Pages

Saturday, June 9, 2018

2018 წლის აღმოჩენა - ანანო ნატროშვილი



"საკუთარ თავზე წერა რთულიაო-ამბობენ, რთული კი არა ყველაზე იოლი რამ არის რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, ბოლოს და ბოლოს შენს თავს შენზე უკეთ არავინ იცნობს, თქვი რაც გინდა, მაგრამ მეორეა, დაგიჯერებენ თუ არა.


 
გამარჯობა, მე ანანო ვარ, 15 წლის ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი იდეებით. მაქვს რწმენა, პასუხისმგებლობის და იუმორის გრძნობა, სიყვარულის უნარი. მიყვარს ჩემიოჯახი და მეგობრები, კითხვა, წერა, ხატვა, მუსიკა და ამაშიც არაჩვეულებრივი არაფერია, მე ხომ ადამიანი ვარ?! სხვა არჩევანიც რომ მქონოდა, მაინც საქართველოში დავიბადებოდი და ვიცხოვრებდი, იმიტომ რომ მართლა ჩემი ქვეყანაა და მიყვარს.
ვცდილობ-ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, არაფერს ვაშავებ და ამიტომ შეცვლას არ ვაპირებ.
ვსწავლობ-ჩვეულებრივად, ჩემს სწავლას არ მივიჩნევ რაიმე განსაკუთრებულად, (შეიძლება გაგიკვირდეთ) რადგან თუ სხვებთან შედარებით უფრო მეტი რამის გაკეთება შეგიძლია, არ ნიშნავს იმას, რომ მაგარი ხარ! 



https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/
 
ფრაზა-რომლითაც გადაწყვეტილებას ვიღებ არის: თუ რეალობას ვერ ცვლი, შეცვალე მისდამი დამოკიდებულება. არ მეშინია სიძნელეების, გამოწვევად ვიღებ.
ვაფასებ-სხვის თავისუფლებას ჩემი თავისუფლების ზღვრამდე და ეს ორმხრივი მგონია. 
ბავშვობაში მინდოდა პეპი ვყოფილიყავი და არასდროს დამვიწყდებოდა წვიმაში ყვავილების მორწყვა, მერე ცისფერყანწელთა ეპოქაში ცხოვრებაზე ვოცნებობდი, როცა „გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო“.
ვიცი-რაღაც შეიცვლება, რაღაც ძველებურად დარჩება.
ხშირად ვფიქრობ-რას გაზაფხულობს ეხლა ბესიკ ხარანაული, რა არგანით იგერიებს ლიშოს წრიატ ნისლებს ივრისგან თავბოლოშექცევით მცინარე, რას დღესასწაულობს ნეტავ? მგონია, რომ არავინაა მასზე ახლოს, როცა არაფრისგან დაღლილი შენს თავში ჩაიძირები.
სამყარო-ისეთი მინდა, როცა პირველად დავინახე და ლამაზი მომეჩვენა.
მინდა-ადამიანმა გაიმარჯვოს ამ სამყაროში, ადამიანმა თავისი უზენაესი სიცოცხლის უფლებით.

P.S. აი ასე „გასრულდა ესე ამბავი“, ასეთი ვარ... რატომ ამირჩიეს? თქვენ მითხარით".

No comments:

Post a Comment