2 თვის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას, პარლამენტის ტრიბუნიდან დეცენტრალიზაციის გეგმაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ხაზია და განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს.
მას შემდეგ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესახებ რამდენიმე შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა. როგორც გამოცემა droa.ge წერს, გამოცემამ მოიპოვა დეცნეტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშავდება.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტით ირკვევა, რომ მას სამინისტროს დაკვეთით, საკონსულტაციო კომპანია PMCG წერს. ამ კომპანიას ალექსი ალექსიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც 2004-2007 წლებში ჯერ ეკონონომიკის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრი იყო.
31-გვერდიანი დოკუმენტიდან სტრატეგიის ნაწილს მხოლოდ 4 გვერდი ეთმობა, დანარჩენი 3 კი შეფასების ინდიკატორები და სამოქმედო გეგმაა, რომელიც, droa.ge-ს ცნობით, დოკუმენტის ამ ვერსიაში არასრულია.
დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლებას რამდენიმე სტრატეგიული მიზანი აქვს: 1. თვითმმართველობის როლის გაზრდა საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში; 2. თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით; 3. სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.
სტრატეგიის შესრულების ეტაპები ორ ნაწილადაა გაყოფილი: 2018-2021 და 2022-2025 წლები. აქვე, მითითებულია, რომ აუცილებელია თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებების დაზუსტება. დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას სკანონმდებლო მექანიზმები, რაც თვითმმართველობას შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენოს ქონება საკუთარი შემოსავლების გენერირებისათვის; უნდა გაიზარდოს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები; სარგებლობის ლიცენზიის მოსაკრებლების ნაწილი თვითმმართველობას უნდა გადაეცეს; უნდა გამარტივდეს დადგენილი ზღვრის ფარგლებში გრანტების მიღებისა და განკარგვის პროცედურები;
მეორე ამოცანად თვითმმართველობის საქმიანობაში ეფექტიანობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადაცემაა მითითებული.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, თუ მარტში სტრატეგია არ დაიდო, 2018, ანუ წლევანდელი სამოქმედო გეგმა ვეღარ დაიწერება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment