მოქალაქეები უახლოეს მომავალში ინტერნეტის ხარისხის შემოწმება-კონტროლს შეძლებენ. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულს მოქალაქეები სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მოახერხებენ, რომლის ჩამოტვირთვაც კომისიის ვებ-გვერდიდან იქნება შესაძლებელი.
„კომისია უკვე 10 თვეა მნიშვნელოვან პროცესს ახორციელებს. პროექტი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, ინტერნეტ ხარისხის კონტროლის მექანიზმს ქმნის. ამ პროექტის მეშვეობით, მომხმარებელი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ინტერნეტის ხარისხს. კერძოდ, მას ექნება ინსტრუმენტი, რომლითაც რეგულარულად გაზომავს და შეადარებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს რამდენად აკმაყოფილებს. აპლიკაციის
ჩამოტვირთვა, რომლითაც ინტერნეტის ხარისხს გაზომავენ, კომისიის ვებ-გვერდიდან იქნება შესაძლებელი და მომხმარებელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში თავად შეძლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს“, - განაცხადა ბექაურმა.
ბექაურის განცხადებით, სისტემის ამუშავების შედეგად მომხმარებელს კომისიისთვის საჩივრით მიმართვა აღარ დასჭირდება, რადგან სისტემის დანერგვის შემდეგ, კომისია პროცესს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდება და მომხმარებლების ინტერესები სრულად იქნება დაცული.
„სადაც კომისია აღმოაჩენს, რომ პროვაიდერი აბონენტს უხარისხო ინტერნეტს აწვდის, ოპერატორის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას დაიწყებს. მათ შორის ფინანსურ სანქციებსაც გამოიყენებს. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის ამუშავების შემდეგ, ისე დავალაგებთ ბაზარს, რომ პრაქტიკულად უკმაყოფილო მომხმარებელი აღარ იქნება“, - აღნიშნა ბექაურმა.
bpn.ge
No comments:
Post a Comment