Pages

Tuesday, May 29, 2018

სახალხო დამცველმა „აიისას“ საქმეზე “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შპს „აიისას“ საქმესთან დაკავშირებით “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით მიმართა

სახალხო დამცველი მიმართავს სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის დადგენილებით, პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დაჯარიმდა. პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები მიჩნეულ იქნა არაეთიკურ რეკლამად, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევდა საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფდა რელიგიურ სიმბოლოებს, ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს. რეკლამის წარმოების და მისი გავრცელების წესების დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნობილ პირს სასამართლომ ასევე აუკრძალა პროდუქტზე განთავსებული გარკვეული რეკლამების გავრცელება/განთავსება და დაავალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან. 
წინამდებარე საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უკავშირდება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს. შესაბამისად, მსგავს საქმეებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.
სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმადაც რეკლამაში რელიგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული გამოსახულებების გამოყენების აკრძალვის ან ამისთვის ჯარიმის დაკისრების მართლზომიერებაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია შემოწმდეს, თუ რამდენად აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოყენებული ამგვარი ღონისძიებები დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან, მსგავსი შეფასება არ უნდა ეფუძნებოდეს დეკლარაციულ და ბუნდოვან განცხადებებს, არამედ საფუძვლიანად უნდა დასაბუთდეს”, - აცხადებს სახალხო დამცველი. 

სახალხო დამცველის მითითებით, მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. 

„შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment