Pages

Friday, May 26, 2017

კვირიკაშვილი: აფხაზებს და ოსებს მშვიდობიანი პოლიტიკა დაგვიბრუნებს

"არ არსებობს სამშობლოს სადარაჯოზე დგომაზე მეტი პატივი", - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერმა ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე.
"ვულოცავ მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს და ყველა ჩვენს თანამემამულეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღლებულია ჩვენი ახალწვეულებისთვის, რომლებმაც ასეთ საზეიმო დღეს დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი ჯარისკაცების სახელს. ჩვენო ჯარისკაცებო, მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომელიც საუკუნეებს გამოატარა ჩვენმა წინაპარმა და ჩვენი ქვეყნის ზნეობრივ კოდექსად იქცა. დღეს ჩვენს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზებს და ოსებს. დღეს საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ევროპამ გაუღო კარები და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება ის დღე, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

imedinews.ge

No comments:

Post a Comment