნოზის გაკეთება უჭირს.
რაც შეეხება იმ პედაგოგებს,
რომლებიც ქართულ ენას ქართულ სკოლებში ასწავლიან, მაჭავარიანის თქმით,
სერტიფიცირების გამოცდას ყოველ წელს სტაბილურად საშუალო შედეგზე აბარებენ.
"საშუალოდ ერთი მესამედი ზღვარს ლახავს",- აღნიშნა მაჭავარიანმა.
Aris.ge-განათლება დაინტერესდა, იქნება თუ არა არსებითი ცვლილება სასერტიფიკაციო გამოცდებზე მომავალ წელს.
როგორც
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, სიახლეებს პედაგოგებს
თითქმის ყოველწლიურად სთავაზობენ. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს
მომავალში სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსის მოპოვება უკვე მუსიკისა და
ფიზკულტურის პედაგოგებმაც შეძლონ. თუმცა მათთვის ამ ეტაპზე პროფესიულ
უნარებში საგამოცდო ტესტები შექმნილი არ არის. როგორც,"ნაეკში" ამბობენ,
"პედაგოგებისთვის ტესტების შექმნას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება და ამ
საქმეს ცენტრი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგება".
ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment