„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება განხორციელდა.
კერძოდ, მასში აისახა ინფორმაცია იმ სიახლის შესახებ, რომლის თაობაზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ცენტრი გასცემს ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, გამოცდაში მონაწილე პირმა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში მიიღო თუ არა დადებითი შეფასება“, -ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში. რაც ნიშნავს, რომ ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
გარდა ამისა, ცვლილებას დაექვემდებარა პირველადი ბრძანების მე-16 მუხლიც. კერძოდ, თუკი აქამდე პირის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურებისას მისი ნაშრომი ნული ქულით ფასდებოდა, ახლა ნაშრომი გაუქმებულად ცხადდება. შესაბამისად,
პირის მიერ პროცედურული დარღვევის გასაჩივრების პროცედურა ასე ჩამოყალიბდა:
- გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პირი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო კომისიას.
- პრეტენზიის წარდგენისას პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.
- გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი პირის უფლებების დარღვევას სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა პირის მიმართ გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა პირების მიერ (პირისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
- ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს პირს.
- საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები ;
ა) პირის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის შეფასების გაუქმების თაობაზე;“
ბ) პირის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე/ახალი გამოცდის ჩატარების თაობაზე.
ცნობისთვის, გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მაია მიმინოშვილის თქმით, იმისათვის, რომ მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.
სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment