ჩემს 5 წლის შვილიშვილს აღმოაჩნდა დაბალი ჰემოგლობინი. ექიმმა რეკომენდაცია მოგვცა - ბროწეულის წვენი მიეცითო. თქვენ რას გვირჩევთ?
ბროწეული ოდითგან სისხლნაკლულობის სამკურნალო საშუალებად მიაჩნდათ. ასეა თუ არა სინამდვილეში? ბროწეული მართლაც ძალიან სასარგებლოა. ეს ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, უჯრედულ დონეზე იცავს ორგანიზმს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. მაგრამ იმედი, რომ ბროწეული ჰემოგლობინის დონის აწევაში დაგვეხმარება, ამაოა - რკინას კარგად ითვისებს ორგანიზმი მხოლოდ ხორციდან, განსაკუთრებით - წითელი ხორციდან (კურდღელი, ხბო, ძროხა). სამაგიეროდ, ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებენ.
როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი?
ბროწეულის კანი უნდა იყოს სუფთა, პრიალა, გლუვი, თანაბრად შეფერილი, მუქი წითელი, ხელის დაჭერისას უნდა იდრიკებოდეს. ნუ შეიძენთ კანდახეთქილ ნაყოფს. სახლში მიტანისას გადაავლეთ წყალი და დაჭერით სუფთა დანით, რომ ბაქტერიები შიგნით არ შეიტანოთ. ბროწეულის ნაყოფი ზამთარშიც შეიძლება შევიძინოთ. თუ შენახვის წესებს დავიცავთ, მას არათუ არ მოაკლდება - მოემატება კიდეც სასარგებლო თვისებები, მწკლარტე გემოს დაკარგავს, ხოლო ვიტამინებსა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს.
შეიძლება თუ არა, აღმოვფხვრათ რკინის ნაკლებობა?
რკინა ადრეული ასაკის ბავშვების თითქმის 30%-ს აკლია. ამას უმთავრესად ორი მიზეზი აქვს: დაბადებისას ორგანიზმში რკინის უკმარისობა და არარაციონალური კვება. შედარებით მოზრდილ ბავშვებში რკინის ნაკლებობას სისხლდენები და ორგანიზმის სწრაფი ზრდა განაპირობებს. თავად რკინის ნაკლებობა კი ორგანიზმში რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს. ადრეული ასაკის ბავშვებში ის აღგზნებით, კანისა და ლორწოვანი გარსების გაფერმკრთალებით, ძილის დარღვევით, უმადობით ვლინდება. შედარებით მოზრდილები ამ სიმპტომებთან ერთად უჩივიან თავბრუხვევასა და ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, ყურების შუილს, ხშირ გულის წასვლას, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, სწავლასა და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენას. რკინის ნაკლებობის შესავსებად საჭიროა რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა დიეტათერაპიასთან ერთად. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ისეთი პროდუქტებით, როგორიც არის ძროხისა და ხბოს ხორცი, ძროხის ენა და ღვიძლი, კურდღლის ხორცი. ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინით მდიდარია, მაგრამ ამ ელემენტზე მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ვინაიდან მცენარეული რკინა ძნელი ასათვისებელია. ასე რომ, ვაშლის, ჭარხლის, ბროწეულის წვენის, წიწიბურას დიდი ოდენობით მიღება რკინის დეფიციტს ვერ შეავსებს. რკინის პრეპარატებით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. მისი შეწყვეტა მხოლოდ ექიმის ნებართვით, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება. თუმცა თუ რკინის დეფიციტის მიზეზი არ დავადგინეთ და აღმოვფხვერით, რამდენიმე ხნის შემდეგ პრობლემა ხელახლა იჩენს თავს.
mkurnali.ge
No comments:
Post a Comment