Pages

Thursday, December 4, 2014

მოსაზრება ლარის კურსთან დაკავშირებით

პროფესორი აკაკი ცომაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მოსაზრებას ლარის კურსთან დაკავშირებით:
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თავს ვალდებულად ვთვლი საჯაროდ გამოვხატო ჩემი მოსაზრება ლარის კურსთან დაკავშირებით, რადგან უამრავი ჟურნალისტი ბოლო 3 კვირაა მისვამს ამ შეკითხვას 
კითხვები ლარის კურსთან დაკავშირებით :
1. რა ნიშნულამდე დაეცემა ლარის კურსი და როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ინფლაცია, მოსალოდნელია თუ არა წელს, სხვა წლებთან შედარებით განსაკუთრებული საფრთხე?
რა ნიშნულამდე დაეცემა ლარის კურსი, ამის წინასწარმეტყველება არავის შეუძლია. ეს რომ შესაძლებელი იყოს, ბევრი ადამიანი მარტივად გამდიდრდებოდა. წელს საფრთხე შედარებით მაღალია, ვიდრე ეს შარშან იყო. შარშან, ლარის მოულოდნელი ვარდნა განაპირობა საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი რაოდენობის თანხების ხარჯვამ 2013 წლის ბოლოს. ლარის დიდი მასა მიაწვა ბაზარს და შექმნა უცხოური ვალუტის დეფიციტი. მყისიერმა ცვლილებამ ბევრ ადამიანს უბიძგა, რომ ლარის დანაზოგი გადაეტანა უცხოურ ვალუტაში, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ლარის გაუფასურებას. ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, რომ განეხორციელებინა სავალუტო ინტერვენციები და შესაბამისად, მას მოუწია ნახევარი მილიარდამდე სავალუტო რეზერვის დახარჯვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი ამ პროცესში დაგვიანებით ჩაერთო, რადგან შესაძლებელი იყო უფრო სწრაფად დროულად მოქმედება და რეზერვიც ნაკლები დაიხარჯებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სიტუაცია წააგავს შარშანდელს, იგი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება შარშანდელისგან. წელს:
ა. შემცირებულია წმინდა ექსპორტი, ანუ იმპორტი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტი - ეს ჩანს 2014 იანვრის ოქტომბრის მონაცემებითაც და დეკემბრის ბოლოსთვის, განსხვავება კიდევ უფრო მეტად მკვეთრი გახდება
ბ. შემცირდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები შარშანდელთან შედარებით
გ. მცირდება რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ფულადი გზავნილების რაოდენობაც
ფაქტიურად, საგრძნობლად შემცირდა თითქმის ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის მიწოდებას ქვეყანაში. შედეგად, შემცირდა მიწოდებული უცხოური ვალუტის რაოდენობა და ამანაც განაპირობა ლარის გაუფასურება. დღეს, ლარის გაუფასურება გიჩვენებთ ეკონომიკის ფაქტიურ მდგომარეობას და წარმოადგენს იმ მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგს, რომელიც ხორციელდება ბოლო ორი წელიწადია. მისი ხელოვნური გამყარება შეიძლება, მაგრამ ეს არ იქნება სწორი ნაბიჯი. ჩემი აზრით, ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაიწყოს მოქმედებები ლარის გასამყარებლად. ამ სიტუაციას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ წლის ბოლოს არის იმის საშიშროებაც, რომ საქართველოს მთავრობა შარშანდელივით დახარჯავს ბევრს ერთბაშად სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად, რაც ლარს აუცილებლად გააუფასურებს კიდევ უფრო მეტად. თუმცა, შემოსავლების შესრულების ნაწილში ბიუჯეტი ვერ სრულდება (მოსალოდნელია, რომ დიდი ალბათობით ნახევარი მილიარდი ლარით გაირღვევა) და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც იმედი მაქვს, რომ ვერ შესრულდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობა დგას შედარებით მძიმე არჩევანის წინაშე:
ა) შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და დააფინანსოს სხვადასხვა პროექტები, რომელიც ძირითადად სოციალურ ხასიათს ატარებს და ეკონომიკის ზრდაზე არ არის ორიენტირებული და ეს გააკეთოს ლარის კიდევ უფრო გაუფასურების ხარჯზე, თუ
ბ) უარი თქვას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (ანუ ჩააგდოს ბიუჯეტი), მაგრამ აღარ შეუწყოს ხელი ლარის კურსის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას
ამ შემთხვევაში, ბ ვარიანტი სჯობს ა-ს, რადგან ცხადია, რომ ლარის გაუფასურებით შემცირებული ეკონომიკური კეთილდღეობა აღემატება საბიუჯეტო ხარჯებით შექმნილ სარგებელს
2. რამდენად იგრძნობს ლარის კურსის ვარდნას მომხარებელი, რა კონკრეტულ რეკომენდაციებს მისცემთ ხელისუფლებას და როგორ ფიქრობთ, რამდენად მზადაა იგი ინფლაციასთან საბრძოლველად?
მომხმარებელმა ეს უკვე იგრძნო და ტენდენცია უარესობისკენ იცვლება. ამას ეკონომიკური ზრდის კვარტალური მაჩვენებლებიც ადასტურებს:
ა) იმპორტიორი კიდევ უფრო მეტად შეეცდება პროდუქტის გაძვირებას, ვიდრე შარშან, რადგან მისი მოლოდინი შეიცვალა და ეს ტენდენცია უკვე სახეზეა
ბ) ყველას, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს, მათი ეკონომიკური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა
გ) უცხოელმა ინვესტორებმა მიიღეს მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს ეკონომიკა სახიფათოა და არ ღირს იქ ინვესტიციების განთავსება
დ) ბიზნეს-გარიგებების რაოდენობა შემცირდება, რაც მომავალ ეკონომიკურ ზრდაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება
გარდა ამისა, ბოლო ორ წელიწადში, საქართველოს სახელმწიფო ვალი 1.7 მილიარდი ლარით გაიზარდა (როდესაც ვალს იღებ, სულ მცირე, ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემის წინაშე მაინც არ უნდა დადგეს ქვეყანა). იხარჯება წინა მთვრობის მიერ დაგროვილი რეზერვები. თუ არ ვცდები, რეზერვებიც 400 მლნ ლარით შემცირდა. სავალუტო რეზერვები კი თითქმის 300 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რომელიც ასევე წინა მთავრობის პერიოდში დაგროვდა და ამასთან, ლარი მაინც უფასურდება. კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს დიდი რაოდენობით საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსება (მთავრობამ ისესხა). მათ შორის არის ყოვლად უსარგებლო აგრარული სექტორის სუბსიდირება, რომლის მონაწილეობა მთლიან შიდა პროდუქტის სტრუქტურაში უმნიშვნელოა (9%) იმის გთვალისწინებით, რომ ამ სექტორში დასაქმებული მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 48%–ია. ეს ხომ ის პოტენციური ინვესტიციებია, რომელიც „უხილავი ხელის“ ძალით გადანაწილების შემთხვევაში, ეკონომიკის ზრდას მოხმარდებოდა. იზრდება დასაქმების მაჩვენებლები სახელმწიფო სექტორში. იქმნება ყოვლად უსარგებლო სააგენტოების რაოდენობა, ხოლო საბოლოო ჯამში, საზოგადოების უმუშევართა რაოდენობა იზრდება.
მთავრობის წევრები, და ე.წ. „გამპრავებელი ექსპერტები“ ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგად არის და არც არაფერი ხდება. უფრო მეტიც, ზოგიერთის მსჯელობა უკვე თავხედობაშიც გადადის და უტიფრათ ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ უფრო უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გვქონდა თუნდაც 2 წლის წინ.
არ დიჯეროთ, თუ ასე გაგრძელდა ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება!

No comments:

Post a Comment