Pages

Thursday, October 23, 2014

მეორადი ჩარიცხვები წელსაც განხორციელდება


თამარ სანიკიძე 2014 წლის აბიტურიენტებისთვის მეორადი ჩარიცხვების შესაძლებლობას ადასტურებსსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით მეორადი ჩარიცხვები წელსაც განხორციელდება. აღნიშნული ინფორმაცია თამარ სანიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

" ჩვეულებრივად მეორადი ჩარიცხვების გზით მივდივართ. შარშან გავაკეთეთ გამონაკლის იმიტომ რომ ვცადეთ სიახლე დაგვენერგა. მეტი დრო დასჭირდათ აბიტურიენტებს სიახლის გასააზრებლად. გარკვეული, მცირე კონტიგენტი ახლაც აღმოჩნდა ვინც ვერ გაითავისა ეს სიახლე. ამიტომაც, წელსაც გავაკეთეთ გამონაკლისი. სიახლე ეხებათ იმ სტუდენტებს, ვინც ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თუმცა ვერცერთ სასწავლებელში ვერ მოხვდნენ,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

შესაბამისი ცვლილება "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანებაში შევიდა. 

" აბიტურიენტებს, რომლებმაც 2014 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე,"- ნათქვამია ბრძანებაში. 

აბიტურიენტების საყურადღებოდ: მეორადი ჩარიცხვის პროცესში მათ არ აქვთ უფლება გაიარონ რეგისტრაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლის სავალდებულო და არჩევითი საგნები არ ემთხვევა აბიტურიენტის მიერ 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ სავალდებულო და არჩევით საგნებს.

პროცედურა კი ასეთია, მას შემდეგ, რაც თავისუფალ ადგილებზე მსურველი აბიტურიენტების რეგისტრაცია დასრულდება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ეროვნულ გამოცდებზე გასული იმ სტუდენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უგზავნის. რის შემდეგაც სიები ხვდება განათლების სამინისტროში და მტკიცდება მინისტრის მიერ. აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ სია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

როგორც საკანონმდებლო მაცნეშია განმარტებული, აბიტურიენტები სწავლის უფლებას 2015 წლის იანვრიდან მოიპოვებენ.

ეკა არის© წივწივაძე

No comments:

Post a Comment