თბილისსა და პანკისის ხეობაში დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილის ოჯახის წევრებისა და სუსის გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობრივია.
ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს უკვე ესაუბრა.
"ჩვენ ჩავერთვებით საკითხის შესწავლაში. ველოდებით გარკვეულ ინფორმაციას და შესაბამისს პოზიციას ამის შემდეგ დავაფიქსირებთ", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები შენარჩუნებული აქვს.
"ღამის სამი საათი იქნებოდა, როდესაც დაიწყეს ოპერაცია, შუქი გათიშეს და მე და ჩემი გოგო ოთახში შეგვიყვანეს. უამრავი სპეცრაზმელი იყო ეზოში, ამ დრომდე არ ვიცოდი ჩემი შვილის მდგომარეობა. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ვართ და ველოდებით ოპერაციის დაწყებას. თემირლანის მდგომარეობა მძიმეა, ჭრილობა აქვს შუბლთან და მხართან, არ ვიცი რატომ დაჭრეს, ჩემ შვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც ის ვიცი, რას ედავებიან“, - ამბობს სპეცოპერაციის დროს დაჭრილის დედა მედიკო მაჩალიკაშვილი.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. წინასწარი და ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დღეს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment