საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება „ქალთა მოძრაობის“ განცხადებას, მის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატად ზვიად დევდარიანის დასახელების შესახებ.
როგორც სახალხო დამცველმა კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმები კანდიდატის დამოუკიდებლობა, გამოცდილება, მოტივაცია და პროფესიული კვალიფიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დღესდღეობით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული იყო. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა უფლებების დაცვა, ძალადობის, სექსუალური შევიწროების თუ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლა სახალხო დამცველისთვის იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. გაჟღერებული ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ამ საკითხზე მსჯელობა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით. ბრალდებებში გაჟღერებული ინფორმაციის დადგენამდე დაცული იყოს მხარეთა პირადი ცხოვრების, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლება. სახალხო დამცველი მხარეებს სთავაზობს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები.
აღნიშნული შემთხვევა ცხადყოფს, რომ აუცილებელია არსებობდეს სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა მხარეებს დაეცვათ საკუთარი უფლებები და განმეორებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაცია. ამასთან, სახალხო დამცველის აცხადებს მზადყოფნას, პირადად შეხვდეს მხარეებს და მისი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა.
ქალთა მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კანდიდატს, არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს დირექტორს, ზვიად დევდარიანს ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს და ამის შესახებ სპეციალურ მიმართვას უგზავნის პარლამენტს და სახალხო დამცველს.
ცოტა ხნით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამაც.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment