აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცნობა კომპანია RMG-გან მიიღო, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, გეოლოგიური-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
დღევანდელი მონაცემებით, ნამონასტრალი ფიტარეთის მონასტრის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, რომელიც ტყით დაფარული ქედის თხემზეა განლაგებული. ამ მონასტრის შესახებ ცნობები არ მოიპოვება არც ისტორიულ წყაროებსა და არც სამეცნიერო ლიტერატურაში.
გაირკვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მისი სახელი უცნობი იყო. სპეციალისტების შეფასებით, მონასტერი ძლიერაა დანგრეული, გარშემო მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები. სამშენებლო ნაშთები ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.
სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ მონასტრის უძველესი ნაგებობა VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. 8,40 მ სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ზომის ეკლესია კლდის ნამტვრევი ქვითაა ნაგები. მის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა.
ეკლესიის კედლებში ჩაშენებულია VI საუკუნის ქვაჯვარათა ორნამენტირებული ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანზე ნიამორის რელიეფური გამოსახულებაცაა; კედლებში ასევე ჩადგმულია ბრტყელი ფილები, რომელიც სავარაუდოდ საფლავის ქვებს უნდა წარმოადგენდნენ. მათზე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია გამოკვეთილი.
ეკლესიის კედლებში ჩაშენებულია VI საუკუნის ქვაჯვარათა ორნამენტირებული ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანზე ნიამორის რელიეფური გამოსახულებაცაა; კედლებში ასევე ჩადგმულია ბრტყელი ფილები, რომელიც სავარაუდოდ საფლავის ქვებს უნდა წარმოადგენდნენ. მათზე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია გამოკვეთილი.
ეკლესიის სამხრეთ კედელში გაჭრილ კარს ნათალი ქვის გრძელი არქიტრავი ფარავს. ეკლესია ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული, კედლებს აბოლოებდა ნათალი ქვის კბილანებიანი კარნიზები, რაც შენობის ადრეულობის ერთ-ერთი ნიშანია.
ვინაიდან ნამონასტრალი სამეცნიერო კუთხით სრულიად შეუსწავლელია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უპირველეს ამოცანათა რიგში ახლადგამოვლენილი ნაგებობებისა და მიდამოს არქეოლოგიურ და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას უზრუნველყოფს. სამეცნიერო შესწავლის შემდეგ კი უწყება სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციაზე იზრუნებს. მანამდე კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს გამოვლენილი ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment