Pages

Monday, March 19, 2018

საჯარო სკოლებში ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამა დაიწყება

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის მესამე ეტაპს საჯარო სკოლებში იწყებს. 

პროექტში ჩართულები არიან #156 და #31 საჯარო სკოლები. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ერთი მხრივ, უშუალოდ საპილოტე სკოლებში დაინერგება ანტიბულინგური პროგრამა, მეორე მხრივ, კი სრულყოფილად გამოცდილი მეთოდოლოგია მომზადდება მის დასანერგად სხვა საჯარო სკოლებში. მათივე ინფორმაციით, საპილოტე პროგრამა აქამდე მხოლოდ კერძო სკოლებში იყო. 

როგორც „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ანა სუბელიანი აცხადებს, აღნიშნული საპილოტე პროგრამა 2016 წელს დაიწყო. 

„ბულინგის დაძლევისკენ მიმართული პირველი სასკოლო საპილოტე პროგრამა 2016 წელს დაიწყო ჩვენ მიერ. პირველ ეტაპზე მუშაობა დავიწყეთ კერძო სკოლებში იმიტომ, რომ საჯარო სკოლებში არ გვეძლეოდა ამ საქმიანობის განხორციელების შესაძლებობა. ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღეთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური გამოცდილება. საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. პილოტირების ეტაპირების ფარგლებში შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს სასკოლო კულტურის და კლიმატის კვლევის ინსტრუმენტებს, ასევე სახელმძღვანელოებს მასწავლებლებისთვის, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ კონკრეტული საგანმანათლებლო სესიები განახორციელონ როგორც უმცროსკლასელებისთვის, ასევე უფროსკლასელებისთვის“, - განაცხადა ანა სუბელიანმა. 

მისივე თქმით, პროგრამა უნიკალურია იმით, რომ ის მოიცავს მუშაობას სკოლის თითქმის ყველა რგოლთან, როგორც მასწავლებელთან, ასევე მოსწავლეებთან და მშობლებთან. 

ფონდი „ღია საზოგდობა - საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი ჩიტიძის განცხადებით, მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ბულინგი მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემაა. 

„ფონდი აქტიურად უჭერს მხარს არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტს. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ საპილოტე პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ეს არის მესამე, დასკვნითი ეტაპი. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ბულინგის თემატიკა. ჩვენ მაშინვე გადავწყვიტეთ რომ მხარი დაგვეჭირა ე.წ. სტარტპ პროექტისთვის და დღეს ვხედავთ, რომ პრინციპში მთელი საზოგადოება შეთანხმდა იმაზე, რომ ბულინგი არის მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემა. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვაგრძელებთ ამ პროექტის მხარდაჭერას, უკვე საჯარო სკოლებში მოგვეცემა საშუალება, რომ დავნერგოთ ეს“, - განაცხადა გიორგი ჩიტიძემ. 
intellpressnews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment