Pages

Thursday, October 2, 2014

რა იცვლება ზოგადი განათლების კანონში

განათლების რეფორმა,

2015 წლიდან საჯარო სკოლის პედაგოგთა სერტიფიცირება სავალდებულო აღარ იქნება. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“. დღეისათვის სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რიცხვი 20 ათასს არ აღემატება, ხოლო ვისაც კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი არ აქვს, დაახლოებით 42 ათასია. გარდა ამისა, ქვეყანას ჰყავს 2000-მდე მასწავლებელი, რომლებმაც სერტიფიცირება გაიარეს, თუმცა სკოლებში ვერ მუშაობენ.
დღეს არსებული კანონმდებლობით, ყველა მოქმედ მასწავლებელს 2014 წლის ბოლომდე უნდა ჩაებარებინა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად.

„ამ ნორმის საფუძველზე 2015 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნება მასწავლებელთა დეფიციტი, იმდენად რამდენადაც სერტიფიცირებული მასწავლებლების დღეს არსებული რაოდენობა არ იქნება საკმარისი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარსამართად,“ - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„ამ საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად ხარვეზად მიმაჩნია ის, რომ დაგეგმილია ამოიღონ ფრაზა - „სერტიფიცირება უნდა გაიარონ 2014 წლის ბოლომდე".

ასევე გარკვეული კითხვები მაქვს შემდეგ ჩანაწერთან, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებთან სამართლებრივი დავის შემთხვევაში საჯარო სკოლას წარმოადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურისტი,“ - ამბობს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი.

მისივე თქმით, მასწავლებლებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ დაემტკიცებინათ საკუთარი კვალიფიკაცია.

„სამწუხაროა, რომ ადამიანებმა ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს არც თუ ისე რთული გამოცდის ჩაბარება. ამ გამოცდით საგნის თეორიული ცოდნა და სწავლების მეთოდიკა მოწმდებოდა. ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, რომ შემდეგ, სკოლაში ბავშვებს ასწავლის, ჰქონდეს შესაძლებლობა შედგეს, როგორც წარმატებული მასწავლებელი.

ახლა გვაქვს ასეთი რეალობა - გვყავს 20 ათასამდე სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომლებმაც სახელმწიფოს დაუმტკიცეს თავიანთი კვალიფიკაცია, 42 ათასი არასერტიფიცირებული მასწავლებელი, ასევე 2000 სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომლებიც არიან სისტემის მიღმა. ეს არის მოცემულობა, რომელიც არ უნდა შევაფასოთ როგორც კატასტროფული, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნათელი რეგულაციების პირობებში ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას
შეიძლება მოუნდეს სკოლაში მუშაობის დაწყება. სახელმწიფოს სამომავლო მიზანი უნდა იყოს სერტიფიცირებული მასწავლებელი და ახალგაზრდა ნიჭიერი კადრის სკოლაში მოზიდვა", - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

განათლების სპეციალისტი კანონში შესატან ცვლილებებში პოზიტივს მასწავლებელთა კარიერული ზრდის სქემაში ხედავს.

„ახალი სქემა მასწავლებლებს ნათლად უჩვენებს გზას, როგორ გადავიდნენ ერთი კატეგორიიდან მეორეზე. სამწუხაროდ, დღემდე პროფესიული განვითარების სქემა არ იყო ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტი და მასზე ნაკლები ყურადღება მახვილდებოდა,“ - ამბობს თამარ მოსიაშვილი.
პირველი მოსმენისას კანონპროექტი პარლამენტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა წარადგინა.

„კანონპროექტის თანახმად, მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი შეიცვლება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემით, რომელიც დაეფუძნება მასწავლებლის შეფასების კომპლექსურ სისტემას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით დაიყოფიან პროფესიულ კატეგორიებად", - ვკითხულობთ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მენტორი მასწავლებელი (უმაღლესი კატეგორია), მკვლევარი (პირველი კატეგორია), წარჩინებული (მეორე კატეგორია), პრაქტიკოსი (მესამე კატეგორია) - ასეთი იქნება მასწავლებელთა პროფესიული კატეგორია.

როგორ მიანიჭებენ კატეგორიებს, როგორ შეინარჩუნებენ მას, რა იქნება პროფესიული განვითარებისა თუ კარიერული ზრდის პრინციპები, ასევე რა მექანიზმები აღიწერება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ სქემაში, საქართველოს მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია. ცნობილია, რომ ერთი კატეგორიიდან მეორეზე გადასვლა მასწავლებელს დაუდასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით.

კანონპროექტის მიხედვით, მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაზე დაკვირვებისა და შეფასების საფუძველზე მასწავლებელი კრედიტ-ქულებს აგროვებს, რის საფუძველზეც შესაბამის კატეგორიას მიანიჭებს საიდენტიფიკაციო კომისია. საიდენტიფიკაციო კომისია იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც იქნება როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი.

ჯერ არ არის გარკვეული, თუ როგორ აისახება მასწავლებლის კვალიფიკაცია მისი ხელფასის ოდენობაზე.

თამარ მოსიაშვილი: „რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილია, მასწავლებელთა ხელფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გავიგებთ ნოემბერში. დაველოდოთ ნოემბერს და ვნახავთ, როგორ მოუმატებენ მასწავლებლებს ხელფასებს. ტენდენცია, რომელიც შეინიშნება მასწავლებლების ხელფასის მატების მხრივ, ცალსახად პოზიტიურია".

No comments:

Post a Comment