ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ჰოლში, ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი გამართავს UNDP და EU ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის" ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმის "სამშვიდობო ექსპრესი" ჩვენებას.
ჩვენება ხვალ, 18:00 საათზე შედგება. ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა და პროგრამის შედეგების პრეზენტაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის" პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პროექტი ამ ფორმატით პირველია მთელს მსოფლიოში და მას ანალოგი არ ჰყავს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ქართველი და ოსი სტუდენტები დღემდე ერთმანეთს არ შეხვედრიან მსგავს პროექტში, არ ჰქონიათ ასეთი გრძელვადიანი კომუნიკაცია და არაფორმალური ურთიერთობა, არ უცხოვრიათ ერთად 17 დღის განმავლობაში.
"განსაკკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპელი ახალგაზრდები უშუალოდ გაეცნენ ქართველ და ოს სტუდენტებს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პრობლემები, შეხედულებები, ფასეულობები და გამოცდილება.
პრეზენტაციაზე ახალგაზრდები ისაუბრებენ იმ შთაბეჭდილებებზე, რაც მიიღეს ოს თანატოლებთან ერთად პროექტის მსვლელობისას. აღნიშნულ შეხვედრაზე მოეწყობა დისკუსია ქართულ-ოსური ურთიერთობების, კონფლიქტისა და ამ საკითხის ირგვლივ ქართველი ახალგაზრდების ინფორმირებულობის შესახებ. ფილმის პრეზენტაციას დაესწრებიან კონფლიქტოლოგები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები. დისკუსიის პროცესში სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას ოს ახალგაზრდობაში არსებული განწყობების შესახებ და უკეთ გაეცნობიან ცხინვალში არსებულ სიტუაციას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში ქართულ-ოსური ურთიერთობების პრობლემატიკით დაინტერესებას.
შეხვედრა იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილი-მაისის პერიოდში ქართველმა და ოსმა სტუდენტებმა 17 დღის განმავლობაში ერთად იმოგზაურეს ავტობუსით 5 ქვეყანაში (თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბეთი და კოსოვო), სადაც შეხვდნენ ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პროექტში მონაწილეობდა 10 ქართველი და 10 ოსი ახალგაზრდა.
პროექტის მხარდამჭერები აგრეთვე იყვნენ სს "საქართველოს რკინიგზა", "ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი" და კომპანია "ბადაგონი"",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
news.ge
No comments:
Post a Comment