იმ ხილის და ბოსტნეულის მიღება, რომელშიც მაღალია პესტიციდების შემცველობა, ქალებში შესაძლოა, დაბალ შობადობას უკავშირდებოდეს, ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ "ჯამაში" 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელშიც 325 ქალი მონაწილეობდა. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმაც აჩვენა, რომ პესტიციდებით დაბინძურებულ გარემოსთან ადეკვატური კონცენტრაციით გაკეთებული პესტიციდების ინექციის შემთხვევაში, ცოცხალი ნაყოფით მშობიარობის შანსები მცირდებოდა. ორგანიზმზე პესტიციდების ზემოქმედებასთან დაკავშირებით ვრცელ სტატია "ამერიკის ხმა" აქვეყნებს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა ის ფაქტორები შეისწავლეს, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მათვე აღმოაჩინეს, რომ სუპერმარკეტში გაყიდულ ზოგიერთ პროდუქტში პესტიციდების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია,
ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პესტიციდების შემცველი საკვების მიღება ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს აუტიზმს. 2017 წლის დასაწყისში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ პესტიციდებს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე კატასტროფული შედეგი აქვს. "პესტიციდებთან ქრონიკული შეხება უკავშირდება კიბოს, ალცჰაიმერს, პარკინსონს, ჰორმონალურ დარღვევებს, გონებრივი განვითარების პრობლემებს და სტერილობას" - ნათქვამია ანგარიშში.
შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი პესტიციდებით ორგანიზმისთვის მიყენებული მრავალი ტიპის ზიანს შორის ასახელებს დაავადებათა ფართო სპექტრს, მათ შორის: კანცეროგენულს, ნევროლოგიურს, რეპროდუქტიულს, დერმატოლოგიურს, გასტროენტეროლოგიურს. მაღალი დოზით მიღება შესაძლოა ჰოსპიტალიზაციით და დაღუპვითაც დასრულდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, პესტიციდები კანცეროგენულია (შესაძლოა გამოიწვიოს კიბო), ნეიროტოქსიკურია (შეუძლია თავის ტვინის დაზიანება) და ტერატოგენური (ორსულის ნაყოფის დაზიანება შეუძლია).
მკვლევარები ფიქრობენ, რომ პესტიციდები განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობით გროვდება მცენარეების კანში. ის მცენარეები, რომელსაც სქელი კანი აქვს (მაგალითად, ავოკადო, ნესვი, გოგრა), შესაძლოა მეტად დაცული იყოს. მეცნიერები გვირჩევენ, შეძლებისდაგვარად ორგანულად მოყვანილი პროდუქტი შევიძინოთ და ასევე გვაფრთხილებენ, რომ წყლით კარგად გარეცხვა პესტიციდების პრობლემას არ ხსნის. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ მხოლოდ სოდიან წყალში 15 წუთით დალბობის და გარეცხვის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ვაშლის კანში ზოგიერთი პესტიციდის რაოდენობამ დაიკლოს.
ambebi.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment