„მე თავი ფულის გამო არ მომიკლავს, თავი ავადმყოფობის გამო მოვიკალი...“ - ასეთია 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მორიგი მსხვერპლია...
„საფლავი უბრალო გამიკეთეთ. ლოცვებში მაინც ვერ მომიხსენიებთ, ამიტომ დაივიწყეთ და ისე იცხოვრეთ, ვითომ არც ვყოფილვარ. თათია მიყვარხარ. მე თავი ფულის გამო არ მომიკლავს, თავი ავადმყოფობის გამო მოვიკალი. რამდენი წელია, ასე ვიტანჯები და თავს ვერ ვანებებ. ასე თუ დავანებებ, ალბათ სხვა გზა არც ვიცი, ყველაფერი ვცადე“ - დაწერა ახალგაზრდამ ცოლთან და ოჯახის წევრებთან გამოსამშვიდობებელ წერილში, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაჩერებულ კუთვნილ ავტომობილში დატოვა, თავად კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - თავი ჩამოიხრჩო.
ფაქტის შესახებ AMBEBI.GE-ს მამა შალვა კეკელიამ უამბო - გარდაცვლილი მამაკაცი მისი მრევლის წევრის მეუღლე იყო, რომლის ვინაობასაც სასულიერო პირი შეგნებულად არ ასახელებს. როგორც მამა შალვა იხსენებს, ახალგაზრდა მამაკაცი აზარტული თამაშებისგან თავის დახსნას მუდმივად ცდილობდა, პროცესი კი დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა უშედეგოდ.
„მისი ოჯახი მოვიდა რომ დავხმარებოდი, ცოლს ძალიან უყვარდა და ეხმარებოდა, ფსიქოლოგთან მისვლაც შესთავაზა, თუმცა უარი უთხრა. ეს ბიჭი ცდილობდა, რომ თამაშისთვის თავი დაენებებინა, მონასტერშიც იყო წასული, თუმცა ვერ შეძლო, აყვა აზარტულ თამაშებს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კაზინოები უკვე ყველგან არის. თავიდან სათამაშო აპარატებით დაიწყო თამაში და შემდეგ ჩაითრია ამ ყველაფერმა, თავს ვეღარ ანებებდა, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეკლამები ყველგან ხვდებოდა, ტელეფონშიც კი ყველგან ამას ხედავდა და მისი მეშვეობითაც შეეძლო, რომ ეთამაშა, იმდენად იყო ჩათრეული, რომ შემოთავაზებებზე უარს ვეღარ ამბობდა.სურვილი ჰქონდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ თავს ვეღარ აღწევდა და ბოლოს წერილშიც დაწერა, რომ ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ, რომ ამას თავს ვერ ვანებებო, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ხედავდა. მას ეშმაკი ეუბნებოდა, ხომ ხედავ, როგორი საშინელება ხარ, მაინც არ სწორდები, მაინც არ იცვლება შენი ცხოვრება და უმჯობესია ყველაზე მარტივი გზა აირჩიო - თავი მოიკალი...“ - უამბო მამა შალვა კეკელიამ AMBEBI.GE-ს.
თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ახალგაზრდას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მაშინ მეუღლემ მიუსწრო და გადაარჩინა. წინა შემთხვევაშიც მან ოჯახთან გამომშვიდობება წერილით სცადა, რომელშიც საყვარელ ადამიანებს ბოდიშს უხდიდა.
„ყველაფერს ვხვდები, ალბათ არ ვარ სიცოცხლის ღირსი, ყველას გიმწარებთ ცხოვრებას, მაგრამ მე მიყვარხართ და ამას შეგნებულად არ ვაკეთებ. მე ავად ვარ. მადლობა, აქამდე თქვენი წყალობით მოვედი და მე ნაგავი ვარ. მაპატიეთ,“ - წერდა ის, თუმცა მაშინ სუიციდის მცდელობა ჩაეშალა და ლუდომანიისგან თავის დასაღწევად თავადვე მოისურვა მონასტერში წასვლა.უმეტესობა ვალების გამო იკლავს თავს. ამ ადამიანს ვალები არ ჰქონია, მოიკლა, იმიტომ რომ ვნებას ვერ გაუმკლავდა. ოჯახი მას რვა დღის განმავლობაში ეძებდა. ოჯახის წევრები ძალიან მძიმედ არიან, დედა-მამა ძალიან განიცდიან ამ ყველაფერს, ამხელა ტკივილი აქვს ოჯახს, საშინლად განიცდიან. როგორც თავად ამბობენ, ძალიან ხალისიანი, თბილი, ყურადღებიანი ბიჭი იყო. მეგობრებიც ასე ახასიათებენ... ჩემთან იყვნენ ოჯახის წევრები მოსულები და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, უმძიმესი მდგომარეობაა“ - აღნიშნა მამა შალვამ.
სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანი ლუდომანიისგან ვერ თავისუფლდება. იმ უმძიმესი პრობლემით, რომელსაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ჰქვია, მასთან უამრავი მიდის, ბევრმა კი წნეხს ვეღარ გაუძლო და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.
„ძალიან მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ აზარტული თამაშები ნარკოტიკზე უფრო მძიმე სენია. ჩემი სამღვდელო გამოცდილებით, ადამიანების აზარტული თამაშებიდან გამოყვანა უფრო რთულია, ვიდრე ნარკოტიკისთვის თავის დანებება. როცა წაგებული აქვთ, ფიქრობენ, რომ შემდეგ მოიგებენ და თამაშს აგრძელებენ, თუ მოიგებ, კიდევ უფრო მეტი ცდუნებაა, გგონია, რომ ძალიან მარტივად შეგიძლია, დიდი ფული იშოვნო. ძალიან ბევრი ამ საცდურიდან ვერ გამოდის და ვერ ანებებს თავს, ამიტომ აზარტული თამაშების საწინააღმდეგოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს,“ - აღნიშნა მამა შალვამ.
როგორც თავად იხსენებს, მისი ცხრაწლიანი სასულიერო მოღვაწეობის პერიოდში დაახლოებით 100 შემთხვევა მაინც მომხდარა, როდესაც აზარტული თამაშების გამო ადამიანებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, რადგან ფინანსურ და ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუმკლავდნენ... ბევრმა მათგანმა კი ეს დამღუპველი სენი დაძლია და საკუთარ თავს ახლაც მუდმივად აკონტროლებს.
„მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც სახურავიდან გადმოხტა, თავი მოიკლა აზარტული თამაშის გამო. ჩემი მრევლის იმ ნაწილს, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობდა, უთქვამს, კაზინოები რომ ქალაქიდან ცოტა შორს რომ ყოფილიყო, შეიძლება, აღარ წასულიყვნენ. როგორც ვიცი, ამერიკის ბევრ შტატში კაზინოები საერთოდ აკრძალულია, ევროპის ქალაქებშიც ვერ შეამჩნევ, რეკლამა ისეთი მცირე დოზითაა. მაგალითად, ფინეთში, ჰელსინკში ერთი კაზინოა, რომელი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რეკლამა არ აქვს და ვერ შეამჩნევ, თუ რა ობიექტია გახსნილი. ადამიანების წაგებული თანხები კი ქველმოქმედებას ხმარდება.
ჩვენთან კი საპატრიარქოს გვერდით ამხელა კაზინოა და არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში მიმავალ გზაზე, ბილბორდებზე კაზინოს რეკლამა ყველგან გამოკრულია. ეს ძალიან დიდი ცდუნებაა, რადგან თუ აზარტული მოთამაშე ხარ, ვერაფრით ვერ იტყვი უარს. თუნდაც ნარკოდამოკიდებულს, რომელსაც თავის დანებება სურს, ყოველდღე წინ ნარკოტიკი რომ დაუდო, ის ხომ ამ მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს?! ზუსტად იგივეა აზარტულ თამაშებზე. აზარტული მოთამაშე ვერ შეჩერდება, თუ მას სულ თვალწინ ექნება ეს ყოველივე“ - განმარტავს მამა შალვა კეკელია.
მისი რჩევით, ვისაც სურს, რომ მისმა ახლობელმა, მეგობარმა, ოჯახის წევრმა აზარტულ თამაშებზე უარი თქვას, ამისთვის გვერდით უნდა დაუდგეს, მხარი დაუჭიროს, რადგან ამ დროს ადამიანის მარტო დატოვება და მასთან კონფლიქტი, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ambebi.ge
No comments:
Post a Comment