Pages

Monday, January 22, 2018

ძალადობის და აგრესიის არსებობა მარტო სკოლის პრობლემა არ არის, სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშია

ძალადობის და აგრესიის არსებობა მარტო სკოლის პრობლემა არ არის, სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშიაძალადობის და აგრესიის არსებობა მარტო სკოლის პრობლემა არ არის. სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშია, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრი აცხადებს. 

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო სკოლებში შექმნილი აგრესიული ფონის დაწევას, რა პასუხისმგებლობები შეიძლება დაეკისროს მშობლებს შვილების ქცევის გამო, იქნება თუ არა სკოლებში საპოლიციო კონტროლი და კონკრეტულად, რა სიახლეებს გეგმავს ახალი მინისტრი განათლების სისტემაში, „ინტერპრესნიუსი“ მიხეილ ჩხენკელს ესაუბრა. 

- ბატონო მიხეილ, დაახლოებით, 2 თვეა მინისტრი ხართ. გექნებოდათ საშუალება სკოლებში არსებულ სიტუაციას გაცნობოდით და შეგესწავლათ. თქვენი ზოგადი შეფასება როგორია, რა სიტუაციაა დღეს სკოლებში, რა გამოწვევებია და რა საკითხები საჭიროებს სასწრაფოდ გამოსწორებას?- ყველაზე მთავარი, რაც განათლების სამინისტროს პრიორიტეტი იქნება, ეს არის სწავლების ხარისხი სკოლებში. ეს დაკავშირებულია სხვადასხვა საკითხთან. კერძოდ, ეხება სახელმძღვანელოების ხარისხს, რაზეც ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ბოლო ფაზაში ვართ. 1-ელიდან მე-6 კლასების ჩათვლით სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში გადადის. სახელმძღვანელოების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. იქნება ავტორიტეტული კომისია, რომელშიც ჩართულები არიან დარგის სპეციალისტები. ეს კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რომელი სახელმძღვანელოები დაინერგება სკოლებში. იქნება საჯარო განხილვებიც. ამას მოჰყვება შემდეგი კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესიც. ამ მიმართულებით ნამდვილად გაუმჯობესდება სიტუაცია. 
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი არის მასწავლებლების კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესება. ყველა მასწავლებელს დავეხმარებით იმაში, რომ მათი ხარისხი გაუმჯობესდეს და მიაღწიონ მაღალ პროფესიულ სტანდარტს. ეს მოხდება სპეციალური ტრენინგების საშუალებით. მოგეხსენებათ, რომ მასწავლებლები გადიან მთელ რიგ კურსებს, მაგრამ ახლა აქცენტი გაკეთდება ისეთ ტრენინგებზე, რომელიც ავითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც შემდეგ ყველა მასწავლებელმა უნდა შეძლოს და მიიტანოს საკლასო ოთახამდე. თეორიულ ცოდნას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და ამ კუთხით მასწავლებლების პროფესიული ამაღლების პროცესი განვითარდება და გაგრძელდება, მაგრამ აქცენტი გაკეთდება პედაგოგიური, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვანია ხარისხის ასამაღლებლად. 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

- ჩვენ გვახსოვს, რომ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გარკვეული პერიოდები ჰქონდათ მიცემული. რა ცვლილებებს გეგმავთ და ისევ ხომ არ მიეცემათ მასწავლებლებს გარკვეული ვადები კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად? მასწავლებლების ცოდნის დონეს როგორ შეაფასებთ, რა დონის მასწავლებლები გვყავს დღეს სკოლებში და 10-ქულიანი სისტემით რამდენ ქულას დაუწერდით მათ?- ასე არ გავამარტივებდი საკითხს. ძალიან ბევრი მასწავლებელი გვყავს, მათ შორის არიან უმაღლესი რანგის პროფესიონალები, ასევე არიან მასწავლებლები, რომლებსაც დავეხმარებით პროფესიული დონის ამაღლებაში. სანამ მათი შემოწმება მოხდება, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა იმ კურსებსა და ტრენინგებზე, რომლებიც დაეხმარებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში და იმ სტანდარტამდე მისვლაში, რომელსაც გვინდა მივაღწიოთ. გარდა ამისა, ახალგაზრდები, მომავალი თაობა უნდა წავახალისოთ, რომ აირჩიონ მასწავლებლის პროფესია და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში.

- ანუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები იგეგმება?- კი, არის მთელი რიგი მიმართულებები სქემაში, რომლის გაუმჯობესება გვინდა. დაწყებული გვაქვს ძალიან ინტენსიური მუშაობა, რომ გახდეს უფრო მოქნილი და მთელი რიგი გაუმჯობესებები მოხდეს. 

- იქნება კონკრეტული ვადები, რა ვადებშიც პედაგოგი უნდა გადამზადდეს?- ვადები შემდეგი ეტაპი იქნება. ახლა ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ არის ის, რა ფორმით უნდა მოხდეს მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება და რაში უნდა გაიუმჯობესონ მათ უნარ-ჩვევები. 

- შეიძლება ეს უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდეს?- ეს დაფუძნებული იქნება ქართულ ეროვნულ მოდელზე, მაგრამ უცხოელი პარტნიორების მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ და ისინიც ჩართულები იქნებიან ამ ტრენინგებში. ეს აუცილებელი მომენტია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბიუროკრატიული მხარე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

InterPressNews.Ge- ახლა გვაქვს ეს ბიუროკრატიული მხარეები?- არის მთელი რიგი საკითხები, სადაც გაუმჯობესება შეიძლება. მასწავლებელმა თავისი ძირითადი ენერგია თავის სამუშაოს უნდა დაუთმოს, როგორიც არის გაკვეთილების მომზადება და რაც ყველაზე მთავარია, სწავლების პროცესი საინტერესო უნდა გახადოს. ბიუროკრატიული მხარე რაც არის, ეს მინიმუმამდე შემცირდება. 

- სწავლების კურსი ფასიანი იქნება?- ამ საკითხს ვიხილავთ ჯერ და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ ეს მასწავლებელზე ორიენტირებული უნდა იყოს. 

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სკოლებში უსაფრთხოების თემას უკავშირდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთ სკოლის მოსწავლეს შორის არაერთი ჩხუბი თუ გარჩევა მოხდა, რაც, რამდენიმე შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგიკულადაც დასრულდა. წლის დასაწყისში უნდა გქონოდათ შემუშავებული გეგმა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმებოდა სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში პარლამენტი უკვე დაიწყებს რეკომენდაციების განხილვას. რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით? - ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ძალიან მრავალმხრივი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო. ეს ბევრ რამეს გულისხმობს. ვიცით, რომ მანდატურის სამსახურის გაძლიერება მოხდება. საკანონმდებლო კუთხით მთელი რიგი ცვლილებები შეიძლება გატარდეს, რომ მანდატურის სამსახურის, მათი კვალიფიკაციისა და გადამზადების მხრივ გაუმჯობესდეს სიტუაცია. მათი ურთიერთთანამშრომლობა საპატრულო პოლიციასთან ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. მაგრამ არანაირ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს სკოლაში პოლიციური რეჟიმის დამყარებას, რამეთუ პოლიციური რეჟიმი კიდევ უფრო მეტ აგრესიას იწვევს. ზოგადად, ბულინგის, ძალადობის, აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია ძალისმიერი მეთოდებით. უნდა მოხდეს ამ პრობლემების დაძლევა და აღმოფხვრა განათლებით, შემოქმედებითი აქტივობებით, ინფორმაციის გავრცელებით და სპორტით. კონკრეტულად გეტყვით რა ხდება ამ მიმართულებით და რა გავაკეთეთ უკვე. მე და ჩემმა კოლეგამ, კულტურის და სპორტის მინისტრმა გავაკეთეთ განცხადება ერთობლივი პროექტის შესახებ. ეს იქნება ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს სპორტულ შეჯიბრებებს და მოიცავს ყველა სკოლას. ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება, ჩაერთოს ამ პროგრამებში. კერძოდ, სკოლებში ჩატარდება შეჯიბრებები სპორტში, ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება აირჩიოს სპორტის ესა თუ ის სახეობა, რომელიც მას აინტერესებს. პირველ ეტაპზე შეჯიბრებები იქნება სკოლებში, შემდეგ სკოლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს და საუკეთესოებს ექნებათ საშუალება, თავიანთ უცხოელ თანატოლებს შეეჯიბრონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ახალგაზრდებმა თავიანთი ენერგია უნდა დახარჯონ სწავლა-განათლებაში, შემოქმედებით აქტივობებში და სპორტში. ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება არის ერთ-ერთი ფორმა, რომ დაიძლიოს ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც სკოლებში გვაქვს. 

- ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით დაწყებული კამპანიებით თქვენი წინამორბედიც საკმაოდ გამოირჩეოდა, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდა. ვიცით, რომ ფიზკულტურის გაკვეთილები სკოლებში, ფაქტობრივად, არ ტარდება, მოსწავლეები სპორტულ დარბაზებში არ ჩაჰყავთ, რესურსი კი იხარჯება. რას გეგმავთ ამ მიმართულებით? - ეს საბედნიეროდ, ყველა სკოლას არ ეხება, მაგრამ არის ეს პრობლემა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ყველა სკოლაში უნდა მოხდეს. ჩვენი მიზანია, რომ ყველა სკოლას ჰქონდეს სპორტული ინფრასტრუქტურა რაღაც სახეობაში მაინც. ფიზკულტურის გაკვეთილების გაძლიერება ზოგადად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისთვის და ამ მიმართულებით კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ. 

InterPressNews.Ge- კონკრეტულად გვითხარით რა იგეგმება? თანხები არის გამოყოფილი, მაგალითად, რა დაიხარჯება ინვენტარის შეძენაზე?- არის თანხები გამოყოფილი, მაგრამ იმისთვის, რომ მიზნამდე მივიდეთ და ყველა სკოლა იყოს აღჭურვილი... მაგრამ ზოგადად, მარტო ჩვენს სფეროს კი არა, ყველაფერს სჭირდება გაზრდილი ბიუჯეტი. საგრძნობი და მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ მოხდეს, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ზრდა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ამასთანავე, ჩვენი უცხოელი პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები აქტიურად გვეხმარებიან, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ჩვენი მეგობარი ქვეყნები მნიშვნელოვან დახმარებას აღმოგვიჩენენ. უკვე მიმდინარეობს ეს პროგრამები და როდესაც გავაცანით ჩვენი ინიციატივები, დაგვპირდნენ სერიოზულ ფინანსურ დახმარებას. 

- ახალი სასწავლო წლიდან გვექნება ეს ინფრასტრუქტურა?- ყველა სკოლაში ეს ვერ მოხდება ერთდროულად, მაგრამ მიზანი ეს არის, რომ ყველა სკოლა აღვჭურვოთ. პროცესი რეალურად, უკვე დაწყებულია და რამდენიმე სკოლაში მაღალი რანგის სპორტული ინფრასტრუქტურა უკვე გვაქვს. მაგალითად, აშშ-ს საელჩო და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დაგვეხმარა და რამდენიმე სკოლა უკვე გავხსენით, ბევრი სკოლის გახსნა კიდევ იგეგმება, სადაც მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურა იქნება. 

- სკოლებში უსაფრთხო გარემოს და მანდატურის ფუნქციებს რომ დავუბრუნდეთ. ბოლო წლების განმავლობაში მანდატურის ფუნქციები შესუსტებულია. რა ცვლილებებს გეგმავთ ამ მიმართულებით?- პირდაპირ გეტყვით, არც მანდატური უნდა იყოს დირექტორს დაქვემდებარებული და არც დირექტორი უნდა ექვემდებარებოდეს მანდატურს. ეს უნდა იყოს ერთი გუნდი და გუნდურად უნდა მოხდეს პრობლემების დაძლევა. მჭიდრო თანამშრომლობაზე პატრულთან უკვე გითხარით, უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში უკვე სერიოზული საკითხების განხილვა მოხდა. ეკიპაჟები პატრულირებენ სკოლებთან, მიმდებარე ტერიტორიაზე. 

- რამდენად ეფექტურია ეს პატრულირება და რამდენი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა შეძლო პატრულმა და მანდატურმა ამ თანამშრომლობის ფარგლებში? და რამდენად ხშირია სკოლებში პატრულის გამოძახების ფაქტები, როდესაც მანდატური ვერ ახერხებს სიტუაციის განმუხტვას?- სკოლებში პატრულის გამოძახება საბედნიეროდ, ხშირად არ გვჭირდება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როდესაც მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ პატრულს ხედავენ, ეს უკვე პრევენციის მექანიზმია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია. პრობლემა სინამდვილეში ძალიან სიღრმისეულია. 

- როგორ აპირებთ ამ სიღრმისეული პრობლემის დაძლევას?- ერთი მიმართულება ამ პრობლემის დასაძლევად არის ინფორმირება. ინფორმაციის ქონა ეხება როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლებს. ძალადობის და აგრესიის არსებობა მარტო სკოლის პრობლემა არ არის. სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშია. საზოგადოებაშია დასაწევი აგრესიის ფონი. ოჯახში რომ მშობელმა უნდა მოუსმინოს ბავშვს მინიმუმ 15 წუთი დღის განმავლობაში, ეს აუცილებელი რეკომენდაციაა. გეტყვით, კონკრეტულად რა გავაკეთეთ. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ჩვენს მოწინავე ფსიქოლოგებთან. მათთან ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები და გავაკეთეთ სამი ტიპის ფლაერი, რომელიც სკოლებს უკვე დაეგზავნათ ელექტრონული ფორმით. ბეჭდური ფორმითაც უკვე დავიწყეთ გავრცელება და ცოტა ხანში, როცა სამივე ტიპის ფლაერი დაიბეჭდება, ისინი აბსოლუტურად ყველა სკოლას, ყველა მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს და მშობლებს დაურიგდება. ამ ფლაერებზე არის კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ამ პრობლემის აღმოფხვრაში. მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს იმაში, რომ ძალადობა არანაირი ფორმით სკოლაში არ იყოს. 

InterPressNews.Ge- როგორც წესი, ასეთი ფლაერები ეფექტური არ არის...- ფლაერების დარიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური. ეს ეფექტური არ იქნება მაშინ, თუ მას ხალხი არ კითხულობს. თუ ხალხი ამას შეასრულებს და იმედი გვაქვს შეასრულებს, რადგან ეს ძნელი არ არის, გამოსწორდება სიტუაცია. ჩვენი კამპანია ფლაერებით არ სრულდება, ეს არის პირველი ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ჩართულები იყვნენ სკოლის პროცესში. ვიხილავთ შემდეგ მოდელს, რომ მშობელსა და სკოლას შორის დაიდოს კონტრაქტი, რომელიც გულისხმობს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხსაც. რომ ისინი ურთიერთთანამშრომლობდნენ, ყოველი მოსწავლის მშობლები ჩართული იყოს იმ პროცესში, რომელიც სკოლაშია, ინფორმირებულობა უნდა იყოს ორმხრივი. სკოლამ სწრაფად უნდა მიაწოდოს მშობლებს ინფორმაცია თუ რაიმე პრობლემაა და პირიქით, მშობელმა აქტიურად იმუშაოს სკოლასთან. სკოლის მასწავლებლები, ხელმძღვანელობა და მშობელი უნდა იყოს ერთი გუნდი. 

- კონტრაქტების შემოღება ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება? კონკრეტულად, მშობლის რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი? - უკვე დაიწყო ეს კამპანია. კიდევ გვაქვს სხვა კამპანიაც, რომელიც მოსწავლეებთან შეხვედრას ითვალისწინებს. რამდენიმე ასეთი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ და ისევ ვგეგმავთ. ეს არის კამპანია „მოუსმინე მოსწავლეებს“, ასევე ვხვდებით მასწავლებლებს და მომავალი კვირიდან ვგეგმავთ, ყველა რეგიონში ჩასვლას და სკოლების დირექტორებთან შეხვედრას - მათი აზრის გათვალისწინებაც აუცილებლად უნდა მოხდეს. რეალურად, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების საკითხიც. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ამ პრობლემის წინააღმდეგ. 

- თქვენ საუბრობდით, რომ ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს ფსიქოლოგი და განიხილავდით იმ საკითხსაც, რომ მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები ჩართულიყვნენ პრობლემის მოგვარებაში. როდის ეყოლება ყველა სკოლას ფსიქოლოგი?- ძალიან ბევრ სკოლაში უკვე გვყავს ფსიქოლოგები, თუმცა გვაქვს კვალიფიციური ფსიქოლოგების დეფიციტიც. ამიტომ მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტები დაეხმარებიან კვალიფიციურ ფსიქოლოგებს. რაც შეეხება რეგიონებს, სამწუხაროდ, იქ ფსიქოლოგების რაოდენობა არ გვყოფნის, ამიტომ მობილური ჯგუფები გვყავს. თუ სკოლას დაჭირდა დახმარება, სასწრაფოდ მივა მობილური ჯგუფი და დაეხმარება. 

- უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს რომ დავუბრუნდეთ. პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების დროს, სიტყვით გამოსვლისას თქვენ აღნიშნეთ, მოხდა იმ სკოლების იდენტიფიცირება, სადაც მომეტებული საფრთხეები არსებობს. დაგვიკონკრეტეთ, რამდენი სკოლაა და რა პრობლემებია ამ სკოლებში? - საბოლოო რიცხვს ვერ ვიტყვი, თუმცა, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება.

- ბევრია ასეთი სკოლა? საერთო რაოდენობის ნახევარი?- არა, არა, ბევრი არ არის, მაგრამ სადაც დიდია სკოლა, რისკიც იმატებს. ახლოსაც არ არის ნახევართან. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე იყოს. მთავარი აქ არის, რომ როგორც შსს-ს, ასევე განათლების სამინისტროს აქვს ინფორმაცია, სად არის ეს რისკები და შესაბამის ღონისძიებებს ვატარებთ რისკების გასანეიტრალებლად. 

- რამდენად არის შესაძლებელი უსაფრთხოების მიზნით სკოლებში დეტექტორები დამონტაჟდეს? - თუ ამის საჭიროება გაჩნდა, ამ მიმართულებითაც ვიფიქრებთ. მაგრამ როგორც გითხარით, როგორც პატრულის, ასევე მანდატურის ფუნქციების გაუმჯობესების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება. მაგრამ პრობლემა არის იმდენად სიღრმისეული, რომ ბევრი მიმართულებით მუშაობა გვჭირდება. ინფორმაციის გავრცელება, განათლება, შემოქმედებითი აქტივობები, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტი, ეს არის სწორედ ის მეთოდები, რითაც ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. 

- რაც შეეხება სკოლებში უფროსკლასელების დასწრების საკითხს, ესეც საკმაოდ პრობლემური უნდა იყოს. არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი ხშირად აცდენენ გაკვეთილებს. როგორ ფიქრობთ ამ პრობლემის მოგვარებას? ხომ არ იგეგმება შემოწმების დაწყება?- არის პრობლემა და არ უნდა აცდენდნენ. მოსწავლეს უნდა აინტერესებდეს გაკვეთილი და არ უნდა უჩნდებოდეს გაცდენის სურვილი. არსებობს ელექტრონული ჟურნალი და ზოგადად, რომ არის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 კლასელები სკოლაში არ დადიან, ასეც არ არის, დადიან სკოლებში - სადაც საინტერესოდ მიმდინარეობს გაკვეთილები და მაღალ დონეზეა აკადემიური პროცესი, იქ ნამდვილად დადიან. დირექტორებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი საკითხი ესეც იქნება. მოსწავლე გაცდენების რაოდენობას ვერ გადაააჭარბებს. ყველა სკოლას აქვს ლიმიტი, რომ მას მოსწავლემ არ გადააჭარბოს. მაგრამ მთავარი არის ის, რომ მოსწავლეს სკოლის გაცდენა აღარ მოუნდეს. უნდა იყოს გარემო, სადაც ის რეალურად ცოდნასაც მაღალ დონეზე იღებს და მისთვის საინტერესოც არის. მაგალითად, გვაქვს პროექტი „ევრიკა“, რომელსაც მომავალი სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან ვიწყებთ, რაც სკოლებს დაეხმარება, ცოდნის მიღების პროცესი საინტერესო იყოს. პროექტი ნიშნავს უნივერსიტეტების ჩართულობას სასწავლო პროცესში, მოიცავს ყველა სკოლას ონლაინ რეჟიმში, ანუ ონლაინ რეჟიმში ყველა სკოლაში დამატებითი გაკვეთილები ჩატარდება. ეს არ იქნება ოფიციალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილების ნაცვლად. ამ დამატებით გაკვეთილებს ჩაატარებენ ჩვენი წამყვანი მეცნიერები, პროფესორები და ასევე გამოჩენილი და წარმატებული პედაგოგები.

- მოსწავლეებს ვალდებულება ექნებათ ამ დამატებით გაკვეთილს დაესწრონ?- კი, მათ ვალდებულება ექნებათ, მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, რომ ისინი ვალდებულები იქნებიან, ამ გაკვეთილს დაესწრონ, მათ სურვილი გაუჩნდებათ დასწრების. სახალისო გაკვეთილები ჩატარდება მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ასევე ჰუმანიტარულ დარგებში. სახალისო გაკვეთილების მთავარი დანიშნულებაა, რომ მოსწავლეებს ხალისი, ინტერესი გაუჩნდეთ სწავლის პროცესისადმი. მთავარი კითხვა, რასაც პროფესორები უპასუხებენ არის ის, თუ რატომ აირჩიეს თავად ეს დარგები. მოსწავლეებს უნდა გაუჩნდეთ ინტერესი ინტელექტუალური შრომისადმი, მათ აღმოაჩინონ საკუთარ თავში, რომ თურმე ჰყვარებიათ მათემატიკა, ჰქონიათ ფიზიკის ნიჭი, აინტერესებთ ისტორია და ა.შ. ეს ძალიან დიდ შედეგამდე მიგვიყვანს. 

- ამ ყველაფერს საბოლოოდ მივყავართ გამოცდებამდე, ამიტომ აქვე გკითხავთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგეგმება ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები და გარკვეულ საგნებში საგამოცდო ტესტები მარტივდება, (მაგალითად, მათემატიკის გამოცდის). კონკრეტულად რას გეგმავთ ამ მიმართულებით. გამოსავალი რამდენად არის გამოცდის გამარტივება, როცა ამით მოსწავლის ცოდნის დონეს არაფერი ემატება?- გამოცდები, რასაკვირველია, დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან. ჯერ სასწავლო პროცესზე გეტყვით ორიოდე სიტყვას და შემდეგ გადავალ გამოცდებზე. მნიშვნელოვანია, სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილებშიც აქცენტი გაკეთდეს შემოქმედებით აზროვნებაზე. ინფორმაციის მიღებას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში განვავითაროთ შემოქმედებითი აზროვნება. ჩვენ, სახელმწიფოს, საზოგადოებას გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები. ყველა სპეციალობაში ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებაზე. ხშირად ვიმეორებ პლუტარქეს გამონათქვამს, რომ „გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო“. სწორედ ეს იქნება ჩვენი დევიზი განათლების ყველა საფეხურზე - სკოლაშიც, პროფესიულ კოლეჯშიც და უმაღლეს საფეხურზეც. გამოცდებიც შესაბამისად უნდა ასახავდეს ამას. ჩვენ ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ გამოცდების ცენტრთან რომ ამ კუთხით წავიყვანოთ გამოცდები. ცხადია, იქ უნდა მოხდეს შემოწმება, რამდენად აქვს მოსწავლეს ინფორმაცია , მაგრამ ასევე აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებითი აზროვნების კუთხით. ცვლილებები გამოცდების კუთხითაც დაგეგმილია და ვმუშაობთ. 

- ხომ არ იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდისა და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების გაერთიანება, რადგან ამაზეც იყო საუბარი?- გაერთიანება არ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ როგორც გითხარით, ორივე ტიპის გამოცდაზე ვმუშაობთ და ცვლილებები სავსებით შესაძლებელია ორივეს შეეხოს. განსაკუთრებით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. თუმცა, გაერთიანება ნამდვილად არ მოხდება. ეს ორი სხვადასხვა რამეა. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით გაიგებთ...

- შეიძლება საერთოდ გაუქმდეს გამოსაშვები გამოცდები?- ვნახავთ. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდების სისტემა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდება და გამოცდა რეალურად შეამოწმებს ცოდნას.

- ტესტების საკითხები შეიცვლება, თუ რას გულისხმობთ ოპტიმიზაციაში? - იქნებ დაგვიკონკრეტოთ. - ვართ მუშაობის პროცესში, ხშირი, ინტენსიური შეხვედრები გვაქვს სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. პროცესი ჯერ დამთავრებული არ არის. როცა დასრულდება, ყველაფერს გაიგებთ. 

- თქვენ რომელი მოდელისკენ იხრებით?- საუკეთესო მოდელისკენ. აუცილებლად იქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამას გაიგებს. მთავარი უკვე გითხარით. აქცენტი გაკეთდება შემოქმედებით აზროვნებაზე. 

- ყველა საგანში დარჩება გამოსაშვები გამოცდები?- ვნახავთ მაგასაც. არსებული სისტემის გაუმჯობესება შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება. ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. 

- შესაძლებელია, წელს უკვე განახლებული ფორმით ჩატარდეს ეს გამოცდები?- შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებით ცვლილებები წელსაც იყოს. 

- რაც შეეხება კიდევ ერთ თემას - დეკემბრის დასაწყისში კათალიკოს პატრიარქმა ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა, რომ არ არის საკმარისი ბავშვებმა სკოლაში ცოდნა მიიღონ, სკოლებში უნდა იყოს რელიგიის ისტორია და სულიერების საკითხები. ხომ არ იგეგმება რელიგიური სწავლების აღდგენა?- მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ. 

- კიდევ ერთი საკითხი, რასაც დღევანდელი სკოლების პრობლემად მშობლები მიიჩნევენ, არის ჰიგიენის საკითხები - თქვენი წინამორბედი აცხადებდა, რომ სკოლის დირექტორებსაც კი გაათავისუფლებდა, თუ ისინი ვერ შეძლებდნენ სკოლებში ამ პრობლემის მოგვარებას. თქვენ რა მექანიზმით ფიქრობთ ამ პრობლემასთან გამკლავებას?- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ნორმა რასაკვირველია, არსებობს. ყველა სკოლაში უბრალოდ უნდა განხორციელდეს. ყველა სკოლას ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება, მაგრამ ვისაც ეხება, ყველა სკოლის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ყურადღებას, რომ მათ ამ მიმართულებით ღონისძიებები გაატარონ და შედეგები დადონ. ამის მონიტორინგსაც განვახორციელებთ. მონიტორინგის სისტემა ახლაც არსებობს, ჩვენ რესურს ცენტრების მეშვეობით სკოლების შემოწმებას ვახდენთ, მაგრამ რამდენად ეფექტურია ეს სისტემა, ამას სკოლის დირექტორებთან შეხევედრისას განვიხილავთ. 

- როდის იწყება ეს შეხვედრები?- პირველი შეხვედრა ჩატარდება მიმდინარე კვირას. 2085 საჯარო სკოლა გვაქვს და ყველა დირექტორს შევხვდებით. შეხვედრები ჯგუფებთან რეგიონებში გვექნება. ვიწყებთ თბილისის და რუსთავის სკოლებით. გარდა ამისა, გეგმები გვაქვს სოფლის სკოლების მიმართულებითაც. გვინდა, რომ სოფლის სკოლები გადაიქცნენ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ცენტრებად. სკოლა იყოს არა მხოლოდ მოსწავლისთვის, არამედ სოფლის მოსახლეობისთვისაც. გაკვეთილების შემდეგ რომ შეეძლოს მოსახლეობას მისვლა, საგნების გავლა, თუ მათ ინტერესი აქვთ. შესაძლოა, ჩატარდეს კულტურული ღონისძიებები - აქეთკენ მივდივართ. დიდი სიხარული და მოწონება დაიმსახურა ამ იდეამ რამდენიმე სოფელში როდესაც გავაჟღერე. ინტერესი გაჩნდა როგორც სკოლის, ასევე საზოგადოების მხრიდანაც. მთელი სოფელი უნდა იყოს ჩართული სკოლის ცხოვრებაში. თუ ვინმეს სურს კომპიუტერის, ინტერნეტის გამოყენების, ისტორიის, უცხო ენის შესწავლა, ამისთვის სკოლა უნდა იყოს მზად. 

- უნივერსიტეტებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებსაც რომ შევეხოთ. პრემიერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებს, რომლებიც ავტორიზაციას ვერ გაივლიან, საქმიანობის უფლება აღარ ექნებათ. არსებული სიტუაციის შეფასებით, უნივერსიტეტების რამდენი პროცენტი შეიძლება დაიხუროს?- ძალიან ბევრი ახალი იდეა გვაქვს უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი ეს არის ხარისხი. უკვე დაწყებულია პროცესი, რომელიც უნივერსიტეტების მონიტორინგს გულისხმობს ავტორიზაციის კუთხით. ორი ტიპის უნივერსიტეტი მინდა გამოვყო, სადაც მონტორინგი ჩატარდა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ უნივერსიტეტს აქვს შანსი სიტუაციის გამოსასწორებლად, მიეცემათ შანსი, რომ მიაღწიონ ამ სტანდარტს და ჩაუტარდებათ განმეორებითი მონიტორინგი. თუ დავინახავთ, რომ უნივერსიტეტს შანსიც არ აქვს სიტუაციის გამოსასწორებლად, მათ ჩამოერთმევათ ავტორიზაცია და შეუჩერდებათ სტუდენტების მიღება. 

- რამდენი ასეთი პრობლემური უნივერსიტეტი გვაქვს?- რიცხვს არ დავასახელებ, პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ გეტყვით, რომ უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება. გვყავს ავტორიზაციის საბჭო, პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული და ეს იქნება ობიექტური შეფასების პროცესი. მაგრამ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა თქვას სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ყველა აბიტურიენტს, მშობლებს, საზოგადოებას, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, სადაც წამყვანი მხარე არის განათლების ხარისხი.

- სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზეც გკითხავთ. ბოლო ინფორმაციით, 205 ათასი სტუდენტიდან 45 181-ს აქვს სტატუსი შეჩერებული, აქედან 15 078-ს ფინანსური პრობლემების გამო. რას გეგმავთ ამ მიმართულებით? და ხომ არ არის ერთ-ერთი პრობლემა სტუდენტური სესხების არარსებობა ქვეყანაში?- რაც შეეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. სხვადასხვა რამ არის მიზეზი სტატუსის შეჩერების. ეს დაკავშირებულია კიდევ უფრო დიდ პრობლემასთან, მათ შორის უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხთან. სახელმწიფო უნივერსიტეტები, ჩემი აზრით, არ უნდა იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების მიერ გადახდილ თანხებზე. ვაუჩერული სისტემა არ ამართლებს. უნივერსიტეტებს არ ყოფნით თანხები განახორციელონ მაგალითად, სამეცნიერო-კვლევითი პროცესი მაღალ დონეზე, აღჭურვონ სამეცნიერო-კვლევითი და კომპიუტერული ლაბორატორიები. ამიტომ უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხში სერიოზული წინსვლა გვაქვს დაგეგმილი. ვმუშაობთ საკმაოდ მჭიდროდ და ინტენსიურად მსოფლიო ბანკთან, რომ გადავიდეთ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელზე. ვიხილავთ რამდენიმე მოდელს. ერთ-ერთი არის საბაზო დაფინანსება, რაც ძალიან შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების განვითარებას, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი კუთხით, ასევე პროგრამულ დაფინანსებასაც ვიხილავთ. მთავარი იდეა, რა მოდელიც არ უნდა შევარჩიოთ არის ის, რომ უნივერსიტეტები სტუდენტის მიერ გადახდილ თანხაზე დამოკიდებული არ უნდა იყვნენ. როცა უკვე მოდელზე შევჯერდებით, მოხდება მისი საერთო სახალხო განხილვა და ამაში ჩართულები იქნებიან უნივერსიტეტებიც, პროფესორ-მასწავლებლებიც. დარწმუნებული ვარ, შევარჩევთ ისეთ მოდელს, რომელიც წაადგება უნივერსიტეტების განვითარებას და მთელი საზოგადოება მოგებული დარჩება. 

- ხომ არ მუშაობთ ასევე სტუდენტებისთვის შეღავათიანი პროცენტით სესხების გაცემის საკითხზე?- სტუდენტური სესხები მთელ მსოფლიოში მიღებულია და ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც გაუმჯობესდება ეს მიდგომა. 

- რაც შეეხება მეცნიერების საკითხს, ამ მიმართულებით რას გეგმავთ?- ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი იქნება მეცნიერებასა და მეცნიერებზე ზრუნვა. რამდენიმე საკითხი მინდა გამოვყო. ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება იქნება პრიორიტეტული. როგორც ჩვენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე რუსთაველის ფონდს გვექნება სპეციალური საგრანტო პროგრამები, რაც უკვე დაგეგმილი გვაქვს, ახალგაზრდა მეცნიერების წასახალისებლად, რამეთუ, ეს არის ჩვენი მეცნიერების ხვალინდელი დღე. უკვე წელსვე, რუსთაველის ფონდს ექნება საგრანტო კონკურსები, როგორც ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით, ასევე გამოყენებითი კვლევების მიმართულებითაც. ადრე იყო მონაცვლეობით. ერთ წელს ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით გაიცემოდა გრანტები, მომდევნო წელს გამოყენებითი კვლევების მიმართულებით. წელს იქნება ორივე ერთად, კონკურსები გამოცხადდება რეგულარულად. სამეცნიერო ტრადიციებით, რითაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში იყო ცნობილი, უნდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი მეცნიერება უმაღლეს დონეზე იყოს. ხარისხს აქაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან გვყავს ბრწყინვალე ახალგაზრდა მეცნიერები. გარდა ამისა, გვყავს უძლიერესი პროფესიონალი, მეცნიერები. ჩვენს ინტელექტუალურ ელიტას თვალის ჩინივით სჭირდება გაფრთხილება. ჩვენი სამინისტრო იზრუნებს ყოველდღიურად იმაზე, რომ ჩვენი მეცნიერება იყოს შესაბამისად დაფასებული და მათი ინტელექტუალური რესურსის გამოყენება მოხდეს. 

თამთა კაკაურიძე
„ინტერპრესნიუსი“

No comments:

Post a Comment