განათლების მინისტრის თქმით, მშობლებს ჰგონიათ, რომ მათმა შვილებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ უნივერსიტეტებში, რათა წარმატებული კარიერა და კარგი ანაზღაურება ჰქონდეთ. მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ ეს გამოწვევაა და სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიული განათლების პოპულარიზება იქნება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
"პროფესიული განათლება იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით ფსიქოლოგიური ხასიათისაა და გვინდა დავძლიოთ ეს ბარიერი. შესაბამისი კამპანია გვაქვს შემუშავებული ", - თქვა ჩხენკელმა.
მინისტრმა კამპანიის მიმართულებებიც დაასახელა. ესენია: ინფორმირებულება, რომლითაც დაარწმუნებენ ადამიანებს, რომ კოლეჯში სწავლითაც შეიძლება კარგი ანაზღაურების სამსახურის შოვნა; უნივერსიტეტების ბაზაზე პროფესიული განათლების პროგრამები დაინერგება. რაც შეეხება მესამე მიმართულებას - ეს არის კერძო ბიზნესის ბაზაზე პროფესიული კოლეჯების შექმნა. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით კერძო სექტორთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბრიდან მიიღებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment